მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პრესკონფერენცია

​საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის ჟენევაში სამუშაო ვიზიტზე მიაწოდა ჟურნალისტებს ინფორმაცია.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ვიზიტის მიზანი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობაა.
„ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში, სააგენტო „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„მე არ მაქვს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ მჯერა, ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით გაივლის და წარმატებული იქნება გზა ევროკავშირისკენაც, პარალელური მაგრამ განსხვავებული გზა -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ  მოუწოდა საქართველოს მოკავშირეებს დასავლეთში მეტი აქტიურობისკენ. მათ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოახდინონ რუსეთზე,  ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. „ მეტი უნდა ისაუბრონ ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. საქართველოს საკითხი რუსეთთან ყველა შეხვედრის დღის წესრიგში უნდა იყოს“, –
აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. კიდევ ერთი ციტატა ინტერვიუდან: „ჩემი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ხვდება, რომ პერსპექტივა ჩრდილოეთით არ არის“, სალომე ზურაბიშვილმა კვლავაც აღნიშნა,   სჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა  აღდგება. ასოშიეტედ პრესის ინტერვიუ ამ დროისთვის უკვე გაავრცელა  სხვადასხვა მედიასაშუალებამ, მათ შორის ვაშინგტონ პოსტმა, ნიორკ თაიმსმა, ფოქს ნიუსმა, ეი-ბი-სი ნიუსმა და სხვებმა, რა თქმა უნდა გაავრცელეს ქართულმა სააგენტოებმაც „-აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოსვლისას და  ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრებს : საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის, უსაფრთხოების, დეოკუპაციის, ჯანდაცვის, ეკონომიკურ საკითხებზე, სოციალური თანასწორობის თემებზე. შეხვედრებზე სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას გაამახვილებს ასევე  ცირკულარული მიგრაციის საკითხებზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთში ლეგალურ საქმიანობაში დაეხმარება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტში მონაწილეობის გარდა, საქართველოს პრეზიდენტს დღესვე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან მიშელ ბაშელესთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან, გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან მიხაელ მიოლერთან. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან რობერტო აზავედოსთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს ადანომ გებრეისუსთან. დღეს დილით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე გამოსვლამდე, საქართველოს პრეზიდენტისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის , გაი რაიდერის შეხვედრა გაიმართა.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, კვირის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომ-აბასთუმანს ეწვევა. პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანია  საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერა.
სალომე ზურაბიშვილი საწარმოების ინფრასტრუქტურას  მოინახულებს და ადგილზე  გაეცნობა მათ მუშაობას. პრეზიდენტი ასევე  შეხვდება ადგილობრივ მოსახლეობას  და რეგიონის ხელმძღვანელებს.