მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ვიზიტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და გარკვეულწილად შეაჯამა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კახეთში.

 

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, 28-29 აგვისტოს, პარიზში საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობის MEDEF INTERNATIONAL საზაფხულო უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. 5-6 სექტემბერს კი, საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
 

საქართველო - უნგრეთის ურთიერთობები განვითარების ახალ ფაზაში შედის. ორ ქვეყანას შორის ღრმავდება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ამასთან, უნგრეთი ვიშეგრადის ოთხეულის ჯგუფის წევრია, რომლის შემადგენლობაში შედიან უნგრეთი, პოლონეთი ჩეხეთი და სლოვაკეთი. ოთხივე ეს ქვეყანა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია საერთაშორისო ასპარეზზე.
 

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალურ კომისიას უერთდება.
 

სალომე ზურაბიშვილი კომისიის მეოცე წევრია. ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალური კომისიის კომისიის საპატიო თავმჯდომარე ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარია. კომისიის ახალი შემადგენლობა აერთიანებს მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს, უმსხვილესი ბიზნესის აღმასრულებელ ხელმძღვანელებს და ლიდერებს ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით მთელი მსოფლიოდან. მომავალი წლის სამოქმედო პოლიტიკისთვის განისაზღვრება ზუსტი რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ენერგოეფექტურობის განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენებს.
 

„დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა „ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო“-ს ხელმძღვანელმა, ფატი ბიროლმა.

რაც შეეხება კახეთის რეგიონში ვიზიტს, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, გასულ კვირას, რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კახეთის მხარეში იმყოფებოდა. ყველა რეგიონს, მათ შორის კახეთს აქვს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები და საჭიროა მათი ეფექტიანი გამოყენება - მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტი შეხვდა მოსახლეობასა და მეწარმეებს. აღსანიშნავია, რომ კახეთის მეწარმეთა დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ, რაც სალომე ზურაბისვილის აზრით, მისასალმებელია. მეწარმეები ჩართულები არიან სხვადასხვა პროგრამებში.
 

თუმცა, საჭიროა მეტი ძალისხმევა, მათ შორის პროფესიული განათლების კუთხით. პრეზიდენტის შეფასებით, კვალიფიციური კადრების მომზადება თუ გადამზადება, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ცნობიერების ამაღლების ფარგლებში, პროფესიულ სწავლების, კვალიფიციური კადრების მომზადების, ბაზრის მოთხოვნების შესახებ მეტი ინფორმირების, მეწარმეთა სხვადასხვა პროგრამებში ჩართულობის გაზრდის საკითხებზე მეტი კონცენტრირება გვმართებს.

ამავე მიზნით, პრეზიდენტი გასულ კვირას კახეთში არსებულ პროფესიულ სასწავლებელსაც ეწვია. კახეთს აქვს ასევე ბალნეოტურიზმის განვითარების პერსპექტივა და ამ მხრივ 2 მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 27 წელი და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ისტორიული თარიღი მიულოცა. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს წევრი გახდა. როგორც ცნობილია, სექტემბრის ბოლოს, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, 74-ე გენერალური ასამბლეა გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა.