მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ უნდა განაგრძოს ევროკავშირთან დაახლოება

სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ უნდა განაგრძოს ევროკავშირთან დაახლოება

Georgia must continue 'rapprochement' with EU, says President Zourabichvili

წამყვანი: დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისა და საუბრისთვის.
 

პრეზიდენტი: გმადლობთ.
 

წამყვანი: ჩვენ ვსაუბრობთ იმ დროს, როდესაც თქვენ ისევ აქტიურად უწყობთ ხელს ევროკავშირთან დაახლოებას, როდესაც არსებობს ე.წ. მცოცავი ოკუპაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც ხორციელდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ, როდესაც ზაფხულში დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციები ფართოდ გაშუქდა პრესაში. ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ განთავისუფლებული ადგილი დაიკავოს. თქვენ იცით, რომ ევროკავშირთან შეერთება საკმაოდ ამბიციური გეგმაა, მაგრამ თქვენ განაცხადეთ, რომ გსურთ განახორციელოთ რაც შეიძლება მეტი ევროპული კანონი ამ დროისთვის. რატომ აკეთებთ ასეთ არჩევანს?
 

პრეზიდენტი: დიახ, იმიტომ, რომ ჩვენ მცოცავი ევროპული ქვეყანა ვართ.

ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ და ჩვენს ამბიციას, ჩვენს პერსპექტივას მთელი მოსახლეობა იზიარებს. ასე რომ, არ არსებობს ეჭვი ამასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება ევროკავშირში, როდის ვიყოთ პოლიტიკურად რეალისტები, რა არის შესაძლებელი დღეს, რა არ არის დაუყოვნებლივ შესაძლებელი. რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ის არის, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ევროკავშირისკენ მოძრაობა, რაც მუდმივი და ძალიან წარმატებული პოლიტიკაა და რამაც ქართველებს მოუტანა განცდა, რომ ევროკავშირი მეტად გვიახლოვდება და ჩვენც ვუახლოვდებით ევროკავშირს.

დღეს ჩვენი გამოწვევაა, რომ შევინარჩუნოთ ევროკავშირისკენ სვლა. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ყველა შესაძლო გზით და ეს მხოლოდ კანონმდებლობა არ არის.

ეს ნიშნავს ყველა ევროპულ პროგრამაში მონაწილეობას, სადაც ჩვენ შეგვიძლია ევროპის ნაწილი ვიყოთ, ევროპის იმ სექტორების ნაწილი, სადაც მონაწილეობისთვის მზად ვართ.
ეს არის კულტურის ევროპა, ტრანსპორტის ევროპა, კომუნიკაციების ევროპა, ძალიან ბევრი სეგმენტი და ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეურთდა ევროკავშირს, როდესაც ზოგიერთმა ის დატოვა.

 

წამყვანი: ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, ევროკავშირი საქართველოს პარტნიორია მრავალი წლის განმავლობაში. უკანასკნელ ხანებში დაიდო სხვადასხვა შეთანხმებები. არსებობს თუ არა რაიმე ტიპის მერყეობა გაფართოებასთან დაკავშირებით რომელიმე ქვეყნის მხრიდან.

ევროკავშირი საკმაოდ მომთხოვნია რეფორმებთან დაკავშირებით, მაგალითად, მრავალი წლის განმავლობაში მას ჰქონდა მოთხოვნები სასამართლო სისტემასა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ჯერ კიდევ არსებობს შეშფოთება ამ სფეროებთან დაკავშირებით.

 

პრეზიდენტი: ზუსტად თუ ვიტყვი, ის საკითხი, რომელიც ჩვენ წინაშე დგას  და რომელზედაც ვმუშაობთ, არ არის სასამართლო სისტემა და კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმის ბოლო ეტაპი, რათა გავაძლიეროთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამჟამად ამ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ. 

სიმართლეს თუ ვიტყვით, როდესაც პოლიტიკურ რეალიზმზე ვსაუბრობდი, ეს ზუსტად ის არის, რომ გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება მომწიფებული არ არის სხვადასხვა ქვეყნის გამო, რომ მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება გაფართოებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ჩვენთან დაკავშირებით, არამედ იმ ქვეყნებთან დაკავშირებითაც, რომლებიც დღეს კანდიდატები არიან. ზოგიერთ მათგანთან ერთად ჩვენ ერთ დონეზე ვართ.

ასე რომ, გაფართოება ან არგაფართოება, სტატუსი ან სტატუსის არარსებობა პოლიტიკური საკითხია. რაც ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ, არის სტატუსისგან დამოუკიდებელი სიტუაცია, როდესაც ჩვენ ამას ველოდებით და როდესაც ჩვენი პარტნიორები მზად არ არიან, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ ყველა იმ სექტორში და ადგილას, სადაც შეგვიძლია ეს მოძრაობა და როგორც ვხედავ, ამას ძალიან კარგად იღებენ ჩვენი პარტნიორები, რასაც მე რამდენიმე მათგანთან განვიხილავდი. ამან ასევე გამოიწვია ევროკომისიის ინტერესი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ივლისში ფორუმზე, თუ რა უნდა ყოფილიყო შემდგომი პარტნიორობა. მთავარია ის, რომ ჩვენ არ გავჩერდეთ. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთეთ სხვადასხვა რამ, გავაკეთოთ სხვადასხვა გზით, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გავჩერდეთ.

 

წამყვანი: როგორც თქვენ თქვით, ხდება ბევრი სფეროს დაახლოება, მაგალითად ვაჭრობის. რეფორმების თვალსაზრისით, ბევრი სფერო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა. მთავრობა უნდა ებრძოდეს კორუფციას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გასული წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში ელიტური კორუფციის დონე მაღალია.

ადამიანებს, რომლებიც იკავებენ მაღალ პოზიციებს სახელმწიფო სამსახურში, სასამართლო სისტემაში, საკანონმდებლო ხელისუფლებაში, აქვთ ძალიან ახლო კავშირები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან.

 

პრეზიდენტი:  ეს ზუსტად ის არ არის, რასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამბობს. ჩვენი რეიტინგი „გამჭვირვალობის“ რეიტინგში სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უკეთესია.
 

წამყვანი: მაგრამ ეს აზიანებს საქართველოს რეპუტაციას, საქართველოს იმიჯს, როგორც პარტნიორის ბიზნესის სფეროში, ასეთი ეჭვის გამო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.
 

პრეზიდენტი: ვფიქრობ, რომ ჩვენთან ელიტური კორუფციის ძალიან დაბალი დონეა და ევროკავშირის ქვეყნებში არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელთაც გარკვეული სერიოზული პრობლემები აქვთ.

ჩვენ პროგრესს განვიცდით ამ მიმართულებით მიუხედავად ჩვენი წარსულისა. ჩვენ მეექვსე ადგილს ვიკავებთ „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ განვიცადეთ პროგრესი „ფიჩ“ რეიტინგში ამ ზაფხულს და პერსპექტივები შემდგომი ხუთი წლისთვის ძალინ მყარია ამ საერთაშორისო რეიტინგებში.

ასე რომ, ვფიქრობ, რომ თუ ავიღებთ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა ინსტიტუტების რეიტინგებს, ჩვენ არ გვაქვს რთული პრობლემები. რაც უნდა გავაკეთოთ ის არის, რომ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია.

მე ვიტყოდი, რომ მთავარი გამოწვევა ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ იმ პრობლემების მიუხედავდ, რომლებიც არსებობს დღეს ევროპაში და რომლებსაც ყველა ხედავს, ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენს პერსპექტივაზე.
იმ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კულტურულად თავს ევროპელებად მივიჩნევთ და ვიზიარებთ ყველა ევროპულ ღირებულებას, არამედ არსებული გარემოს გამო, რომელიც ისეთია, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივაა ევროპასთან დაახლოება რამდენადაც შეგვიძლია მეტად და სწრაფად. ვფიქრობ, რომ ამას ვერაფერი შეცვლის. 

 

წამყვანი: იმ პროგრესის თვალსაზრისით, რომელზედაც საუბრობდით და დემოკრატიის ფუნქციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით, საქართველო კარგად აღიქმება, მაგრამ არსებობს გარკვეული კითხვები. მე ვახსენე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ძალინ მდიდარი ადამიანია და რომელსაც აქვს საქართველოს მთლიანი მშპ-ს ერთი მესამედი, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრი იყო და ამჟამად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია . . . თქვენ დამოუკიდებელი პრეზიდენტი ხართ, მაგრამ ის მხარს გიჭერდათ თქვენ, თქვენს კანდიდატურას, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს.

იმ მილიარდების თვალსაზრისით, რომელიც მის განკარგულებაშია, არსებობს თუ არა ის სფეროები, სადაც თქვენ მხარს უჭერთ საარჩევნო ხარჯების შეზღუდვას საქართველოში.

პრეზიდენტი: დიახ, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ყველა პარტია. ეს ჯგუფი ზაფხულში მუშაობდა ახალ საარჩევნო კანონზე, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების დაფინანსების საკითხებს.

ჩვენ გვექნება არჩევნები 2020 წლის ბოლოს და ყველა რეკომენდაცია, რომელიც შემუშავებული იყო ეუთოს და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODHR) მიერ გასული საარჩევნო ციკლის დროს, ინკორპორირებული იქნება ახალ კანონმდებლობაში. ასე რომ, ეს კონკრეტულად ის მიმართულებაა, საითაც საქართველო მიდის და ის უკან დაბრუნებას არ აპირებს. რაც შეეხება მდიდარ ხალხს პოლიტიკაში, ვფიქრობ, რომ ჩვენ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა არ ვართ, სადაც ასე ხდება.

 

წამყვანი: მიგაჩნიათ თუ არა პრობლემად, რომ კონკრეტული პირი ფლობს საქართველოს მშპ–ს ასეთ დიდ ნაწილს, როგორც პირად სიმდიდრეს.
 

პრეზიდენტი: ეს არ არის საქართველოს მშპ-ს ნაწილი, იმიტომ რომ ეს საქართველოში არ არის.
 

წამყვანი: საქართველოს მშპ-სთნ შეფარდებით.
 

პრეზიდენტი: საქართველოს მშპ-სთან შეფარდებით ეს შესაძლოა პრობლემა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სხვა მაგალითები. ეს არ არის არჩევანი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს სიმდიდრე არ არის საქართველოში. ეს გავლენას არ ახდენს არჩევანზე საქართველოს ეკონომიკაში. ეს პირდაპირ გავლენას არ ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
 

წამყვანი: რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას, ფართომასშტაბიან პროტესტს ზაფხულში, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენე და რომელიც რუსი კანონმდებლის პარლამენტში გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საქართველო-რუსეთის ისტორიულ ურთიერთობებზე საუბრობდა.
პროტესტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რეფორმების შესახებ, პროპორციული არჩევნების შესახებ, მაგრამ პროტესტანტები ჯერ კიდევ ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს, ეთანხმებით მათ?

 

პრეზიდენტი: არა. ჩვენ საფრანგეთში ვართ. ჩვენ ვიცით, რა ისჯება საფრანგეთში. ქვეყანამ, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არ შეიძლება მიიღოს ასეთი პროტესტი. თუმცა, ყველა იზიარებს ამ პროტესტს, მეც ვიზიარებ ამ პროტესტს, არ შეიძლება იყოს ასეთი სიტუაცია, როდესაც პარლამენტში ისმენ ისეთ სიტყვას, რომელიც არ შეესაბამება მოსახლეობის ფრუსტრაციის გრძნობას, რამაც გამოიწვია პროტესტი და ამ პროტესტის შედეგად პარლამენტის წევრს მოუწია ქვეყნის დატოვება.

მაგრამ ეს გამოყენებული იქნა და ამით მანიპულირება მოახდინა ზოგიერთმა რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიამ. ადგილი ჰქონდა პარლამენტში ძალადობრივად შეჭრის მცდელობას, მცდელობას, რომ გადაეგდოთ ძალები, რომლებიც იცავდნენ პარლამენტს და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქვეყნაში, მათ შორის საფრანგეთში, უსაფრთხოების ძალების რეაქცია იგივე იქნება.

სამწუხაროდ, ეს არ უნდა მომხდარიყო და იმედი მაქვს, რომ მომავალში აღარ მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქმე დახურულია და დახურული უნდა იყოს ყველასთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კანონს პატივი სცეს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს. მე, როგორც პრეზიდენტი, მხარს ვუჭერ ამას.
ვფიქრობ, რომ მე ვიცავ ხალხის უფლებებს, რომ გამოხატონ პროტესტი, მაგრამ ნორმალურ ჩარჩოებში, როგორც მიღებულია დემოკრატიულ ქვეყანაში.

 

წამყვანი: სამწუხაროდ, მეტი დრო აღარ არის სალომე ზურაბიშვილთან საუბრისთვის. დიდი მადლობა.
 

პრეზიდენტი:დიდი მადლობა და ისევ გელოდებით საქართველოში.