მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ FRANCEINFO-სთან

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ FRANCEINFO-სთან

 

დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, ევროკავშირში გაწევრიანება...

იხილეთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ "ფრანსინფოზე"

 

გამოქვეყნდა 2019 წლის 28 აგვისტოს, 23:16 საათზე, ჩასწორდა 23:20 საათზე

 

ოთხშაბათს საქართველოს პრეზიდენტი ფრანსინფოს სტუმარი იყო.

ბრექსიტიდამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველო, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, „მზადაა, დაიკავოს მათი ადგილი“, ვისაც ევროკავშირის დატოვება სურს, - ასე იხუმრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მედეფის სტუმარია. „დღევანდელი საქართველო წარმოადგენს პარადოქსს“, იმიტომ, რომ მას „სურს, ევროკავშირში გაწევრიანდეს მაშინ, როდესაც ზოგიერთს კავშირის დატოვება უნდა.“
 

ოთხშაბათს, 28 აგვისტოს, ფრანსინფოზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ, “კალამბური” იყო, რომლის მიზანიც იმის შეხსენება იყო, რომ საქართველო ამისათვის „მზად“ არის.
პრეზიდენტს სურს, რომ, ბრექსიტის მიუხედავად, ევროკავშირის გაფართოების „მსვლელობა“ გაგრძელდეს.


სალომე ზურაბიშვილმა, იმ პატარა ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელსაც 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ, რუსეთთან თითქმის არა აქვს ურთიერთობა, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ იდენტობას. ის თვითონაც საფრანგეთში დაიბადა, სადაც განათლება პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში მიიღო, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ კარიერას მიჰყო ხელი. 2018 წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტად აირჩიეს.

 

ინტერვიუ :

-    ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საღამო მშვიდობისა. სტუდიაში ჩვენთან ერთად არის ეტიენ ენარტი, „ფრანს ტელევიზიონის“ საერთაშორისო სამსახურის უფროსიც. გამარჯობა ეტიენ, მოგესალმებით, ქალბატონო პრეზიდენტო... საქართველო, მათთვის, ვინც არ იცის, არის ქვეყანა დაახლოებით 4 მილიონი მცხოვრებელთ, რომელიც მდებარეობს შავ ზღვასთან. მის ჩრდილოეთით მდებარეობს რუსეთი, სამხრეთით - თურქეთი, ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი. თქვენ საფრანგეთში იმყოფებით მედეფის მოწვევით, რა არის ამ ვიზიტის მიზანი?
 

-   წელს მედეფის და საფრანგეთის ბიზნესმენთა ფორუმის ერთ-ერთი თემა, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ევროპა : ისინი, ვისაც ევროპის დატოვება სურთ და, ისინი, ვისაც, ჩვენსავით, ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ. საკითხი ეხებოდა ჩვენს მომავალს ინდივიდუალურად და ერთად და საქართველო არის ქვეყანა, რომლისთვისაც მომავალი ევროპის წიაღში უმნიშვნელოვანეს, არსებით საკითხს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მომიწვიეს, ევროპის მხარდამჭერი ხმის გასაგონად, რომელიც არის იმედისა და ენთუზიაზმის ხმა, რომელიც დღესდღეობით იშვიათად ისმის ევროპაში.
 

-   რამდენად ნიშნავს ეს ფაქტი იმას, რომ თქვენი ქვეყანა ფრანგ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს აინტერესებს? ეს ალბათ, კარგი ამბავია, არა?
 

-    რასაკვირველია, კარგია ამ ენთუზიაზმის დანახვა. მე ენთუზიაზმით ვარ განწყობილი ევროპის მიმართ, ასევე ენთუზიაზმით მოისმინეს ის ევროპული სიტყვა, რომლითაც დღეს იყო წარმოდგენილი ეს პატარა ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად მომხიბლავი და საინტერესო ხდება. ამდენი ევროპელი და ფრანგი ტურისტი აქამდე არასოდეს გვყოლია, არასოდეს გაგვიყიდია ამდენი ქართული ღვინო საფრანგეთში.... (ჟურნალისტი: - საუცხოო ღვინო გაქვთ...) და შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არსებობს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა ამ ქვეყნისადმი, რომელიც უსათუოდ წარმოადგენს ყველაზე ევროპულ ქვეყანას ევროპის კარიბჭესთან და, ამავე დროს, პერსპექტივას ხსნის აზიისკენ, ინდოეთისკენ... ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან. მალე, ასეთივე შეთანხმება გვექნება ინდოეთთანაც და ვფიქრობთ, რომ საინტერესო პოზიცია გაგვაჩნია ინიციატივიანი ბიზნესმენებისათვის.
 

-     მალე ერთი წელი შესრულდება, რაც პრეზიდენტად აგირჩიეს. ჩვენმა მაყურებელმა ალბათ შეამჩნია, რომ თქვენ სრულყოფილი ფრანგულით საუბრობთ, რასაც, რასაკვირველია, თავისი ახსნა აქვს. გთავაზობთ, ნახოთ მარტენ ბომერის მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ბევრ რამეს მოგვითხრობს თქვენს უნაკლო ფრანგულზე.
 

-  უაქცენტო ფრანგულზე...

სიუჟეტი:

-  2018 წლის 16 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლის წითელ ხალიჩაზე საქართველოს ისტორია იწერება. სალომე ზურაბიშვილი ემზადება, რომ გახდეს პირველი ქალი პრეზიდენტი იმ ქვეყნისა, რომელიც მისმა ბებია-ბაბუებმა ერთი საუკუნის წინ დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ. წარმოშობით ქართველი, მაგრამ დაბადებით ფრანგი, პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში ირიცხება, ხდება ბრწყინვალე სტუდენტი და ბრწყინვალე მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. ის კარიერას ფრანგულ დიპლომატიაში აგრძელებს, თუმცა, არასოდეს დავიწყებია თავისი წინაპრების მიწა. ოცნებობს, რომ ერთ დღეს, საფრანგეთის ელჩი გახდება საქართველოში.

ოცნება 2003 წელს სრულდება. ამ წელს საქართველო იმედით ივსება, ვარდების რევოლუცია კორუმპირებულ ხელისუფლებას ბოლოს უღებს და ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილს აქცევს, რომლის ძალიან ნათელი მიზანიცაა მეტი მოტრიალება დასავლეთისკენ. სწორედ ამას გააკეთებს ის, როდესაც ჟაკ შირაკს შეხვდება, ერთი განსაკუთრებული თხოვნით. ის შირაკს სთხოვს, ათხოვოს თავისი ელჩი. ასე ხდება სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ერთ-ერთი საყრდენი. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ის ასევე არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირველი უცხოელი.

 

ს.ზ. - დიდი ხანი არ მიფიქრია, იმიტომ, რომ როდესაც ბევრს ფიქრობ, როდესაც ყველა პლიუსსა და მინუსს წონი, უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება...
 

-  მისი, როგორც მინისტრის, ყველაზე დიდი მიღწევა, საქართველოდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანა იყო საკმაოდ სწრაფად, იმიტომ, რომ მთავრობაში მხოლოდ 19 თვე დაჰყო. ის პრეზიდენტმა გადააყენა, სალომე ზურაბიშვილი კი მისი ოპოზიციონერი გახდა. დაპირისპირებები ამაო იყო, მანამ სანამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დაუახლოვდებოდა. უმრავლესობის დროშის ქვეშ, სალომე ზურაბიშვილი მოიპოვებს დეპუტატის მანდატს, შემდეგ კი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს, რომელსაც დიდი უპირატესობითაც იგებს და ხდება საყოველთაო კენჭისყრით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტი. (რეპორტაჟის დასასრული)
 

-  სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტო, რამდენად გეხმარებათ თქვენი, ფრანგი დიპლომატის, წარსული ურთიერთობაში საფრანგეთთან, თქვენს სამშობლოსთან?
 

-  რასაკვირველია, მეხმარება. გარკვეულწილად თავს ვგრძნობ მაკავშირებელ ხიდად საქართველოსა და საფრანგეთსა შორის და სხვებიც ასე აღმიქვამენ. დღესაც აღვნიშნე სხვადასხვა შეხვედრაზე, რომ მე, სხვა მიზეზებთან ერთად, კიდევ ამიტომ ამირჩიეს. ჩემი ევროპული წარსულისა და აწმყოს გამო, ჩემი, როგორც ფრანგის, წარსულის გამო, იმიტომ, რომ ჩემი პასპორტის დაბრუნება მომიწია... აქედან გამომდინარე, მე, პიროვნულად და ფიზიკურად, ერთმანეთს ვუახლოვებ საქართველოსა და ევროპას, რასაც ძალიან აფასებენ ჩემი თანამოქალაქეები. თქვენ იცით, რომ თბილისის ქუჩებში ევროპის დროშები ფრიალებს, საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 80% ევროინტეგრაციის და ევროპასთან დაახლოების მომხრეა, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიისა. ჩვენ, ასევე, გასულ წელს ქვეყნის ევროპული მისწრაფება ავსახეთ ქვეყნის კონსტიტუციაში. აქედან გამომდინარე, არსებობს კონსენსუსი და ყველა კარგი თვალით უყურებს ნებისმიერ იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან დაგვაახლოვებს.
 

-   ქალბატონო პრეზიდენტო, რამდენად გჯერათ საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციისა მომავალ წლებში? არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ცდილობენ იგივეს და ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რთული და ხანგრძლივი პროცესი. სხვათა შორის, თქვენ უკვე მოაწერეთ ხელი სხვადასხვა შეთანხმებას პარტნიორობის შესახებ ევროკავშირთან. ხომ არ არის ასეთი სახის პარტნიორობა უფრო ეფექტური, ვიდრე ევროკავშირის გაფართოების მოთხოვნაა? ევროინტეგრაციას ხომ წლები დასჭირდება...
 

-     პირველ რიგში, ყველა ნაბიჯი სასარგებლოა. შემდეგ კი, უნდა აღინიშნოს, რომ დრო სჭირდება პროცესს. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც იგივე მდგომარეობაში იყვნენ, რომელშიც საქართველო.... ბალტიისპირეთის ქვეყნები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 13 წელიწადში გახდნენ წევრები, ჩვენ ერთდროულად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა... ასე, რომ ყველაფერი დამოკიდებულია გარემოებებზე, თუმცა, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ დღევანდელი გარემოებები ანელებენ ამ პროცესს. ჩვენს გამო კი არა, არამედ იმის გამო, რაც ევროპის შიგნით ხდება, და, ამიტომ, საჭიროა, ვიყოთ რეალისტები და ჩვენ გვაქვს შესაბამისად, ალტერნატიული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ევროპაში „შესვლას“ სექტორ-სექტორ, ყველა იმ პროგრამაში, რომლებისთვისაც საქართველო მზადაა. ასეთი პროგრამა ბევრია. შემდეგ კი, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ მივხვდებით, რომ საქართველო არის ყველა პროგრამის წევრი და პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ შესაფერისი მომენტის საკითხია.
 

-   მაგრამ, როდესაც თქვენ დღეს ოფიციალურად განაცხადი გააკეთეთ, რომ გსურთ დიდი ბრიტანეთის ადგილი დაიკავოთ ევროპაში, ეს უბრალოდ, კალამბურია, თუ თქვენ რეალურად ცდილობთ, შანსი გამოიყენოთ?
 

-   ეს კალამბურია, მაგრამ, კალამბური, რომლის მიზანიცაა, აჩვენოს, რომ ჩვენ გადაჭრით გვსურს ევროპის წევრობა და, რომ ერთი რამ არის არსებითი და სწორედ ეს იყო ჩემი გზავნილი დღეს : შესაძლებელია, გავიგოთ ყველა ის შეფერხება თუ სირთულე, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების სირთულეს უკავშირდება, თუმცა, მე ვთვლი, რომ საქართველო ვერ გაიგებს და არ უნდა დათანხმდეს, ჩემი აზრით, ამ მოძრაობის შეჩერებას. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენ გვქონდა სხვადასხვა შეთანხმება ევროკავშირთან, სამეზობლო პოლიტიკის, ასოცირების ხელშეკრულება, შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უვიზო მიმოსვლა... ეს ყველაფერი კარგად უჩვენებს ევროკავშირისაკენ წინსვლისა წლებს 1991 წლიდან მოყოლებული... ეს მოძრაობა უნდა გაგრძელდეს. მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა...შეუჩერებლად, იმიტომ, რომ შეჩერების შემთხვევაში, ამას აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ყველაფერში, რაც საინფორმაციო ბრძოლასა და პროპაგანდას უკავშირდება  და იტყვის : ხომ ხედავთ, ევროპას არ აინტერესებთ. თუმცა, ეს ასე არ არის. ევროპას ჩვენ ვაინტერესებთ და ჩვენც დაინტერესებული ვართ მისით და ეს ასე გრძელდება.
 

-   მეზობელი, რომელზეც საუბრობთ, რუსეთია და თქვენი კოჰაბიტაცია ძალიან რთულია დღეს...
 

-   დიახ, მეზობლობა ძალიან რთულია. 2008 წლის ომის შემდეგ, რომლის შეჩერებაშიც დიდი როლი ითამაშა, საფრანგეთმა, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ და სარკოზიმ და მას უნდა ვემადლიერებოდეთ ცეცხლის შეწყვეტისთვის. სამწუხაროდ, რუსეთი არ იცავს ამ შეთანხმებას.

ჩვენ გვაქვს ქვეყნის ორი რეგიონი, რომელიც კვლავ ოკუპირებულია სამხედრო ძალის მიერ. ეს ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა, თუმცა, ამას საერთაშორისო ეფექტი არ ქონია, იმიტომ, რომ ძალიან ცოტამ აუბა მხარი. მაგრამ, პრობლემატურია ის, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს ამ ტერიტორიებს, შესაბამისად, ეს არის მუდმივი სიმძიმე, იმიტომ, რომ რუსეთი სულ აწყობს პატარა პროვოკაციებს. ხან მაცხოვრებლებს იტაცებს, ადმინისტრაციული საზღვრიდან. ეს ძალიან მძიმეა. თუმცა, ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელი ბოთლის ამბისა არ იყოს, ამის მიუხედავად, ომის მიუხედავად, ამ თითქმის ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს თავის წინსვლას ევროპისკენ და თუკი რუსეთის მიზანი იყო, მისი ამ გზიდან გადახვევა, მან ეს ვერ მოახერხა. თუკი მისი მიზანი იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების შეფერხება, მან ვერც ეს მოახერხა... ვერც მის დემოკრატიულ განვითარებას შეუშალა ხელი და ამდენად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას არჩეული მიმართულებით, რაც სუვერენობისა და დამოუკიდებლობის უპირველესი ნიშანია.

 

-  როგორია თქვენი რეაქცია, როდესაც ხედავთ, რომ ემანუელ მაკრონი მასპინძლობს ვლადიმირ პუტინს? G7-ის სამიტამდე საფრანგეთში?
 

-    ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა, ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რაც ძალიან გასაგებია, იმიტომ, რომ ეს პრინციპია ჩვენთვის. საჭიროა, რომ რუსეთმა იმოძრაოს, რომ ჩვენ გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ.... ჩვენ, პატარა ქვეყანა ვართ და ვერ ვიტყვით, არც თქვენ გააკეთოთ რამე. თუკი საფრანგეთი გააგრძელებს იმ საქმიანობას, რომელიც 2008 წელს დაიწყო და მოახერხებს, რომ რუსეთი დათმობაზე წაიყვანოს და გააგებინოს, რომ ძალისმიერი მეთოდები არ არის ის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც მას რაიმე კარგს მოუტანს, ვიტყოდი, რომ ეს მოძრაობა სასარგებლო შეიძლება იყოს. ყველაზე ცუდია სტაგნაცია, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ზონები და in fine, დრო ჩვენს წისქვილზე არ ასხამს წყალს.
 

-  მაყურებელს შევახსენოთ, რომ თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსული ჯარის მიერ, ეს ცოტა არ არის, და, გუშინ, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყველა თავის ერთად შეკრებილ ელჩს შეახსენა, რომ რუსეთთან მიმართებით, უნდა შევიცვალოთ და უნდა ვიყოთ უფრო მოქნილი. თქვენთვის ეს დიდი დაბრკოლება უნდა იყოს...
 

-   არ ვიცი, უნდა ვიყოთ თუ არა უფრო მოქნილი. თუკი საფრანგეთი თავის საქმიანობას გააგრძელებს იმ წერტილიდან, სადაც გაჩერდა, ანუ, 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევიდან და ეცდება, ეს შეთანხმება რუსეთს ბოლომდე შეასრულებინოს, იმისთვის, რომ რუსეთს ნორმალური სამეზობლო ურთიერთობა აღადგენინოს და დაარწმუნოს ის, რომ სახელმწიფოდ ყოფნა დღეს, იქნება ეს ევროპაში, თუ ევროპის საზღვართან, ნიშნავს ნორმალურ და ცივილიზებულ ურთიერთობას მეზობლებთან. ამას თუ მიაღწევს საფრანგეთი, ეს იქნება ნამდვილი წარმატება, თუ ვერ მიაღწევს, ეს უკვე სხვა პრობლემაა. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ იმისათვის, რომ საშუალება გვქონდეს, რომ საზღვრები გადავაწევინოთ, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მთავარი პარტნიორების მხარდაჭერა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი ვარ, ჩვენს თითოეულ ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორთან ვიმეორებ, რომ მათ თავიდან უნდა დაიწყონ მცდელობა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით გამოსავალი მოიძებნოს. ისინი თავიდან უნდა ჩაერთონ ჟენევის კონფერენციაში, რომელიც დღესდღეობით არსებული ერთადერთი ფორმატია; რომ ისინი თავიდან ჩაერთონ პოლიტიკურ დონეზე და უფრო მაღლა აწიონ პოლიტიკური ფორმატი იმ შეკრებისა, რომელიც წმინდად ტექნიკური ხასიათის შეკრებად იქცა, იმიტომ, რომ აღარაფერ ისეთზე აღარ ვსაუბრობთ, რაც რაიმეს მოაგვარებს. ასე, რომ, ყველგან საჭიროა მოძრაობა.

 

-   რას იტყოდით კონფრონტაციის საკითხზე. სამხედრო თვალსაზრისითაც, თქვენ ითხოვთ პოლიტიკური მიმართულებით ევროკავშირში გაწევრიანებას, სამხედრო თვალსაზრისით კი - ნატოში გაწევრიანებას. გულწრფელად მითხარით, გჯერათ, რომ ნატო გაწევს რისკს და რუსეთთან დაპირისპირებულ საქართველოს წევრად მიიღებს? იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი პუტინი ამას, წესით, არ დათანხმდება?
 

-   ეს ყველაფერი ხდება იმ სწრაფვის პარალელურად, რაც ევროკავშირთან გვაკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ პოლიტიკურ დონეზე, არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული არ იქნება დღეს ან არც ხვალ... ჩვენ ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკვე გავიარეთ გარკვეული მონაკვეთი, ძალიან ეფექტურად. პრაქტიკულად, საქართველომ დღეს შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა იმისათვის, რომ გახდე წევრობის კანდიდატი და შემდეგ წევრი.
აქაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა პოლიტიკური გადაწყვეტილება ან ის, რომ ვიცოდეთ, მაგიდის გარშემო ვისთან ერთად ვისხდებით, არამედ, ის, რომ ჩვენ გვაქვს სულ უფრო მეტი ურთიერთობა ნატოსთან. წელს ჩვენ გვქონდა ორი სამხედრო წვრთნა ნატოსთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე...

-   თქვენ ასევე გყავთ ჯარისკაცები ავღანეთში...
 

-   ჯარისკაცები გვყავს ავღანეთში... ასევე, ვუმასპინძლეთ სამხედრო კომიტეტის ვიზიტს, ერთ თვეში ველით ატლანტიკური საბჭოს ვიზიტს, ეს ყველაფერი ქმნის იმ ურთიერთობათა ქსელს, რაც ერთმანეთთან გვაახლოებს და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარია მოძრაობა.

-  ქალბატონო პრეზიდენტო, გთავაზობთ, რომ მოვისმინოთ, რა თქვა დონალდ ტრამპმა G7-ის დასრულების შემდეგ. მან ისაუბრა რუსეთის დაბრუნების შესახებ G7-ის ქვეყანათა რიცხვში.
 

-  შესაძლოა, რამდენიმე დღეში ვარშავაში შევხვდე მას...

-  (ტრამპი) მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მონაწილეობა მიზანშეწონილია G8-ში, იმიტომ, რომ იმ პრობლემათა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებზეც G7-ის ფარგლებში ვისაუბრეთ, მას ეხება. შესაბამისად, მე დადებითად ვაფასებ რუსეთის დაბრუნებას და, თუკი ეს მოხდება, მხარსაც დავუჭერდი ამას.

-    ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ რამდენიმე კვირაში შესაძლოა შეხვდეთ დონალდ ტრამპს...ახლა თქვენ საფრანგეთში, პარიზში იმყოფებით, აპირებთ თუ არა, შეხვდეთ ემანუელ მაკრონს ან მისი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელს?
 

-  ხვალ შევხვდები მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელს, თავად პრეზიდენტს არ შევხვდები, იმიტომ რომ მას გაეროს ასამბლეაზე შევხვდები, ასე შევთანხმდით...დონალდ ტრამპს კი ალბათ პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად შევხვდები, ვარშავაში, პირველ სექტემბერს...
 

-  პარადოქსია, მაგრამ ისტორიულად ეკონომიკური ურთიერთობები საფრანგეთსა და საქართველოს შორის არ არის ძალიან ინტენსიური... მგონი, ეს ურთიერთობები მე-10 და მე-20 ადგილს შორის იკავებენ მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ურთიერთობა უფრო განვითარებული გაქვთ აშშ-სთან, რუსეთთანაც კი, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს ეს...რატომ?

-  პარადოქსია, მაგრამ ასეა, რუსეთი მეზობელია...
 

-  იქნებ დღეიდან, თქვენი ვიზიტის შემდეგ ეს შეიცვალოს...
 

-         დიახ, მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ცვლილებები დადგება... არ მგონია, რომ ეს უცებ მოხდეს... მაგრამ, როგორც გითხარით, ტურიზმის კუთხით გვქონდა ასეთი უეცარი წინსვლა, საფრანგეთში უკვე ყველა მეუბნება, რომ უნდათ საქართველოში ჩამოსვლა ან უკვე ნამყოფები არიან ... და მგონია, რომ გვეწვევა მეტი ბიზნესმენი, რათა ნახოს, გაეცნოს, დაინტერესდეს... მე კარგად ვიცნობ ფრანგ ბიზნესმენებს... ისინი ნაკლებად გამბედავები არიან, როდესაც საქმე ეხება მათთვის უცნობ ქვეყანაში წასვლას...მაგრამ აქაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს გზავნილს, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ხვდებით, რომ ნაცნობ მიწაზე ხართ, ეს არის ევროპული ქვეყანა... თავს არ გრძნობთ ისე უცხოდ, როგორც წარმოგედგინათ და არის ძალიან ბევრი საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვართ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს... ეს არის ძალიან საინტერესო შემაერთებელი პუნქტი, ბიზნესის კეთების კარგი პოტენციალით, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ Doing business-ის კუთხით მე-6 ადგილზე მსოფლიო მასშტაბით.

ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან ბიზნესი ადვილია, ასევე ადვილია საქმიანობა ჩვენთან ბეგარის კუთხითაც და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბიზნესმენებს ჩამოვიდნენ, მათ, ვისაც არ მოუსმენიათ დღეს ჩემი გამოსვლა...

-   თქვენ აღნიშნეთ, რომ ტურიზმი წარმოადგენს მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს თქვენი ქვეყნისთვის...

-   არამხოლოდ, სხვათა შორის... ფინანსური შემოსავალი, რა საკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ტურიზმი არის ასევე ღია გზა, რომელიც განაპირობებს, რომ ყოფილი ტურისტები ბრუნდებიან საქმიანი ვიზიტებით, ბიზნესისათვის, ინვესტიციების ჩასადებად და ა.შ. და, გარდა ამისა, ჩვენ ამას სულ ვამბობთ და, მე სულ ვიმეორებ, ეს არის „მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“. ასე უკეთ გვიცნობენ, ქართული კულტურა ევროპაში ცნობილი ხდება, მას ძალიან ცოტა იცნობდა... და, ქართველები, თავის მხრივ, ხელახლა აღმოაჩენენ ევროპელებს უფრო მჭიდრო ურთიერთობით, უვიზო რეჟიმის წყალობით. ჩვენ რეალურად, ფიზიკურად ვუახლოვდებით ერთმანეთს.

-  ინვესტორებს ხომ არ შეექმნებათ პრობლემა ნაწილობრივი არასტაბილურობის გამო თქვენს ქვეყანაში? ზაფხულში მანიფესტაციები იყო...
 

-  კი, იყო მანიფესტაციები... მე მგონი, საფრანგეთი არ იტყვის, რომ მანიფესტაციები (მხოლოდ) საქართველოშია...

-  ხომ არ დააბრკოლებს ეს ინვესტორებს? იქნებ თქვენ ჯერ სტაბილურობა გჭირდებათ?
 

-  რეგიონში ჩვენ სტაბილურობის ტერიტორიას წარმოვადგენთ, ჩვენ ვართ კავკასიის პატარა შვეიცარია, და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის დამთვალიერებელი, თუ ინვესტორი, ვინც ჩამოდის, არ შეწუხებულა ამ პოლიტიკური „არასტაბილურობით“, რომელზეც თქვენ საუბრობთ.
იმიტომ, რომ მას რეალური შედეგები არ აქვს. ქვეყანაში ნამდვილი სტაბილურობა არსებობს, მშვიდობა დაცულია, ინვესტიციები უსაფრთხოა და... ზაფხულის მანიფესტაციების შემდეგაც კი, რომლებიც ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დამადასტურებელი ნიშანია, ფიტჩისა და მუდის სარეიტინგო მაჩვენებლები და მათი სამომავლო პროგნოზები არ შეცვლილა. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც ....

 

-  ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დავასრულოთ, თქვენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც 6 წელს გასტანს, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. აპირებთ, თუ არა, თქვენი კანდიდატურის წამოყენებას ხელახალ ვადაზე?
 

- ამ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობ, ვიცი, რომ ყველა პოლიტიკოსი ამას ამბობს და ეს ბევრი არაფრის მთქმელია თქვენთვის, მაგრამ, ჩემი ამბიცია არის რამდენიმე რამე : პირველი არის ევროპა, მასთან დაახლოება ჩემი მიზანია და ვიქნები ძალიან ბედნიერი, თუ ვადას დავასრულებ, როგორც ქალბატონი ვიკე-ფრეიბერგა, იმიტომ, რომ მისი ქვეყანა გახდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი, მისი მეორე ვადის ამოწურვამდე.

თუკი ევროპა შეიცვლება ამასობაში, ეს ყველაფერი სხვა ფორმას მიიღებს... მეორე, რაც მსურს, არის ის, რომ მოვახერხო ეროვნული შერიგება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს პოლარიზაციის პრობლემა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს და ძალიან დამაზიანებელია, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, და ჩვენ უფლება არ გვაქვს დავუშვათ შეცდომები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ დაყოფილები ვიყოთ. ეს არის კიდევ ერთი დიდი მიზანი ჩემთვის. მესამე მიზანი კი არის, დავეხმარო საზოგადოებას, და ეს არის პრეზიდენტის როლი, (იმიტომ, რომ ის ამისთვის მმართველობას კი არ მოითხოვს, არამედ, საზოგადოებაზეა დამოკიდებული)  რომ მენტალიტეტი შეიცვალოს, ქალის როლი, ახალგაზრდობის, სპორტის როლი გაძლიერდეს, იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოდ გამოვიდეთ საბჭოთა მენტალიტეტის ნარჩენებიდან.
თუკი ამ ყველაფერს მოვახერხებ, ახალი ვადა საჭირო აღარ იქნება.

 

- ჩვენი სტუმარი იყო სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. მადლობა ეტიენ ენარტს, კომპანიისათვის.