Авебдаҟьа  арҿыцра апроцесс мҩаҧысуеит

Қырҭтәыла ахада иофициалтә вебдаҟьа


ნათია სულავა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე


natia-sulava-2.jpgნათია სულავა დაიბადა 1976  წლის 5 ნოემბერს.
1992-1996 წლებში სწავლობდა და წარჩინებით დაამთავრა ქ. პიაჩენცას (იტალია) ლინგვისტიკის ლიცეუმის Orsoline di Maria Immacolata-ს ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი. 1996-2000 სწავლობდა და დაამთავრა ქ. პარმის (იტალია) სასწავლო უნივერსიტეტის იურისპრუდენციის ფაკულტეტი. ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს. 2017 წლის მარტიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი.
ნათია სულავა 2001-2018 წლებში  მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. 2004-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2005-2013 წლებში მუშაობდა იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს საელჩოსა და ქ. რომში არსებული  საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე. 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში იყო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული.
2013-2016 წლებში ნათია სულავა იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მოქალაქეობის და მიგრაციის სამსახურის უფროსი და ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორი. აღნიშნულ პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს მოქალაქეობისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის შემფასებელი მისიის უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობაში.
2017-2018 წლებში ნათია სულავა მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსისა და ასევე მინისტრის აპარატში მრჩევლის პოზიციაზე. აქტიურად იყო ჩაბმული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და ამ მიზნით კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის შექმნილი ჯგუფის მუშაობაში.
მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
2000 წელს ნათია სულავამ გამოსცა საგაზეთო პუბლიკაციების კრებული. 2001-2002 წლებში გამოქვეყნებული აქვს 3 სტატია საერთაშორისო სამართლის სფეროში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალსა და სამეცნიერო ჟურნალ  „სამართალში“.
2002 წლის ივნისში ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას ქ. რომში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის დამფუძნებელ კონფერენციაზე (რომის სტატუტი).
2002-2004 წლებში იყო ევროპის საბჭოში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ კონვენციაზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
2018 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში/საგარეო მიმართულების კოორდინატორად.
2018 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. 2019 წლის 1 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილედ. 

ფლობს იტალიურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებს.

ჰყავს ორი შვილი.