მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულება
N 120    2014  წლის     27  მარტი     ქ. თბილისი
 
შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების უზრუნველ-საყოფად, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული  შეწყალების  წესი.
მუხლი 2. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულება.
მუხლი 3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც შეწყალების თხოვნასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაწევაზე უარი ეთქვათ შეწყალების საკითხთა კომისიის 2013 წლის 20 ოქტომბრის, 2013 წლის 13 დეკემბრისა და 2014 წლის 15 იანვრის სხდომებზე განხილვის შედეგად. ასეთი პირების შეწყალების საქმეები განიხილება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირობას.
მუხლი 4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.



 
                                        გიორგი მარგველაშვილი
 
 
დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის
2014 წლის     27  მარტის
N 120       ბრძანებულებით
 

შეწყალების წესი

 
          მუხლი 1.
1. შეწყალების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს მსჯავრდებულისა და იმ სასჯელმოხდილი პირის შეწყალების წესს, რომელმაც მოიხადა სასჯელი და არა აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. 
2. შეწყალების თხოვნის განხილვისა და მსჯავრდებულის შეწყალების, ასევე სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის რეკომენდაციის წარდგენის მიზნით იქმნება შეწყალების საკითხთა კომისია (შემდგომში - კომისია). კომისია უფლებამოსილია განიხილოს იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე, რომელიც სასჯელს იხდის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით და სასჯელის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად. კომისია ასევე უფლებამოსილია განიხილოს სასჯელმოხდილი პირის შეწყალების საკითხი მისთვის ნასამართლობის მოხსნის მიზნით.
3. კომისიის შემადგენლობა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე, განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სახალხო დამცველი და სხვა წევრები.
4. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მდივანს.
5. კომისიის სხდომა მოიწვევა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ან/და რეზოლუციით. კომისიის წევრებს დღის წესრიგი ეგზავნებათ კომისიის სხდომის მოწვევამდე, სულ ცოტა, 3 სამუშაო დღით ადრე.
6. გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისა და მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც. მიღებულად ჩაითვლება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირა კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
7. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად კომისია უფლებამოსილია, თუ კომისიის სხდომას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის სამი მეოთხედი მაინც. ასეთ შემთხვევაში, დადებითი გადაწყვეტილება კომისიის წევრთა მიერ უნდა იქნეს მიღებული ერთხმად.
8. კომისიის წევრს უფლება აქვს მხარი არ დაუჭიროს კომისიის გადაწყვეტილებას, თავი შეიკავოს პოზიციის გამოხატვისაგან ან/და დააფიქსიროს განსხვავებული აზრი. კომისიის წევრის მიერ განსხვავებული აზრის დაფიქსირების ფაქტი შეიტანება კომისიის სხდომის ოქმში, ხოლო მისი სურვილის შემთხვევაში, განსხვავებული აზრი უნდა დაერთოს კომისიის სხდომის ოქმს.
9. კომისიის გადაწყვეტილება შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე რეკომენდაციის გაწევისა და შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის შესახებ აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
10. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.
მუხლი 2.
          1. კომისია განიხილავს შეწყალების საქმეს:
          ა) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) იმ პირის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს გარდა სხვა სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;    
გ) იმ სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რომელსაც არა აქვს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.
2. შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ:
ა) რომელსაც შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, თუ მას თავისუფლების აღკვეთის სახით არა აქვს მოხდილი 15 წელი;
ბ) რომელიც მსჯავრდებულია ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენისათვის და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
გ) რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
დ) რომელიც მსჯავრდებულია არა უმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედი;
ე) რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი;
ვ) რომლის მიმართ წინათ გამოყენებულ იქნა ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;
ზ) რომელიც სასჯელს იხდის პირობითი მსჯავრდებისას სასამართლოს მიერ დანიშნული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;           
თ) რომელიც სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი;  
ი) რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან ხასიათდება უარყოფითად;
კ) რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა;
ლ) რომელიც არ ითხოვს შეწყალებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმე განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი ან არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ან/და მსჯავრდებული კომისიის სხდომის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა მოიხდის სასჯელის ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადას.
მუხლი 3.
1. კომისიის რეკომენდაციას შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე განიხილავს საქართველოს პრეზიდენტი და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
2. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.
მუხლი 4.
1. შეწყალების თხოვნის განხილვის ან გადაწყვეტილების მიღების დროს, კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს, თუ:
ა) კომისიის წევრი იურიდიულ დახმარებას ან საადვოკატო მომსახურებას უწევდა ან ამჟამად უწევს იმ მსჯავრდებულს ან სასჯელმოხდილ პირს, რომელმაც შეწყალების თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს;
ბ) მსჯავრდებული ან სასჯელმოხდილი პირი, რომელმაც შეწყალების თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, კომისიის წევრის ნათესავია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად;
გ) კომისიის წევრი ფინანსურად დაკავშირებული იყო ან დაკავშირებულია იმ იურიდიული პირის საქმიანობასთან, რომელიც საადვოკატო მომსახურებას, იურიდიულ ან სხვა სახის დახმარებას უწევდა ან უწევს იმ მსჯავრდებულს ან სასჯელმოხდილ პირს, რომელმაც შეწყალების თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და ამის შესახებ ცნობილია კომისიის წევრისათვის.
2. კომისიის წევრი ვალდებულია გადაამოწმოს და, დადასტურების შემთხვევაში, პირადად განაცხადოს კომისიის წინაშე ამ მუხლით განსაზღვრული შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. კომისიის წევრი ასევე ვალდებულია კომისიის წინაშე განაცხადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია კომისიის სხვა წევრის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
3. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, კომისიის წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს კონკრეტული პირის შეწყალების საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
4. ისეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს კომისიის წევრის მიუკერძოებლობა, კომისია დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრისათვის განხილვაში მონაწილეობის უფლების მინიჭების შესახებ. ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ ცნობის განზრახ გაუმჟღავნებლობა არის მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის მიმართვის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში, კომისიის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს.        
6. კომისიის წევრმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და თანახმაა მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შეასრულოს კომისიის წევრისათვის მინიჭებული უფლებამოსილება.
მუხლი 5.
1. შეწყალების აქტი გამოიცემა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.       
2. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებაში, როგორც წესი, მითითებული უნდა იყოს შეწყალებული პირის ბიოგრაფიული მონაცემები, სასამართლო განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლის საფუძველზეც ეს პირი იქნა მსჯავრდებული, შეწყალების ღონისძიების სახე და საფუძველი. განკარგულებაში შესაძლებელია ასევე მითითებულ იქნეს შეწყალებული პირის სხვა მონაცემები და შეწყალების ღონისძიების გამოყენების მოტივი.
3. კომისიის სხდომის ჩატარებიდან 30 დღეში საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების თაობაზე განკარგულების გამოუცემლობა ჩაითვლება პირის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
მუხლი 6.
  1. შეწყალების საქმე  კომისიას განმეორებით წარედგინება მხო-ლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა ან სასჯელმოხდილმა პირმა შეწყალების განმეორებითი თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა კომისიის შესაბამისი სხდომის შედეგად შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის დღიდან ოთხთვე-ნახევრის შემდეგ, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასეთი განკარგულების გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის დღიდან ოთხთვე-ნახევრის შემდეგ.
2. შეწყალების საქმეს კომისია განმეორებით არ განიხილავს კომისიის შესაბამისი სხდომის შედეგად შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასეთი განკარგულების გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის დღიდან ექვსი თვის გასვლამდე.
მუხლი 7.
1. საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის უფლება აქვთ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს უშუალოდ ან სხვა ნებისმიერ პირს. შეწყალების თხოვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რის შემდეგაც შეწყალების თხოვნა გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი).
2. შეწყალების თხოვნის დარეგისტრირებიდან ერთ თვეში დეპარტამენტი უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო დოკუმენტების გამოთხოვას, რომელთა საფუძველზეც ადგენს შესაბამის საინფორმაციო ცნობას და ამზადებს შეწყალების საქმეს კომისიის სხდომაზე განსახილველად.
3. დოკუმენტების გამოთხოვის თაობაზე დეპარტამენტის თხოვნის მიღებიდან ორ კვირაში შესაბამისი უწყება უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის დეპარტამენტში გადაგზავნას. ამასთან, მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის გადაწყვეტამდე მის მიმართ სისხლისსამარ-თლებრივი ან დისციპლინური ღონისძიების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-76-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დეპარტამენტს.
4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ისეთი შეწყალების საქმე, რომელიც დეპარტამენტის მიერ მომზადებულია ამ მუხლით დადგენილი წესით.
5. მსჯავრდებულის შეწყალების საქმე შეწყალების თხოვნასთან ერთად უნდა შეიცავდეს:
ა) განაჩენის (განაჩენების) ასლს (ასლებს), რომლის საფუძველზეც პირი იხდის სასჯელს, ასევე იმ გადაწყვეტილებების ასლებს, რომლებიც გამოტანილია ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ განაჩენის (განაჩენების) თაობაზე;
ბ) ცნობას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
გ) მონაცემებს დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის შესახებ, ასევე ასეთი ზიანის ანაზღაურების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ცნობებს მსჯავრდებულის ბიოგრაფიული მონაცემებისა და მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ;
ე) მონაცემებს შეწყალების თაობაზე წინათ წარდგენილი თხოვნებისა და მათი განხილვის შედეგების შესახებ;
ვ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის ან/და შეწყალების აქტის გამოყენების თაობაზე;
ზ) ინფორმაციას მსჯავრდებულის ნასამართლობის შესახებ;                      თ) მონაცემებს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-76-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შესახებ;
ი) მსჯავრდებულის დახასიათებას, გაცემულს შესაბამისი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.
6. სასჯელმოხდილი პირის შეწყალების თხოვნას უნდა ერთვოდეს:         
ა) განაჩენის (განაჩენების) ასლი;
ბ) ცნობა სასჯელის მოხდის შესახებ;
გ) დოკუმენტაცია, რომელსაც შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს შეწყალების საკითხის გადასაწყვეტად ან/და შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დახასიათება, იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელიც ითხოვს შეწყალებას, მუშაობს.
7. მსჯავრდებული უფლებამოსილია შეწყალების თხოვნას დაურთოს სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს შეწყალების საკითხის გადასაწყვეტად.
8. დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს ინფორმაციას იმ მსჯავრდებულთა შესახებ, რომლებიც ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არ ექვემდებარებიან შეწყალებას.
9. კომისიის რეკომენდაციები დეპარტამენტის მიერ განსახილველად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.   
მუხლი 8.
  1. მსჯავრდებულის შეწყალებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
ა) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება;      
ბ) უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლება – სასჯელის ვადის შემცირება.
2. სასჯელმოხდილ პირს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
        მუხლი 9.
  1. შეწყალების თხოვნის განხილვისას მხედველობაში მიიღება:
ა) აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულის პიროვნული თავისებურებები, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ნასამართლობა, სასჯელის მოხდის ვადა, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის ქცევა, ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ინფორმაცია, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) სასჯელმოხდილი პირის ქცევა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორია და სასჯელის მოხდის შემდეგ გასული ვადა.
2. არასრულწლოვანი პირის შეწყალების თხოვნა განიხილება რიგგარეშე, ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება პირის ფსიქიკური განვითარების დონე, ცხოვრებისა და აღზრდის პირობები და სხვა პიროვნული მახასიათებლები.
მუხლი 10.
1. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით წერილობით მიმართოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამინისტროები კომისიის წერილობით მიმართვაზე პასუხის გაცემას უზრუნველყოფენ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღეში.
        მუხლი 11.
1. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ხოლო ცნობისათვის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სასჯელმოხდილი პირის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ეგზავნება კომისიის შესაბამისი სხდომის შედეგად მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასეთი განკარგულების გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი აღნიშნულ ინფორმაციას არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა ინდივიდუალურად და კონფიდენ-ციალურობის დაცვით აცნობებს თითოეულ მსჯავრდებულს.         
3. სასჯელმოხდილ პირს ნასამართლობის მოხსნასთან დაკავშირებით შეწყალების თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება კომისიის შესაბამისი სხდომის შედეგად სასჯელმოხდილი პირის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასეთი განკარგულების გამოცემისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
4. საქართველოს პრეზიდენტის ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულებისა და ინფორმაციის დანიშნულებისამებრ გაგზავნას უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მუხლი 12.
1. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს სასჯელის აღმასრულებელი ორგანო.  
2. მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესრულების შესახებ ინფორმაციას სასჯელის აღმასრულებელი ორგანო უგზავნის დეპარტამენტს.