პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცერებრული დამბლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

6 ოქტომბერს მსოფლიოს 75 ქვეყანაზე მეტი ცერებრული დამბლის დღეს აღნიშნავს, კამპანიის „მოსმენის და გაზიარების გლობალური 24 საათის“ ფარგლებში, საქართველოს ეძლევა საშუალება 1 საათის განმავლობაში ისაუბროს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე.

წელს პირველად ეს დღე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღინიშნა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია სულავამ აღნიშნა, დღევანდელი დღე ჩვენ გვახსენებს, რომ მსოფლიოში საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით ცერებრული დამბლის მქონე 17 მილიონზე მეტი პირი ცხოვრობს, ცერებრალური დამბლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ერთ – ერთი მთავარი მიზანია უფრო ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობა, ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება კამპანიას და გამოხატავს მზაობას კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობისთვის.

შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის, სიმონ პეტრიდისის განცხადებით, დღევანდელი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და იმ ინოვაციური მიდგომების ძიებას, რომელიც ხელს შეუწყობს ცერებრული დამბლის მქონე პირების საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას, როგორ დღევანდელი დღისადმი მიძღვნილ სლოგანშია ნათქვამი „ერთად ჩვენ უამრავი რამის კეთება შეგვიძლია“ სწორედ ამიტომ დღეიდან აღნიშნულ თემაზე სამუშაო ჯგუფს შევქმნით და რადგან ამ დღის აღნიშვნა მსოფლიოში დაიწყო კამპანიით „შეცვალე ჩემი ცხოვრება ერთ წუთში“ ყველას, მათ შორის, რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში.

თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სახელზე ფოსტით, ან მეილზე: info@president.gov.ge