საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე პრეზიდენტმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვენაში ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოსა და  ავსტრიის პრეზიდენტებმა გახსნეს და ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს სიტყვით მიმართეს.  

ბიზნესფორუმში მონაწილეობდა 50-მდე ავსტრიული კომპანია, რომლებიც წარმოების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგო და საკონსულტაციო სექტორებს წარმოადგენენ. 

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა პანდემიამ თავისი კვალი დაატყო. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ არათუ იგივე ნიშნულს დაუბრუნდება, არამედ ურო გაძლიერდება და გაღრმავდება.  

პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის, მისი საინვესტიციო პოტენციალის,  ქვეყანაში არსებული საგადასახადო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ. 

მან ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პოტენციალის სრული ათვისების მნიშვნელობას, რისთვისაც საჭიროა ევროპული ბიზნესის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ინოვაციების ხელშეწყობა და განვითარება. 

პრეზიდენტმა ისაუბრა შავი ზღვის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის ათვისებაზე. 

პრეზიდენტმა სამთო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ბალნეოლოგიური საკურორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განვითარებაზე ისაუბრა.

ბიზნესფორუმზე ქართული კომპანიების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გააკეთა და საქართველოს ბიზნესგარემოზე იუსაუბრა.