მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგი, გუშინ პარიზში განვითარებული მოვლენებზე საუბრით დაიწყო. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გუშინვე გამოეხმაურა ,,თვითერის“ საშუალებით პარიზის მოვლენებს და განაცხადა, რომ ამ უმძიმეს დროს, ქართველი ხალხი დგას ფრანგი ხალხის გვერდით.

,,პარიზის, საფრანგეთისა და ზოგადად, ქრისტიანობის ერთ-ერთი სიმბოლო, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გუშინ ფრანგი ხალხის თავდადებით და მთელ მსოფლიოში, მილიონობით ადამიანის გულწრფელი სურვილით, უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა. დღეს უკვე მსოფლიო ახალი რეალობის ირგვლივ ერთიანდება- ეს რეალობა კი, ნოტრდამის აღდგენა გახლავთ“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას დღეს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი ,,საქართველოში ისტორიული ვიზიტისა“ და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ,,სწორედ ასეთი შეფასება მისცა კვიპროსის პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიაში ნიკოს ანასტასიადის საქართველოში ვიზიტს. ის პირველი კიპრიოტი პრეზიდენტია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვიზიტად ჩამოდის”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება თავად ვიზიტის დეტალებს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრებს, გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს მედიისათვის, მონაწილეობას მიიღებენ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიაში.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი და მისი მეუღლე ანდრი ანასტასიადისი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მის უწმიდესობასა და უნეტარესობას ილია მეორეს შეხვდებიან. დაგეგმილია ასევე საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო - კვიპროსის პრეზიდენტები მიიღებენ. კვიპროსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 18 აპრილს დასრულდება.

ხატია მოისწრაფიშვილმა 12-14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სამცხე ჯავახეთში სტუმრობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი რეგიონში ბიზნესისა და წარმოების ხელშეწყობისა და რეგიონული განვითარების მხარდაჭერის მიზნით იმყოფებოდა. ,,,,დედაენის დღესთან“ დაკავშირებით, პრეზიდენტმა რეგიონში მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და ქართული ენის სწავლების პრობლემებზე საუბრისას, ახალქალაქში ქართულენოვანი ბაგა-ბაღის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციაზე გაამახვილა ყურადღება და მედიას რეორგანიზაციის შედეგად ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაციის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ,,მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, ჩვენს მიერ უკვე ძალიან ბევრჯერ გაჟღერებულ საკითხს, თუმცა, სამწუხაროდ, ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება სხვადასხვა ინტერპრეტაციით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს როგორც არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას, ასევე, საკითხის მიმართ სუბიექტური და რაც მთავარია არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას - კომპენსაციის თემას ვგულისხმობ, კერძოდ, 2019 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა 60 ერთეულით განისაზღვრა, რის გამოც, საჭირო გახდა ადმინისტრაციაში მანამდე არსებული შტატების შემცირება.

17 მარტს დასრულებული რეორგანიზაციის შედეგად, 63 პროფესიული საჯარო მოხელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. არცერთი მათგანი სამუშაოდ სხვა საჯარო სამსახურში არ გადასულა. კანონის შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებული პროფესიული საჯარო მოხელის მიმართ, გაიცემა ფულადი კომპენსაცია ყოველთვიური შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობით. 63 თანამშრომელზე გაცემულმა 3 თვის ხელფასმა ჯამში 436 500 ლარი შეადგინა”, - განაცხდა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.