მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   გიორგი მარგველაშვილი: აფხაზებს თავად მოუნდებათ საქართველოში ცხოვრება

გიორგი მარგველაშვილი: აფხაზებს თავად მოუნდებათ საქართველოში ცხოვრება

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუ მისცა ბი-ბი-სი-ს, რომელის დროსაც ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება სახელმწიფოს პოლიტიკა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, რა ურთიერთობას ჩამოაყალიბებს ის რუსეთსა და ევროკავშირთან; ასევე გაგვიზიარა საკუთარი აზრი ოპოზიციის შესახებ.
 
გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა თბილისში ბი-ბი-სი–ს რუსული სამსახურის კორესპონდენტი თემურ კიღურაძე.
 
გიორგი მარგველაშვილი: ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური ხდება. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე კვირაში, ვილნიუსში შედგება სამიტი, რომელზეც ვაპირებთ ევროკავშირთან ურთიერთობის, ასოცირებული წევრობის და ასევე სავაჭრო კავშირის პარაფირებას.
 
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის, განვითარებისთვის. ამასთან, ჩვენ უკვე გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში ტემპერატურის, აგრესიის და დაძაბულობის კლების გარკვეული ფორმატი.
 
ჩვენ შევქმენით რუსეთის ფედერაციაში პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ფორმატი - ბატონი ზურაბ აბაშიძის, რომელიც რუსეთის პოლიტიკოსებთან მუშაობს რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო და კულტურული კავშირების გახსნის მიმართულებით. ჩვენ ამ კავშირების განვითარებას ვაპირებთ.
 
ჩვენ ასევე გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში დაძაბულობის კლებისთვის გარკვეული მზაობა.
 
რაღაც მომენტში, ჩვენ ვიქნებით მზად უფრო ქმედითად ვიმუშაოთ ჟენევის ფორმატში, სადაც საქართველოს და რუსეთის დიპლომატები ხვდებიან ჩვენ კოლეგებს დასავლეთიდან და საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიქმნა 2008 წელს; იმ რეალობაზე, რომელიც უნდა შეიცვალოს.
 
ვფიქრობთ, ვითარების სტაბილიზაცია მიგვიყვანს ჩვენს ქვეყნებს შორის რაციონალურ დიალოგამდე.
 
ბი-ბი-სი: როგორია თქვენი სტრატეგია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში?
 
გიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივია, ეს საკითხები წყდება მხოლოდ ფორმატში, რომელშიც რუსეთის დიპლომატები, საქართველოს დიპლომატებთან და ჩვენს კოლეგებთან ერთად, გაიაზრებენ შექმნილი ვითარების პრობლემატურობას.
 
ეს საკითხები, თავისთავად, წყდება აგრეთვე იმ მოსახლეობასთან დიალოგით, რომელიც დარჩა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე.
 
ჩვენ რაციონალური მიდგომა გვაქვს ამ პრობლემების გადაწყვეტის მიმართ და ის რამდენიმე პუნქტისგან შედგება.
 
უპირველეს ყოვლისა, მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ამ ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების არაღიარების მიმართულებით.
 
ეს თავად XX საუკუნის კონცეფციასთან შესაბამისობაშია, იმ კონცეფციასთან, რომლის მიხედვითაც მცირე ქვეყნები უნდა იყოს დაცული, მათი ტერიტორიული მთლიანობა კი აღიარებული უნდა იყოს მთელი მსოფლიოს მიერ.
 
ერთი მხრივ, ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. მეორე მხრივ, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ შევეცდებით ტემპერატურის დაკლებას, იმ ნეგატიური ფონის სტაბილიზაციას, რომელიც არსებობს მოსკოვთან მიმართებაში.
 
ამასთან, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საქართველოში ისეთ საზოგადოებას, სადაც ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის, ნებისმიერი მოქალაქის დაცულობა, იქნება არა მხოლოდ გარანტირებული კონსტიტუციით, არამედ ეს გამოჩნდება პრაქტიკაშიც.
 
ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, რომელშიც ჩვენს აფხაზ და ოსი ეროვნების მოქალაქეებსაც მოუნდებათ ცხოვრება.
 
ჩვენ კომპლექსურად ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით, სოხუმის მიმართულებით, ცხინვალის მიმართულებით, მოსკოვის მიმართულებით, ჟენევის ფორმატის მიმართულებით.
 
თუ ჩვენ შევძელით მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა, გააზრება იმისა, რომ მოცემული სიტუაცია არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს, ვფიქრობთ, მივალთ იმ პრობლემების გადაწყვეტამდე, რომლებიც, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიქმნა.
 
ბი-ბი-სი: თქვენი აზრით, რა როლის შესრულება შეუძლია ქვეყანაში ოპოზიციას? შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება გქონდეთ... 
 
გიორგი მარგველაშვილი: ოპოზიციის როლი განისაზღვრება ქვეყანაში  მისი პოპულარობით. შესაბამისად, საქართველო არის ქვეყანა კონსოლიდირებული ევროპული დემოკრატიით.
 
შეუძლებელია, საქართველოში იყოს ერთი პარტია. საქართველოში უნდა იყოს სხვადასხვა პარტია, ეს უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი.
 
და ამ ასპექტში, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ სხვა პარტიები, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
 
სააკაშვილი არის ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა. განვითარების პროცესზე პოლიტიკური ფიგურების ზეგავლენა წყდება არა პრეზიდენტების, არამედ ხალხის მიერ.
 
თუ სააკაშვილს რამე მომავალი აქვს, ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა. სიმართლე გითხრათ, მე, როდესაც  მოცემულ სიტუაციას ვუყურებ, ვუყურებ მის პოლიტიკურ წარსულს - ვერ ვხედავ რეალურ პოპულარობას. თუმცა, ისევ და ისევ, ამას არ წყვეტს პრეზიდენტი, ამას წყვეტს არჩევნები, ამას წყვეტს ხალხი.