მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტს  ოფიციალური ვიზიტები ჰქონდა ლატვიასა და ესტონეთში,  რამდენიმე დღით ადრე,  ასევე ოფიციალურ ვიზიტით  იმყოფებოდა პოლონეთში. სამივე ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი  შედეგებით დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, სამივე ქვეყანა - პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი  მოიაზრება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთა შორის,

ეს ის წრეა, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა იმ ახალ ეტაპზე, რომელზეც საქართველო ამჟამად იმყოფება და რასაც ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლა ჰქვია.

თითოეულ ამ ქვეყანასთან, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავარი გზავნილია: ყველა მოლაპარაკებაზე, მათ შორის ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ფორმატებში, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ რუსეთს, შეასრულოს საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულები. ასევე, უნდა ისარგებლონ ყველა დონის შეხვედრებით, იმისათვის რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსჯელობა, გაიმართოს მაღალ პოლიტიკურ დონეზე.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, მხოლოდ ამ დონის განხილვა მოიტანს რეალურ შედეგებს. გარდა ამისა, ჩვენმა პარტნიორებმა, მუდმივად უნდა შეახსენონ რუსეთს, რომ საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი.

აღსანიშნავია ასევე კიდევ ერთი საკითხი, რასაც განსაკუთრებულად ხაზი ლატვიასა და ესტონეთში გამართულ შეხვედრებზე გაესვა, დაუშვებელია, რომ უკანასკნელი კონფლიქტით  წინა კონფლიქტების გადაფარვა ხდებოდეს, რაც თავის მხრივ ამ უაღრესად მტკივნეული საკითხების სიმძაფრეს ამცირებს.

აქვე, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამ შემთხვევაში პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი-  დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს როლს შავი ზღვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტექსტში და ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ აქტორად განიხილავენ, რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

საქართველო ბრუნდება თავის ისტორიულ ოჯახში - ევროპაში, ასე შეაფასეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების შედეგები

ამასთან, თქვენ იცით, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო. მიუხედავად დატვირთული დღის წესრიგისა და უამრავი სტუმრისა, გუშინვე გაიმართა სალომე ზურაბიშვილისა და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას აქვთ საერთო ინტერესები და ასევე მსგავსი შინაარსის საკითხები, იქნება ეს ევროკავშირში გაწევრიანება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემატიკა. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანას აქვს საერთო გეგმები და სტრატეგიული თანამშრომლობის ურყევი ნება.“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით შუალედური არჩევნები შედგა, შედეგები ლეგიტიმურია და ეს არის მთავარი. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს,  რომ დემოკრატიის მაჩვენებელია ასევე არჩევნების შედეგების აღიარებაც, რაც ალბათ აუცილებლად უნდა შევახსენოთ ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს და რაც ასე კარგად გამოჩნდა უკრაინაში, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას სხვა, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტებიც ესწრებოდნენ. მისივე აზრით, რა თქმა უნდა  არჩევნების პროცესში იყო ცალკეული ხარვეზები და  დარღვევები, თუმცა ეს არ აყენებს შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ, მეორეს მხრივ ის საკითხებია, რაზეც შესაბამისმა ინსტიტუციებმა უნდა იმუშაონ და შემდეგი არჩევნებისთვის მოამზადონ ამ პრობლემების გადაწყვეტის ინსტრუმენტები.

ხატია მოისწრაფიშვილის  განცხადებით,  საქართველოს პრეზიდენტი რეგიონების განვითარების მიმართულებას განსაკუთრებულ პრიორიტეტად მიიჩნევს.

რეგულარულად სტუმრობს რეგიონებს და ადგილზე ეცნობა ადგილობრივ პრობლემატიკას.  ამ კონტექსტში, დღეს,  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, წყალტუბოში, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.

პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს ფორუმის მონაწილეებს.