საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

100 წლის შემდეგ, სახელმწიფოს პირველი მეთაური და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც სტუმრობს ავსტრიას [ოფიციალური ვიზიტით] და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერა და ყველაფრის მიუხედავად, მგონია, სწორედ სიმბოლურია, რომ ეს ვიზიტი მაინც შედგა, შედგა იმ მომენტში, როცა გარკვეული სირთულეებია პოლიტიკურ სფეროში, სადაც გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სწორედ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში, იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა.

ჩვენთან იგივე სიტუაცია არ არის, მაგრამ ამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისვის იბრძვის და ეს ალბათ, ჩვენი საერთო მოვალეობა. 

ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა სწორედ ამ წელს, როცა აღვნიშნავთ  საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და თუნდაც იმას, რომ ავსტრიაში პირველი ნობელის პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება სწორედ მშვიდობაზე იყო ორიენტირებული, რაც მისი ცხოვრების მრწამსს წარმოადგენდა და ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ მისი სახელობის მარკა გამოუშვა.  ჩვენ ეს მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი გვაერთიანებს.

მომავალ წელს ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს 30 წელის უსრულდება. გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები, რომ ჩვენ ეს ისე აღვნიშნოთ, როგორც ეკადრება ჩვენს ორივე ქვეყანას.

პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რომელიც ავსტრიამ საქართველოს მიმართ  გამოხატა მთელი ამ წლების განმავლობაში. ერთი მხრივ, სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმ ქვეყნისგან რომელმაც თვითონ განიცადა თავის დროზე ოკუპაცია. ჩვენთვის ისიც იმედის მომცემია, რომ ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში იყო და გადალახა, დღეს ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორია ევროკავშირში. ეს ნიშნავს, იმას, რომ წინ  ძალიან ბევრი შესაძლებლობა და რაც მთავარია -  იმედია.

ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ სოლიდარობის ნიშნად, ამ პანდემიის დროს ავსტრიამ ხელი გამოგვიწოდა და ვაქცინები  გვაჩუქა. ამ ჩვენმა პატარა ქვეყანამ  ევროკავშირიდან ნიშანი მოგვცა, რომ ამ ძალიან რთულ პერიოდში,  ჩვენ მარტო არ ვართ,  რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის გადალახული და ალბათ, რაღაც ფორმით უნდა ვისწავლოთ ამ პანდემიასთან ცხოვრება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ასევე, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება  - ეს არის მოქალაქის ვალი!

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ქვეყნის სოლიდარობა გამოხატულია ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ავსტრიის მონაწილეობით. მისიაში ავსტრია დღეს ხუთი წევრითაა წარმოდგენილი და  ესეც იმის ნიშანია, რომ თქვენ ამ სადელიმიტაციო ხაზზეც ჩვენი დიდი იმედი ხართ.

ჩემს ყოველ შეხვედრაზე აღვნიშნავ, რომ აუცილებელია, სადამკვირვებლო მისიის მანდატმა, როგორც ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, შეძლოს და დაფაროს მთლიანად ის ტერიტორიები, რისთვისაც თავის დროზე იყო შექმნილი და ამით, ალბათ, გადაიდგმება პირველი ნაბიჯები დეესკალაციის მიმართულებით.

ამ ორ, შედარებით პატარა, მთიან, ძალიან საინტერესო ქვეყანას ბევრი საერთო გვაქვს. საერთო გვაქვს ისიც, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარება დიდადაა დამოკიდებული ერთი მხრივ, ტურიზმზე, მეორე მხრივ, ეკონომიკურ წინსვლაზე ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებში და ამ ორივე დარგში ჩვენ ვხედავთ, რომ ავსტრიას და საქართველოს შორის თანამშრომლობა იყო, არის, გრძელდება და ვითარდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ავსტრიის განვითარების სააგენტოს როლი, რომელიც საქართველოში დიდი ხანია უკვე მუშაობს და ძალიან ბევრი პროექტი აქვს წამოწყებული ყველა იმ დარგში და იმ მიმართულებით, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ეკონომიკური ურთიერთობები გრძელდება, ვითარდება ენერგეტიკის სფეროში, რომელიც დღევანდელ დღეს ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ბევრი ავსტრიული კომპანია მოღვაწეობს საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. პროფესიული განათლებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა გვაქვს და ამ კუთხითაც ვაპირებთ ამ მიმართულების გაღრმავებას.

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან საუბრებისას მრავალჯერ შევეხე, ეს არის სტუდენტების სწავლის საფასურისა და გადასახადის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც დამოკიდებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და არა ინსტიტუციურად ევროკავშირზე, მასზე დამოკიდებულია პოლიტიკის შემუშავება, წევრ ქვეყნებზე კი, გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველასათვის, მათ შორის ავსტრიაში  მყოფი დაახლოებით, 2000-მდე სტუდენტისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ მათ დაუწესდეთ იგივე საფასური, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებს აქვთ. ეს მნიშვნელოვანია, ასევე სიმბოლურადაც. საქართველოსათვის, როგორც ასოცირებული ქვეყნისათვის, რომელიც ამ ფორმით კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ჩვენს ორ ქვეყანას შორის რეგიონთაშორის თანამშრომლობა. თქვენ ახსენეთ, რომ 40 წელია უკვე ინსბურგს და თბილისს შორის არსებობს დამეგობრების შეთანხმება. წელს ინსბურგში საქართველომ დანიშნა საპატიო კონსული და ეს კიდევ უფრო განავითარებს ამ ორი ქალაქის ურთიერთობებს.  ახლა ხელი მოეწერა ტიროლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონს შორის მემორანდუმს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც ავსტრიას აქვს სწორედ ტურიზმის, სამთო სპორტისა და კურორტების კუთხით, ამ რთულ პირობებსა და კლიმატური ცვლილებების ფონზე.

კულტურის დარგი არანაკლებად მნიშვნელოვანი დარგია ჩვენთვის, რადგან პრაქტიკულად ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია და ასეც უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს იდენტობა ამაზე დგას და გარეთ ჩვენი წარმოდგენაც ასევე ძალიან დიდწილად კულტურასთანაა დაკავშირებული და საჭიროა, რომ ჩვენ უფრო კარგად გავაცნოთ ჩვენი თავი, როგორც ევროპული და ქართული კულტურის მქონე ქვეყანა. ეს შეზავება ალბათ, ყველაზე უფრო საინტერესოა და მე მინდა, შემოგთავაზოთ, რომ რადგან მომავალ წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება, მოგიწვიოთ საქართველოში და საქართველოსა და ავსტრიაში ჩავატაროთ კულტურის დღეები. ეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების საშუალება იქნება. ბატონო პრეზიდენტო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მასპინძლობისთვის და გელით საქართველოში.

ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი:

ავსტრიასა და საქართველოს ახლოს მეგობრული ასევე, ძალიან მჭიდრო ეკონომიკური კულტურული და ადამიანური ურთიერთობები აკავშირებს. დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ დროს ხდება - 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აღიარა ავსტრიამ და მომავალ წელს 30 წლის იუბილე გვექნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საქართველოსა და ავსტრიას შორის. ავსტრიას და საქართველოს უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით ჩანდეს, პირველ რიგში, მთები, როგორც ტიროლელი ვიტყვი ამას.

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურიზმის მდგრადი განვითარება. მთელი ევროკავშირი ამ მიმართულებით მიდის და საქართველოც ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანა იქნება ავსტრიის ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის. კოვიდის პანდემიის მძიმე დროს ჩვენ ვაგრძელებდით ურთიერთობას, ავსტრია ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს გადასცა ვაქცინები უსასყიდლოდ.

პანდემიის შემდეგ, საქართველომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღმასვლა და 2021 წლის პირველ ნახევარში 12%-იანი ზრდა აჩვენა. ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს საქართველოში ავსტრიული ფირმებისთვის, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის თვალსაზრისით, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის დარგებში. იმისთვის, რომ ჩვენ განვავრცოთ ურთიერთობები ამ სფეროებში, დღეს ეკონომიკურ ფორუმში ქართულ და გერმანულ ფირმებს შორის მივიღებთ მონაწილეობას. ორმხრივი კომისიის სხდომა ეკონომიკის სამინისტროების, ასევე, დღეს შედგება, სალომე ზურაბიშვილის ვენაში ვიზიტის ფარგლებში.

სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოსა და ავსტრიას საუნივერსიტეტო თანამშრომლობა და რეგიონული თანამშრომლობაც აკავშირებთ, ასევე, ლოკალურ დონეზე თანამშრომლობაც. ამ სფეროებშიც ჩვენ გვექნება წინსვლა და განვითარება. ასეთი თანამშრომლობები ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, კულტურულ და საუნივერსიტეტო სფეროში. როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა.