მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პრესკონფერენცია

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მედიას საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის შესახებ ესაუბრა.
როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაიწყო პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი. საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვდებიან.
 
აღნიშნული შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.
 
დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციის „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი“ ღია დისკუსიაში. ასევე დაათვალიერებენ საქართველო-პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას.
 
ხვალ დაგეგმილია წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოს მონახულება, ხვალვე საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს ვარშავის უნივერსიტეტში.
 
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდება. ვიზიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.
 
ხატია მოისწრაფიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტებზეც მიაწოდა ჟურნალისტებს ინფორმაცია: „მომავალ კვირას, 14-16 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა, 17-19 მაისს კი დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში. ორივე ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, მათ შორის ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციების ფორმატში, გაფართოებული შემადგენლობით იგეგმება სხვა შეხვედრებიც, სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ასევე  დიასპორათა წარმომადგენლებსა და სტუდენტებს საქართველოდან.“-განაცხადა პრესსპიკერმა.