საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, მსოფლიოში მოღვაწე წარმატებული ქართველები რაიმე ფორმით ჩაერთონ ქვეყნის განვითარების საქმეში, ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ

ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, მსოფლიოში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქართველები რაიმე ფორმით ჩაერთონ ქვეყნის განვითარების საქმეში,  ვენაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები გამოეხმაურნენ. 

ქართველმა მუსიკოსებმა ქეთევან სეფაშვილმა და თემო ხარშილაძემ თბილისის სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედს'' საჩუქრად გამოუგზავნეს იშვიათი გამოცემის ნოტები (უძველესი ხელნაწერი). საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში ვლადიმერ ონოფრიშვილმა კი, მათი საჩუქრები  თბილისის ნიჭიერთა ათწლედს გადასცა.

ქართველმა მუსიკოსებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომპაქტდისკები გამოუგზავნეს, რომელზეც ჩაწერილია მათივე შესრულებით გია ყანჩელის მუსიკა.  

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დისკებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით საჩუქრად გადასცემს საქართველოში ვიზიტით მყოფ მაღალი დონის სტუმრებს.