მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟესტური ენის სწავლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟესტური ენის სწავლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ყრუთა კავშირის წარმომადგენლები. 
 

შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის კონსულტანტის სიმონ პეტრიდისის თქმით, წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და დაინტერესებული პირებისგან შემდგარ თემატურ ჯგუფებში იმ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება მოახდინა, რომელიც შშმ პირებს აწუხებთ, მათ შორის იყო ჟესტურ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ჟესტურიენის სწავლების საკითხები.
 

"ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იდენტიფიცირებული პრობლემები სცილდება რომელიმე კონკრეტული უწყების საქმიანობის სფეროს. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობით შევქმნა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე და სწორედ ამის პირველი მცდელობაა დღევანდელი შეხვედრა", - აღნიშნა სიმონ პეტრიდისმა
 

შეხვედრისას ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ივანე ჯაგოდნიშვილმა თანამშრომლობის სურვილი გამოხატა და განაცხადა, რომ უნივერსიტეტი მზადაა დაუთმოს სივრცე და რესურსები ჟესტური ენის სწავლებას. 
 

საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელმა ამირან ბატატუნაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცა მსოფლიო ყრუთა კავშირის მადლობის წერილი და განაცხადა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად იმუშავებს სასწავლო მოდულის შექმნაზე და უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების ჩართულობას ამ მნიშვნელოვან პროცესში. 
 

აღნიშნულ პროცესს ექნება ზეგავლენა შშმ პირებისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე, ისეთებზე როგორიცაა ჟესტური ენების მცოდნე გიდების გადამზადება და ისტორიულ ობიექტების შესახებ აპლიკაციების შექმნა. "ეს შეხვედრა იყო მხოლოდ პირველი ეტაპი და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ლოგიკური ნაბიჯები მოჰყვება", - განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.