მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პოზიცია გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით კვირის მიმდინარე აქტუალურ თემებს.  პრეზიდენტის აზრით, პირველ ეტაპზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის მხოლოდ ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებამ, რომელიც  მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას ეხებოდა, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც სასამართლოს მიმართ ნდობის გაძლიერება, ის ვერც ვენეციის კომისიის ძირითად, ევროპულ  პრინციპებს აკმაყოფილებდა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის სწორედ ამის გამო ჩაერთო მეორე მოსმენის პროცესში და კონსულტაციები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამ კონსულტაციების შედეგი კი, დამატებით გაითვალისწინეს 3 რეკომენდაციაა:

პირველი - მოსამართლეობის კანდიდატებზე  სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება;

მეორე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე;

მესამე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი. თავმჯდომარის წარდგენა შეუძლია ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს.
 

ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც  ამ 5 ძირითადი რეკომენდაციიდან არ იყო გათვალისწინებული, ეხებოდა  მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014  წელს, სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებები  ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე, ობიექტურ, მიუკერძოებელ შერჩევას და იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის გამწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი.
 

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად, საქართველო მიიღებს ისეთ მართლმსაჯულების სისტემასა და მოსამართლეთა კორპუსს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეებზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ერთობლივი მიზანია.

პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ კონტსრუქციული ურთიერთობისა და მასთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების შესახებ.

ხატია მოისწრაფიშვილი ყოველკვირეულ ბრიფინგზე პანკისში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

პრეზიდენტის აზრით,  პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია ყველგან, ნებისმიერ ქვეყანაში.

მით უმეტეს, მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.

რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზს - ჰესის მშენებლობას: -

 პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა.

სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით განხორციელდება სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.
 

ხატია მოისწრაფიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს წიგნის საერთაშორისო დღეა და საქართველოს პრეზიდენტი ულოცავს მოქალაქეებს, წიგნის მოყვარულებს ამ ძალიან საინტერესო ისტორიის და ამავე დროს საინტერესო შინაარსის დღეს.
 

ამ დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს,

მოგვიანებით, 1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და მისი აღნიშვნა დაიწყო. პირველ რიგში, იუნესკომ ამით მოუწოდა ახალგაზრდებს ეკითხათ რაც შეიძლება მეტი.