საქართველოს პრეზიდენტი ,,ევრობასკეტ 2022“-სთვის საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტმა „ევრობასკეტ 2022’’-სთვის თბილისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების მშენებარე საკალათბურთო დარბაზი დაათვალიერა, რომელიც 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

დარბაზის მშენებლობის პროცესი საქართველოს პრეზიდენტს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა გააცნეს. 

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ერთობლივი კოორდინირებული თანამშრომლობით, საქართველომ მომდევნო ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება მოიპოვა და „ევრობასკეტ 2022“-სთვის საქართველოში შენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე  და უახლესი ინვენტარით აღჭურვილი საკალათბურთო დარბაზი, რომელიც 10 000-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.

დარბაზის მშენებლობას მონიტორინგს უწევს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA). 2021 წლის დეკემბერში, საქარველოში ჩატარდება FIBA-ს ბორდის, აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, რომლის წევრები უკვე საბოლოოდ  შეაფასებენ ევრობასკეტისთვის ახალაშენებულ დარბაზს. 

2022 წლის თებერვლიდან ახალ დარბაზში დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისა და ევრობასკეტის ჩატარება.