მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იმედი საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების იმედი საქართველოს ჯერ არ დაუკარგავს

აინარ რუუნარი, სპეციალური კორესპონდენტი
2019 წლის 20 მაისი
·საქართველო ბრექსიტს ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების შესაძლებლობად განიხილავს.
·საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას.
·საქართველო სთხოვს პარტნიორებს დაუსვან რუსეთს შეკითხვები და ახსოვდეთ ის, რაც მოხდა.
·უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ქართველები ევროკავშირის ქვეყნებს 750,000-ჯერ ეწვივნენ.

 

 
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვიზიტით ესტონეთს ეწვია. Postimees-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტმა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისა და ამ გზაზე დიდი მეზობლის - რუსეთის მიერ შექმნილი დაბრკოლებების შესახებ ისაუბრა.
- ხომ არ დაიღალნენ ქართველები ნატოსა და ევროკავშირში მიპატიჟების ლოდინით?
- არა. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა არ შეცვლილა და საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მას კვლავ უჭერს მხარს. ჩვენ არ დაგვიწყია რაიმე უხერხული მიდგომების ძიება და დარწმუნებული ვართ ჩვენს წარსულსა და ღირებულებებში. ამასთან, ჩვენ არ გაგვაჩნია სხვა ალტერნატივა გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. წავალთ თუ არა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით - ეს შეკითხვა საერთოდ არ დგას.
- რა შეცდომები დაუშვა დასავლეთმა ქართულ პოლიტიკაში?
- ამის თქმა რთულია, რადგან ისტორიის ხელახლა გადაწერა შეუძლებელია. ალბათ ევროკავშირის გაფართოება უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო - ბერლინის კედლის დანგრევის თანავე და ეს შექმნიდა მთელ რიგ შესაძლებლობებს.
არავინ იცის მოიტანდა თუ არა ეს უკეთეს შედეგს. ევროპას არასდროს განუცდია მარცხი. ჩვენ გვახსოვს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის მიერ 2008 წელს ომის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯები, მაშინ ის ევროპას წარმოადგენდა. ჩვენ მარტო არ დავრჩენილვართ იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩაგვაყენეს.
- რა შეცდომები დაუშვა საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე?
- საქართველოს არანაირი შეცდომა არ დაუშვია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მიერ გასავლელი გზა უფრო გრძელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობაა. როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, ჩვენ ისტორიულადაც ევროპის ნაწილი ვართ.
მაგრამ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეზობელი, რომელიც ცდილობს აღკვეთოს და შეანელოს ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ, თუმცა მან ვერ შესძლო ჩვენი მიზნების განადგურება.
- ბრექსიტის შემდეგ, ევროკავშირს ცვლილება სჭირდება. რომელი?
- ვფიქრობ, ევროკავშირს ჩვენ ვჭირდებით. ჩვენ შეგვეძლო ევროპისთვის ის ახალი ენთუზიაზმი შეგვეთავაზებინა, რომელიც მას, გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, შესაძლოა განსაკუთრებით სჭირდება.
მე თავად ევროპაში დიდი ხანი ვცხოვრობდი, ევროპას ძალიან კარგად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პირველი ევროპელი პრეზიდენტი ვარ.
მე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ვასწავლიდი და მომსწრე ვარ, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი სხვადასხვა კრიზისის დროს. თითოეულმა კრიზისმა ევროპას ახალი სტიმული შესძინა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბრექსიტი კარგია ამ თვალსაზრისით, რადგან მას მოაქვს ცვლილება და ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ჩვენთვის.
- საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, შავმა ზღვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა დასავლეთის ქვეყნებისთვის. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
- ჩვენთვის შავი ზღვა ყოველთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ის არის ჩვენი გზა ევროპისკენ.
შავი ზღვის უსაფრთხოება ასევე მნიშვნელოვანია ნატოსთვის და ჩვენ სულ უფრო მეტ ნატოს გემს ვხედავთ ჩვენს პორტებში. როგორც შავი ზღვის ქვეყანა, სულ უფრო ფოკუსირებული ვართ ევროკავშირის ყურადღებაზე, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა საინვესტიციო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო პროექტებით. ჩვენ ყველა ამ პროექტში ჩართული ვართ, რადგან უსაფრთხოება და ჩართულობა ერთმანეთისგან განუყოფელია.
- საქართველო მოთმინებით ეკიდება ოკუპირებულ ტერიტორიებს. რამდენ ხანს გასტანს ეს დამოკიდებულება?
- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საქართველო უაღრესად შემწყნარებელი ქვეყანაა. შემწყნარებლობა და გამძლეობა ჩვენი ღირებულებებია. საქართველოს დაპყრობა 27 საუკუნის მანძილზე ვერ მოხერხდა. ჩვენი დედაქალაქის გადაწვა 26-ჯერ სცადეს, მაგრამ ის მაინც ვერ გაანადგურეს.
ჩვენ პროვოკაციებს გვიწყობენ, რათა შევწყვიტოთ სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ, მაგრამ ჩვენ არ ვექვემდებარებით ამგვარ პროვოკაციებს. ასევე გვესმის, რომ არ გაგვაჩნია აღნიშნული კონფლიქტების გადაწყვეტის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, სწორედ ამიტომ, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადამიანებს შორის კონტაქტებს და თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება.
- ახლახან გაიმართა ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რის შემდეგაც თქვენ დაურეკეთ ესტონეთის სახელმწიფოს მეთაურს და მადლობა გადაუხადეთ მას საქართველოს საკითხის დაყენებისთვის.
- დიახ, დიახ. ჩვენ გამუდმებით უნდა შევახსენოთ ეს რუსეთს, მაშინაც კი, თუ ის არ შეიცვლის თავის დამოკიდებულებას. ყოველთვის უნდა ხდებოდეს იმის შეხსენება, რომ ისინი არ მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ისინი არღვევენ თავიანთ ვალდებულებებს და პატივს არ სცემენ თავიანთი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ახალი ტერიტორიების ოკუპირებით, ძველების დავიწყება არ ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- მოცემულ სიტუაციაში მოსკოვსა და თბილისს შორის მაღალი დონის კონტაქტები შეუძლებელია?
- ყოველთვის ყველაფერია შესაძლებელი. ოკუპირებული ტერიტორიების გამო ჩვენს ქვეყნებს შორის არანაირი დიპლომატიური ურთიერობები არ არსებობს. და რატომ უნდა იყოს, ვიდრე რუსეთის მხრიდან არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ მათ რაღაც აქვთ სათქმელი ან ნაფიქრი?
მაგრამ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს გააკეთონ ის საქმე, რის გაკეთებაც მათ თავად არ შეუძლიათ. ჩვენ ვთხოვთ მათ ახსოვდეთ ის, რაც მოხდა და დასვან შეკითხვები.
- რას ეტყოდით იმ ესტონელ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბედავენ საქართველოში ინვესტირებას გარკვეული მიზეზების გამო?
- არ არსებობს რისკისგან თავისუფალი ბიზნესი. სავსებით ნათელია, რომ საქართველო თავისუფალი საწარმოა, სადაც ბევრი ახალგაზრდა წარმატებულია ტურიზმისა და სტარტ-აფების სექტორში და ისინი ახალ პროდუქტებს ქმნიან.
ეს ცხადყოფს, რომ ჩვენ ღია ვართ და საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია. ესტონელ ბიზნესმენებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და ამაში თავად დარწმუნდნენ. ჩვენ წინ მივდივართ, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც ყველა ისურვებდა. თუმცა, ჩვენ გვყავს უამრავი ადამიანი, რომელთაც სწრაფი განვითარება სურთ. ამაზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებიდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც მეტყველებს - წელიწადნახევრის მანძილზე, საქართველოს მოქალაქეებმა ამ შესაძლებლობით 750.000-ჯერ ისარგებლეს. ხალხი ხედავს, რომ ევროპა ვითარდება და ჩვენგანაც იმავეს ითხოვენ.
- წელს აღმოსავლეთ პარტნიორობა დაარსებიდან 10 წლისთავს აღნიშნავს. აქვს თუ არა საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინები პარტნიორ ქვეყანასთან - ესტონეთთან მიმართებაში?
- რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა და ქვეყნების გარკვეული თავისებურებებისა, ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს საბჭოთა რეჟიმის პირობებში დაგროვილი გამოცდილებით.
ესტონეთი ევროკავშირში ჩვენი ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყნებით გარემოცულნი, როგორიცაა ბალტიის სახელმწიფოები, ფინეთი ან შვედეთი. ბევრი წლის მანძილზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ესტონეთის მიერ შესრულებული როლი საქართველოსთვის სტიმულის მიმცემი და ინოვაციურია.
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახლახან განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას შემდგომი განვითარებისთვის ახალი მნიშვნელოვანი იდეები და ახალი ამოცანები სჭირდება. რა ახალ იდეებს და ახალ მიზნებს ელოდება საქართველო?
- ჩვენ გვესმის აქ რა იგულისხმება. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვისარგებლოთ ბრექსიტის შედეგად შექმნილი სიტუაციით. ზოგი გადის და ზოგი შემოდის. ჩვენ გვინდა ვიყოთ შემოსულთა შორის. ჩვენ ყველა კარს ვაწვებით და მიუხედავად იმისა, რომ ერთი დიდი კარი ჯერ კიდევ არაა მთლიანად ღია, ვცდილობთ ჯერ მცირე კარებში შევაღწიოთ. ჩვენი მიზანია ვიაროთ ევროკავშირისკენ სხვადასხვა გზებით და პროგრამებით და ერთ დღესაც ევროკავშირში დავიგულოთ თავი.
 
სალომე ზურაბიშვილი
დაიბადა1952 წლის 18 მარტს, პარიზში
ქართული წარმოშობის ყოფილი ფრანგი დიპლომატი
2003 წლის შემოდგომაზე, ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა, ხოლო 2004 წელს ის საქართველოს პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. პარალელურად, ის კვლავ წარმოადგენდა საფრანგეთს. 2016 წელს ის პარლამენტის წევრი გახდა. 2018 წლის ნოემბერში, მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
ზურაბიშვილი საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.