პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს, 13 ნოემბერს მცირე მხედველთა და უსინათლოთა საჭიროებების შესახსენებლად უსინათლოთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უსინათლოთა და მცირე მხედველთა პრობლემებზე და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ ადმინისტრაციაში მოწვეულ სტუმრებს დღევანდელი დღე მიულოცა  და უსინათლოთა კავშირს საჩუქრად ორი პერსონალური კომპიუტერი გადასცა.

როგორც მან აღნიშნა კავშირის ხელმძღვანელის არჩევნებში ქალი კანდიდატის გამარჯვება მისასალმებელი ფაქტია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ქალების ჩართულობას. 

შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა სიმონ პეტრიდისმა ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, კავშირთან ერთად განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე, ამასთან აღნიშნა, რომ უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინკლუზიური ხელოვნების განვითარების პროცესში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა უსინათლოთა საჭიროებების სწორი იდენტიფიცირებისთვის და არსებული რესურსების რაციონალურად გამოყენებით შესაძლებელია ოპტიმალური შედეგის მიღწევა.

თავის მხრივ, უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელმა სოფო ხუციშვილმა იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც უსინათლოთა თემი დგას, რასაც დასაქმების პროცესში აწყდებიან და რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვნად წაწევდა წინ საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  კავშირსა და მოწვეულ სტუმრებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ,,საქართველოს კონსტიტუცია“ გადასცა.