საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მინდა მადლობა მოგახსენოთ, რომ არ დაგავიწყდათ ამ დღის დაარსების მიზეზის აღნიშვნა. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ დღეს გვემსახურება ძლიერი დიპლომატია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და იყო ჩვენი ქვეყნისთვის. არსებითად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის, რომ 300 წლის წინ, სულხან-საბა ორბელიანი უკვე დიპლომატიურად აქტიური ყოფილიყო, იმის მიუხედავად, მივაღწიეთ, თუ არ მივაღწიეთ იმ გეგმებისა და ამბიციების განხორციელებასა და გაცხადებულ მიზანს, თუმცა გაცხადება არ არის საკმარისი, მას განხორციელება სჭირდება, მაგრამ ეს იმ გზის დასაწყისი იყო, რომელზეც დღეს ვდგავართ ბევრად უფრო აქტიურად, სულ სხვა მდგომარეობაში.

დღეს ჩვენ უკვე იმ ევროპის ასოცირებული ქვეყანა ვართ, რომელზეც ოცნებობდა სულხან-საბა ორბელიანი და მის შემდეგ ძალიან ბევრი დიდი ქართველი. ეს ყველას ღვაწლის შედეგია. ჩვენ აქ ვახსენეთ პირველი რესპუბლიკა, პირველი ელჩები, რომლებიც ბევრად უფრო რთულ პირობებში იბრძოდნენ იმავე მიზნისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყოფილიყო აღიარებული როგორც მათი ერთ-ერთი ნაწილი, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება იყოს სრულიად დამოუკიდებელი, და დღესაც გვაქვს ეს გამოწვევა, დღესაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა და სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს კიდევ უნდა ვამტკიცებდეთ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი და რომ არავინ არ უნდა წყვეტდეს ჩვენს მაგივრად რა არის ჩვენი გზა, რა არის ჩვენი ორიენტაცია.

ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომლის ირგვლივაც ჩვენ ყველანი ვერთიანდებით, თუმცა ზოგჯერ  რატომღაც გვავიწყდება, რომ ამ გაჩაღებული პოლარიზაციის პირობებში, ჩვენი საზოგადოება გაერთიანებულია ამ საკითხის ირგვლივ.

ალბათ, დღევანდელ დღეს ჩვენი დიპლომატიის მთავარი მიზანი და მისი მთავარი ვალდებულებაა ამ მიზანთან რაც შეიძლება ჩქარა და  ეფექტურად მიგვიყვანოს და ყველა ღონისძიება ამისაკენ იყოს მიმართული. დარწმუნებული ვარ, რომ სადაც არ უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენი დიპლომატი, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიაროთ, რაც შეიძლება სწრაფად და რაც მთავარია, რაც შეიძლება ეფექტურად. ასევე, მათი მეორე გამოწვევა ჩვენი ძალიან მტკივნეული ოკუპაციის საკითხია.

სწორედ, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ელჩები არიან ისინი, ვინც მსოფლიოს ეუბნებიან, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით! მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო მათი უფრო აქტიურად ჩარევისა (ჟენევა ერთი ადგილია), რომ ერთ დღეს დეოკუპაცია მათ ხელში იქნება და წარმატებულად წარმართავენ ამ საკითხსაც. მაგრამ, დღეს მთავარია, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით და ყველა ჩვენმა პარტნიორმა, თუ არაპარტნიორმა, ყველამ იცოდეს: ეს არის, კიდევ ერთხელ, ერთიანი საქართველოს ხმა და ეს ხმა ყველგან ისმოდეს!

ბევრია ახალი გამოწვევებიც: რიცხობრივად გაიზარდა ჩვენი დიასპორა, მასთან ურთიერთობის შენარჩუნება, რათა ის დაკავშირებული იყოს ქვეყანასთან და ერთად ვმუშაობდეთ ყველა მიმართულებით,  ესეც არის ის ერთ-ერთი საკითხი, რაც ჩვენს საელჩოებს, ელჩებსა და დიპლომატიას ევალება.

ცხადია, არის სხვა გამოწვევებიც, მათ შორის გლობალური გამოწვევები. პანდემიისას ჩვენ ვნახეთ რამდენად ჩართულნი იყვნენ ჩვენი საელჩოები სხვადასხვა მიმართულებით - ტესტებისა, თუ ვაქცინების ასევე, ჩვენი დიასპორის დაბრუნების საკითხში - ანუ, ძალიან უცებ ბევრი ახალი პრობლემა შეიქმნა და ისინი ცდილობდნენ დაეძლიათ ეს ახალი პრობლემები.

ეკონომიკა ჩვენს დიდ გამოწვევად რჩება. ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვაც მათი მისიაა. მათი მისიაა ასევე, საქართველოს კულტურის: ჩვენი ენის, იდენტობის, ჩვენი ისტორიის, თვითმყოფადობის გარეთ  გატანა, რათა ყველამ გაიგოს, რომ საქართველო არ არის სადღაც დაკარგული, ერთი, პატარა ქვეყანა, არამედ არის ქვეყანა ძველი ცივილიზაციითა და თავისი როლის ძალიან სწორი გაგებით - თუ რას წარმოადგენს მსოფლიოსთვის და რომ მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში.

ასე რომ, დღეს ჩვენ დიპლომატიას აქვს საბრძოლველი, დიახ, ეს ბრძოლაა და წინა ხაზზე დიპლომატია დგას. ისინი უნდა იყვნენ ტექნიკოსებიც,  ეკონომისტებიც, კულტურის მატარებლებიც, ისტორიკოსებიც, ენის მცოდნენიც და ასე შემდეგ. ეს მრავალფეროვნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ჩვენი დიპლომატებისგან. მინდა ეს სიტყვები წავართვა პოეტს - ,,ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“ - მე კიდევ უფრო ლამაზი და ეფექტური დიპლომატია მინდა, რადგან კიდევ ბევრი საქმეა, რომელსაც მეტი რესურსი სჭირდება, ბატონო პრემიერო.

დღეს არის სოციალური სივრცე - ინტერნეტი, სადაც ჩვენ დასაცავი გვაქვს ყველაფერი, ისტორია, კულტურა, ენა და პოლიტიკა, რადგან იქ ყველა ავრცელებს ჩვენს შესახებ ინფორმაციას და თუნდაც, დღევანდელი ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება და ვის, თუ არა ადგილზე მყოფ ჩვენს დიპლომატებს შეუძლიათ მასზე სწრაფი პასუხის გაცემა. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი, (ამას ვიმეორებ, ბევრი წელია მე მგონი) მეტი საელჩო, რადგან ეს არის ინსტრუმენტი პატარა ქვეყნისთვის. თუ შენ არ გაქვს სივრცე, სადაც შეგიძლია მიიღო შენი კოლეგები, სადაც შეგიძლია ჩვენი კულტურა წარადგინო, და სადაც შეიძლება თავი მოუყარო დიასპორას, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის კეთება.

ბატონო მინისტრო, ჩვენ გვჭირდება მეტი დიპლომატები, რომ სამინისტრო უფრო ღია იყოს ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც საზღვარგარეთ სწავლობს, ვისაც ჩვენ ვაგზავნით საზღვარგარეთ ჩვენი ხარჯებით, სამინისტრო ძალიან ფართოდ უნდა იყოს ღია, რომ ამ ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, ჩადგნენ თავიანთი ქვეყნის სამსახურში, რაც ბევრი მათგანის ძალიან დიდი სურვილია. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ყველას ერთად.

არის კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მაწუხებს. ბევრი რამ იწერება საქართველოზე, ვიცით რომ ამაზე სხვადასხვა კუთხით ძალიან ბევრი ძალები მუშაობენ. მე მგონი, ელჩები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ, თუმცა შესაძლოა, პოლიტიკურად ბევრ საკითხს ვერ უპასუხონ, რადგან ეს მათი საქმე არ არის, ისინი უნდა იყვნენ ერთიანი საქართველოს წარმომადგენლები და არა რომელიმე პარტიისა, თუ მხარის, მაგრამ, როცა იწერება სიცრუე, გვევალება დაზუსტება, პასუხი და უფრო სწრაფი რეაგირება, რადგან ჩვენთვის დიპლომატია გადარჩენის ფორმაა. სხვა, დიდი ქვეყნებისთვის დიპლომატია ალბათ, რაღაც უფრო ,,ლუქსის“ ნაწილია და ისინი ნაკლებად არიან ბოლომდე დამოკიდებულნი ამ ერთ ინსტრუმენტზე, ჩვენ კი, პრაქტიკულად ძალიან დამოკიდებულნი ვართ მასზე და ყველაფერი ამ ხალხზე გადის.

ასე რომ, მე მინდა, დღეს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღე. თქვენ და ჩვენს ელჩებს, მათ, ვინც  დღეს საზღვარგარეთიდან დისტანციურად გვისმენს, გისურვოთ წარმატება და გამძლეობა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი და საზოგადოების სახელით, დღევანდელ დღეს, ამ ძალიან რთულ და ძალიან დაძაბულ მსოფლიოში თქვენი მისიის განხორციელებისთვის.