მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა მედიისათვის ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების, მინსკში დაგეგმილი ვიზიტისა და გრემისხევში სტუმრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ისტორიული ნაწილის რემონტი დასრულებულია და მალე ყოფილი ორბელიანების სასახლე აღიჭურვება ავეჯით, რომელიც საქართველოში, ამ ტიპის საცხოვრებელი რეზიდენციების მოსაწყობად გამოიყენებოდა. მათი მოძიება ადგილობრივ ოჯახებში მოხერხდა, ნაწილი კი შეირჩა საზღვარგარეთ. სასახლის მოსაწყობი ინვენტარის შესაძენად საჭირო თანხის გამოყოფის შესახებ განკარგულება, დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გამოიცემა. როგორც კი ორბელიანების სასახლე აღიდგენს თავის ისტორიულ იერ-სახეს, აქ მოეწყობა სამუზეუმო სივრცე და გაიხსნება მნახველებისთვის. ხელოვანების წახალისებისა და მხარდაჭერის მიზნით, ასევე მოეწყობა გამოფენებიც. აქვე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ყველას მადლობა, ვინც ჩართული იყო ამ მართლაც ღირშესანიშნავ საქმიანობაში, რასაც თბილისისთვის, საქართველოსთვის ამ ისტორიული მემკვიდრეობის მქონე სასახლისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა ჰქვია“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას მინსკში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია: საქართველოს პრეზიდენტი 20-22 ივნისს ბელორუსში მიემგზავრება, მინსკში, მეორე ევროპული თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება და ქართველ სპორტსმენებს ადგილზე უგულშემატკივრებს. დაგეგმილია ასევე, პრეზიდენტის სტუმრობა ევროპული თამაშების ქალაქში, სადაც თამაშების მონაწილე, საქართველოს 61 სპორტსმენი ევროპული თამაშების პერიოდში იცხოვრებს. ამასთან, მინსკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ოფიციალური შეხვედრები ბელორუსის მხარესთან. დაგეგმილია ასევე, ბელორუსში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციების წარმომადგენლებთან როგორც ორმხრივი, ასევე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები.

ხატია მოისწრაფიშვილმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გრემისხევში პრეზიდენტის სტუმრობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გრემისხევში, საოკუპაცო ხაზთან თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. ,,პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საუკუნეების განმავლობაში ქართველებისა და ოსების თანაცხოვრების ტრადიციების დაცვა და საოკუპაციო ხაზით მოსახლეობის გაყოფა დანაშაულია. ასევე პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია დავეხმაროთ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას - შევუქმნათ მათ საჭირო საცხოვრებელი პირობები, მათ შორის უნდა გაკეთდეს გზა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ დაიცალოს სოფლები. გრემისხევის გზის რეაბილიტაციის საკითხს პრეზიდენტი მთავრობის წინაშე დააყენებს”, - განაცხადა პრეზიდენტი პრესსპიკერმა.