საქართველოს პრეზიდენტი: ოკუპაციამ ვერცერთი დღით ვერ გადაახვევინა საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან - ჩვენ ამ გზაზე სვლას განვაგრძობთ!

ბატონო პრეზიდენტო, მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ.

ეს გახლავთ ისტორიული ვიზიტი, პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოს და მონტენეგროს შორის დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე.

თქვენი ვიზიტი შარშან ზაფხულში იგეგმებოდა, მაგრამ, როგორც ვიცით, გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, იძულებულები გავხდით გადაგვედო და მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ ვიზიტის ორგანიზება.

მინდა ასევე გამოვთქვა იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და სოლიდარობით, პანდემიის სწრაფად დამარცხებას შევძლებთ და დავუბრუნდებით ურთიერთობების ჩვეულ ფორმატს, რომელიც ჩვენთვის, შედარებით პატარა ქვეყნებისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის და ჩვენ ეს დიპლომატიური აქტივობა ძალიან გვჭირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ამის საწყისია.

თქვენი ვიზიტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული და ევროპული განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა, რადგან, 2 ოქტომბერს ჩავატარეთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პირველი ტური და ახლა ვემზადებით მეორე ტურისთვის და პირადად მე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩატარდება მშვიდობიანად, ღიად და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი სტაბილურობისა და დემოკრატიის გამყარებისთვის.

პრეზიდენტ ჯუკანოვიჩთან ერთად, განვიხილეთ საქართველოს და მონტენეგროს გეოპოლიტიკური სიტუაცია. პრეზიდენტს ავუხსენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რომელიც იმ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობისათვის ყოველდღიურ წნეხს წარმოადგენს, თუმცა, ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას - ევროინტეგრაციის გზას. ამან არცერთი დღით არ გადაგვახვევინა ამ გზიდან, არ შეგვაცვლევინა მყარი პოზიციები და არც მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა ამ გზის მიმართ, რაც ამ კუთხით ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა.

ამ გზაზე ჩვენ ძალიან გვჭირდება ყველა პარტნიორის პოლიტიკური მხარდაჭერა და  ამავდროულად გამოცდილების გაზიარება. ამ კუთხით მონტენეგრო  ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რამეთუ მან 2017 წელს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში გაწევრიანება შეძლო და  ის, თავის ევროპულ გზაზე ჩვენთან შედარებით წინაა წასული, რადგან გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, რაც ვიტყოდი, რომ ჩვენი ოცნებაა.

საინტერესო იქნება, მათი გამოცდილების გაზიარება დღეს, როცა ჩვენ 2024 წლისთვის  და ჩვენი კანდიდატურის განცხადებისთვის ვემზადებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს და ახლა მივიღოთ სწორედ ეს კონკრეტული გამოცდილების გაზიარება, რათა გადავდგათ იმ მიზნამდე მისასვლელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ერთობლივი და დიდი ეროვნული მიზანია. 

შეხვედრისას გავაანალიზეთ ჩვენი ქვეყნების გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ბევრი კუთხით შეიძლება ძალიან განსხვავებული ჩანდეს, რეალურად კი, ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ ბალკანეთში, ასევე კავკასიაში უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მაღალი დონის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზის დაძლევაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ, ახლო მომავლისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ რეგიონებს, რომლებიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ვერ წარმოიშობა  ევროკავშირის სერიოზული საგრეო პოლიტიკა თუ ასევე, არ იქნება გათვალისწინებული ევროკავშირის პოზიცია ამ ორ რეგიონთან მიმართებაში, თუ რა უნდა იყოს ეს პოზიცია და როგორი უნდა იყოს დაცული.

განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხები - ეს იქნება საპარლამენტო თუ პოლიტიკური კონსულტაციების დონეზე: ეკონომიკური,  ტურიზმისა და კულტურული კუთხით, რამეთუ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც ჩვენს ურთიერთობას რეალურ და კონკრეტულ სახეს მისცემს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის რეალური დამეგობრებისათვის.

ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ ძალიან წარმატებულ ვიზიტს და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ჯერზე მომეცემა საშუალება საქართველოს სხვა რეგიონებიც გაგაცნოთ." - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მონტენეგროს პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალ საფეხურზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღრმავდეს, აქტივობები, რაც განხორციელდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციებს, მონტენეგრო საქართველოს ძალიან აქტიურად უდგას მხარში. საქართველო მონტენეგროსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია როდესაც ვსაუბრობთ ნატო-ს ოპერაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო სხვადასხვა ნაწილებში მშვიდობა აღდგეს. ჩვენ მსგავსი ღირებულებები გვაქვს. საქართველოში ვიზიტის ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მეგობრობა უფრო გაღმავებულიყო, გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა თქვენი შიდა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებას აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. ასევე პოლიტიკურ სიტუაციას თქვენს რეგიონში. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელვანია თქვენი სულისკვეთება და ძალისხმევა, რასაც გაიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია, თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოს ნაბიჯებს ამ პოლიტიკურად ძალიან რთულ რეგიონში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას სტაბილურობის მიღწევისკენ.

ასევე, მონტენეგრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებს და მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ აქტიურად გიჭერთ მხარს თქვენ და თქვენს არჩევანს.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობა გავაუმჯობესოთ და შევქმანთ ისეთი პირობები, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს, რომ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს გააცნონ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და გვსურს, ეს მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ვეწვიე. საქართველოს საუკეთესო სურვილებს ვუსურვებ. დიდი იმედი მაქვს, თქვენი სტრატეგიული მიზნები განხორციელდება და მომავალში ყველა მიზანს მიაღწევთ. - განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა.