პრეზიდენტის სიტყვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე

მოგესალმებით ბატონო პრემიერო,
ბატონო პარლამენტის  თავმჯდომარევ,
პატივცემულო მინისტრებო,
დეპუტატებო!მივესალმები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს,
მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს,
საპატიო სტუმრებს,
ჩვენს საზოგადოებას და ქუთაისს!

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც თავის დროს, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა იყო. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო, დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო!

საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იქნება მსოფლიოს მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით ახალგაზრდამ მიიღოს უმაღლესი დონის განათლება ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისა და მისი ავანგარდის სრულფასოვანი წევრი იყოს.

ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა პანდემიისა და გლობალური კრიზისის დროს არ არის მარტივი  და ეს სამაგალითო საქმეა. ამას სჭირდება გამბედაობა; ასეთ ნაბიჯს სჭირდება რწმენა მომავლისა, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისა და ხვალიდნელი დღისა. ეს იმ გამძლეობის და გამბედაობის გაგრძელებაა, რომელმაც  დღემდე მოგვიყვანა.

შემთხვევით არ არის, რომ ეს ხდება ქუთაისში. ქუთაისი - ეს არის არა მხოლოდ კოლხეთის დედაქალაქი და საქართველოს ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი; ქუთაისი - ეს არ არის მხოლოდ გელათის აკადემია, მაგრამ ეს არის გელათის აკადემია! ქუთაისმა ქართველი ერის განათლების მისიას ყველა ეპოქაში წარმატებით გაართვა თავი. გასულ საუკუნეში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებამ განაპირობა, სწორედ, ქუთაისში თავმოყრილი ინტელექტუალური ძალების თბილისში გადმოსვლა.

დღეს ქუთაისს ქვეყანაში, რეგიონსა და მსოფლიოში ახალი მისია ელის და ევალება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს გაწვდილი ხელია აფხაზეთისა და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის, მათ ეძლევათ აქ უნიკალური შესაძლებლობა  შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოქალაქედ.

მჯერა, რომ ეს უნივერსიტეტი იქნება ამ რეგიონში ის ადგილი, სადაც აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტების ერთად ისწავლიან და ამ ორ ჩვენთვის ძვირფას ერს შორის დიდი შერიგების საწინდარი იქნება, რამეთუ კეთილმეზობლობა ჩვენი ქვეყნების, კავკასიის რეგიონის, ერების ბედისწერაა და ამას წინ ვერაფერი და ვერავინ დაუდგება!

ქუთაისი სწორედ თავისი საზოგადოებით, წარსულით, ქალაქური კულტურით, გახსნილობით, სითბოთი და განუმოერებელი იუმორით იქნება ადგილი, სადაც დაიწყება ახალი, მშვიდობიანი კავკასიის ისტორია!

დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული და კულტურული საქართველო და კავკასია, რომელსაც გლობალურ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების უნარი შესწევს. არის ქვეყნის ისტორიაში სხვადასხვა ეტაპები, როცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადადის მეცენატებზე და მათ პრიორიტეტებზე.

ჩვენ, ჩვენს ისტორიაში მსგავსი მეცენატობის არაერთი მაგალითი გვაქვს, როცა ერთი ადამიანის ხედვამ განაპირობა ათწლეულობით საქართველოს წარმატება მთელ რიგ დარგებში. დიდწილად მათზე იდგა ჩვენი კულტურისა და განათლების განვითარება. დღეს, სწორედ მსგავსი ფაქტის თანაზიარნი ვართ.

მადლობა მინდა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისთვის, ,,ფონდ ქართუს“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საშვილიშვილო საქმეში.

ვულოცავ ქუთაისს  და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს შენაძენს! დაე, ეს უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერებისთვის!“,  - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიას პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, განათლების მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ესწრებოდა.