მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

​საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა და საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რამაზან ბაირამის დღესასწაული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მუსლიმებს მიულოცა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამაზან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ დღევანდელ დღესასწაულს და ეს მართლაც განსაკუთრებული და აღსანიშნავი ფაქტია.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი თბილისში, 5 ივნისს, სალომე ზურაბიშვილი სამედიცინო და კვლევით ცენტრებს მოინახულებს, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს და ასევე გიორგი ელიავას სახელობის კვლევით ინსტიტუტს - ,,ბაქტერიოფაგს“.
პრეზიდენტი მიესალმება უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის და ბიოუსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის თანამედროვე სტანდარტების დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი მოეწყო. პრეზიდენტი ასევე მიესალმება ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევებს, რომლის საშუალებითაც პირველად აღმოაჩინეს ახალი პათოგენები, ასევე სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ფაქტორები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით. სალომე ზურაბიშვილი დაათვალიერებს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის, განსაკუთრებით საშიში კულტურების ეროვნულ საცავს, ასევე სხვადასხვა ლაბორატორიას, ბაქტერიოფაგში კი, ფაგოთერაპიის ცენტრს, სასწავლო ლაბორატორიებსა და ბიბლიოთეკას მოინახულებს.
​პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ამბროლაურში ვიზიტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ 7 ივნისს, რაჭის განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბროლაურში ,,მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობის ორგანიზებით იმართება. მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომელიც თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს. პრეზიდენტი დაესწრება: ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესახებ ლექციას და რამდენიმე პრეზენტაციას, მათ შორის, რაჭის ბუნებისა და საარსებო წყაროს შესახებ, წყალდიდობის პრევენცია კლიმატის ცვლილებების საუკუნეში, 112-ის ახალი მობილური აპლიკაციის წარდგენას, რომელიც ოჯახური ძალადობის პრევენციისათვის შეიქმნა. სალომე ზურაბიშვილი დაათვალიერებს: ეთნოგრაფიულ კუთხეს, ფერმერთა ბაზრობას, ფოტოგამოფენას თემაზე ,,გენდერული თანასწორობა, თანაბარი შესაძლებლობები გოგონებისა და ქალებისთვის“, სახელწოდებით “იყო ერთი გოგო”, ადამიანის უფლებების კუთხეს, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება და ბავშვთა უფლებების კუთხეს, მონაწილეობას მიიღებს ტურში “როიალ ხვანჭკარა”. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასა და ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 10-12 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში მიემგზავრება, სადაც შრომის მსოფლიო ორგანიზაციის 108-ე სესია გაიმართება. წელს შრომის მსოფლიო ორგანიზაცია 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, თურქეთის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მეთაურებთან ერთად, ერთ-ერთი პანელის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, იგეგმება გაეროს იმ სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრები, რომლებიც განლაგებულია ჟენევაში