მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   "საქარათველო უაღრესად ევროპული ქვეყანაა"

"საქარათველო უაღრესად ევროპული ქვეყანაა"

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან, „ლატვიური გაზეთი“ (Latvijas Avize), 17.05.2019

ამ კვირას საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ლატვიას ეწვია. ის ლატვიის პრეზიდენტს ბატონ რაიმონდს ვეიონისს, სეიმის სპიკერს ქალბატონ ინარა მურნიეცეს და პრემიერ მინისტრს ბატონ კრიშანის კარინსს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა „ლატვიურ გაზეთს“ (Latvijas Avize).

თქვენო აღმატებულებავ, თქვენ დაიბადეთ და აღიზარდეთ საფრანგეთში. ალბათ გარედან უფრო ადვილად შესამჩნევია ის გასაოცარი ფაქტი, რომ ქართველებსა და ლატვიელებს შორის უზარმაზარი სიმპათია არსებობს. ეს კავშირი ორ ხალხს შორის ყველა დროში ძლიერი იყო - დღეს, საბჭოთა პერიოდში და ცარისტული იმპერიის დროსაც კი. როგორ ახერხებენ გეოგრაფიულად და ასევე მენტალურად შორს მყოფი ქვეყნები ასეთი სიახლოვის შენარჩუნებას?

არსებობს გამოთქმა, რომ საწინააღმდეგოდ დამუხტული პოლუსები ერთმანეთს იზიდავენ. ჩვენ მართლაც სხვადასხვა ვართ. თქვენ თავშეკავებული ჩრდილოელები ხართ, ჩვენ კი - ემოციური და ტემპერამენტიანი სამხრეთელები. ალბათ პასუხი ჩვენს ისტორიაში უნდა ვეძიოთ. ორივემ, ლატვიელებმაც და ქართველებმაც მძიმე დრო და რეპრესიები გამოსცადეს. ემიგრაციაში ყოფნისას, მე გადასახლებაში მყოფ ქართველებსა და ლატვიელებს, ლიტველებსა და ესტონელებს შორის არსებული შესანიშნავ ურთიერთობათა მოწმე ვიყავი. ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვქონდა - ჩვენი ქვეყნების თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ერთი საერთო მტერი  გვყავდა - საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი. ჩვენ ჩვენი ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის ერთობლივად ვიბრძოდით. წელს ჩვენ ორ თარიღს აღვნიშნავთ. 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიის გზის შექმნიდან 30 წლისთავს, როდესაც ბალტიისპირეთის ხალხებმა ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით ვილნიუსი, რიგა და ტალინი ერთმანეთს დაუკავშირეს. ახლახან კი, საქართველომ აღნიშნა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების წლისთავი, როდესაც თბილისის ქუჩებში საბჭოთა არმიამ 19 დემონსტრანტი იმსხვერპლა. ასე რომ, სულაც არ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ საერთო მტკივნეულმა ისტორიულმა გამოცდილებამ ჩვენს შორის ესოდენ მჭიდრო მენტალური კავშირები ჩამოაყალიბა.

თქვენი ცხოვრება და კარიერა საკმაოდ არაორდინალურია. რის გაკეთება გსურთ საქართველოსთვის? რა არის თქვენი პრეზიდენტობის პრიორიტეტები?

ადვილია მათ შესახებ საუბარი, მაგრამ ბევრად რთულია მათი მიღწევა. მოკლედ რომ მოგახსენოთ - მე ვარ საქართველოს პირველი ევროპელი პრეზიდენტი და მინდა გავხდე ისეთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ერთიან ევროპაში სრულად იქნება ინტეგრირებული. ამ თვალსაზრისით, მინდა ვგავდე თქვენს ყოფილ პრეზიდენტს ვაირა ვიკე-ფრაიბერგას, რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიც ლატვია ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდა.

ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. ამ ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად, ქვეყნებმა გარკვეული სტანდარტები უნდა შეასრულონ, რაც უდიდეს შრომასა და რეფორმებს გულისხმობს. რას ფიქრობთ საქართველოს წარმატებაზე? ახლახან შევიტყე, რომ საქართველოში რეფორმების პროცესი შენელდა.

ჩვენ ბევრს და მიზანმიმართულად ვმუშაობთ და უამრავ შედეგს მივაღწიეთ. საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი არ შენელებულა, ჩვენ მას ადრინდელი ტემპით განვაგრძობთ. ასეთია ცხოვრება - რაც უფრო მეტს აღწევ, მით უფრო რთული ხდება წინსვლა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. მარათონშიც ხომ ასეა - ყველაზე რთული ბოლო მეტრების დაძლევაა. საქართველოს უახლოეს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებში ჩემი ვიზიტების ერთ-ერთ მთავარ მიზანს ჩვენი არჩეული გზის უცვლელობის დადასტურება წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორობამდე მივიტანოთ გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება მათი მხარდაჭერა და გაგება. პირველ რიგში, ჩვენ  ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან ველოდებით პოლიტიკურ რეაგირებას ჩვენს მოლოდინებზე, ძალისხმევასა და ამბიციებზე. მეორე რიგში, ევროკავშირისგან ჯერ კიდევ გვჭირდება მიზნობრივი ფინანსური მხარდაჭერა, რათა შევძლოთ ჩვენი რეფორმების პროცესის უფრო სწრაფად და ხარისხიანად გაგრძელება.

2 წლის წინ საქართველოში ვიმოგზაურე და გაოცებული დავრჩი ახალი სამთავრობო და საპოლიციო  შენობების ხილვით, რომლებიც მინისგანაა ნაგები. ერთ დროს, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ გამჭვირვალე შენობებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ აღიქვამდა. სომხეთში თქვენი მეზობლები იცინოდნენ, რომ ქართველი პოლიციელისთვის ქრთამის მიცემა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. კვლავ გრძელდება თუ არა სააკაშვილის პერიოდში დაწყებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ?

ბოლო 15 წლის განმავლობაში ბრძოლა შეიცვალა, რადგან კორუფცია, საერთო ჯამში, საქართველოში აღმოფხვრილია. ახლახან შევიტყე, რომ რომელიღაც უცხოელი გაოცებული დარჩენილა, როდესაც მის მიერ ჯარიმის სახით შეთავაზებულ ნაღდ ფულზე პოლიციელს უარი უთქვამს, რადგან საქართველოში ჯარიმებს ბანკში ან ინტერნეტ გადარიცხვების მეშვეობით იხდიან. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ, რასაც როგორც ჩვენი მოსახლეობა, ისე საერთაშორისო ექსპერტები აღიარებენ. მე უფრო სხვა, ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებზე გავამახვილებდი ყურადღებას. მაგალითად, უმუშევრობის მაღალ დონესა და სოციალური უზრუნველყოფის დაბალ სტანდარტებზე. ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა გვაქვს, მაგრამ მისი დონე შეიძლებოდა უფრო მაღალი ყოფილიყო. ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სიტემის რეფორმირება, მომავალში უმუშევრობის შემცირების მიზნით. უმუშევრობის მაღალი დონე, კერძოდ, რეგიონებში, არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები, საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრების იმედით,  საქართველოს ტოვებენ. ამავდროულად, ფაქტია, რომ ბევრ სექტორში კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომაა, რომ დღევანდელი მთავრობა ამდენ ყურადღებას უთმობს განათლების სექტორის რეფორმირებას.

2008 წელს თქვენ მხარი დაუჭირეთ მომავალში საქართველოს კონსტიტუციურ მონარქიად ჩამოყალიბების იდეას, სადაც სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა დინასტია მოვიდოდა. ჯერ კიდევ მხარს უჭერთ ამ იდეას?

თქვენ არასწორად გაიგეთ. მე არ გამოვსულვარ მონარქიის აღდგენის მხარდაჭრით, მხოლოდ ის ვთქვი, რომ მონარქია, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმა,  ქართულ  მენტალობას შეესაბამება. საქართველო უძველესი ისტორიის ქვეყანაა, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ერი ვართ, რომელმაც ახალი წელთაღრიცხვით 331 წელს ქრისტიანობა მიიღო. ბაგრატიონთა დინასტია ქვეყანას დაახლოებით 1000 წელი მართავდა და ის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დინასტიაა. აშკარაა, რომ ამ პერიოდმა ღრმა კვალი დატოვა ერის ცნობიერებაში.

თქვენ ხშირად გითქვამთ, რომ თანამედროვე საქართველო ქართველი ხალხის ისტორიულ ღირებულებებს უნდა დაეფუძნოს, რას წარმოადგენს ეს ღირებულებები?  

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ერთ-ერთი მათგანი - ტოლერანტულობა. ამ თვალსაზრისთ, საქართველო უაღრესად ევროპული ქვეყანაა. დღეს ჩვენ კარგი გაგებით კონტრასტს ვქმნით „ძველ ევროპასთან“, სადაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა არატოლერანტული განწყობების  ზრდას. ქართველები ამაყობენ იმით, რომ 27 საუკუნეა რაც ებრაულ თემთან ერთად ვცხოვრობთ და ქართველებსა და ებრაელებს შორის არანაირი ეთნიკური ინციდენტი არ მომხდარა. საქართველოში წარმოდგენილია საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომხურ-ქრისტიანული და აზერბაიჯანულ-მუსლიმური თემები. თითოეული ეს უმცირესობა კომპაქტურადაა დასახლებული თავის რეგიონში, სადაც ისინი ინარჩუნებენ თავიანთ ეროვნულ კულტურას და იყენებენ მშობლიურ ენას ყოველდღიურ კომუნიკაციასა და სკოლაში. ქართველებს, აზერბაიჯანელებსა და სოხებს შორის კარგი ურთიერთობებია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი.  ეს კი, თუ გავითვალისწინებთ უახლოეს წარსულში აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის არსებულ კონფლიქტს, სულაც არ არის თავისთავად ნაგულისხმევი რეალობა.

2005 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდით. თქვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევას საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა წარმოადგენს. თუმცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში დაბრუნდა - თავდაპირველად როგორც აგრესორი, მოგვიანებით კი მან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა  აღიარა. რა პოტენციური გზა არსებობს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად?

ჩვენ შეუპოვრად და დაუღალავად უნდა განვაგრძოთ ევროკავშირსა და ნატოში  გაწევრიანებისკენ სწრაფვა. ამასთან, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში. ამავდროულად, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ მათთან კავშირი. ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვინდა სამხედრო ძალის გამოყენება აღნიშნული ტერიტორიების დასაბრუნებლად.  თუმცა, ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან ველოდებით რუსეთისთვის იმის შეხსენებას, ყველა შესაძლო სიტუაციაში, რომ არაფერი არაა დავიწყებული და რომ არსებულ სიტუაცია აბსოლუტურად მიუღებელია.

როგორ დაახასიათებდით საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობას?

თუ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან მომდინარე პროვოკაციებს არ ჩავთვლით, არანაირი ურთიერობა არ არსებობს.

რუსეთი აცხადებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის ერების სუვერენიტეტთან. სად მთავრდება ერის თვითგამორკვევის უფლება და სად იწყება სეპარატიზმი?

მე შემიძლია მხოლოდ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაგცეთ პასუხი. ქართველმა ხალხმა საკუთარი ბედის თავად გადაწყვეტის სურვილი  1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმში გამოხატა. რეფერენდუმი ჩატარდა  მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90 პროცენტმა. ეს იყო ნების თავისუფლად გამოხატვის აქტი, რომლის მონაწილეთა 99 პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბევრმა მცხოვრებმა, მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის იდეას.  ასე რომ, ქართველ ხალხს უკვე დაფიქსირებული აქვს თავისი პოზიცია, რომ ის მხარს უჭერს არა მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობას, არამედ ტერიტორიულ მთლიანობასაც.

რის ნახვას ურჩევდით იმ ლატვიელებს, რომლებიც ამ ზაფხულს ან მოგვიანებით საქართველოს ესტუმრებიან?

ბევრი ადამიანისთვის საქართველო პირველ რიგში შესანიშნავ კერძებთან და ღვინოსთან ასოცირდება. ეს მართლაც კარგია, მაგრამ საქართველო უფრო მეტია, ვიდრე გასტრონომიული დანიშნულების ადგილი. ბუნება, ზღვა, მთები, უძველესი კულტურა, სათხილამურო შესაძლებლობები და კურორტები - ყველაფერ ამას სტუმართმოყვარე საქართველოში ნახავთ. ჩვენ უფრო მეტი საუკუნოვანი ეკლესია გვაქვს, ვიდრე ფრანგებს ყველის სახეობები. ასე რომ, ესტუმრეთ საქართველოს!

სალომე ზურაბიშვილის სავიზიტო ბარათი

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა პარიზში, 1952 წელს, ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში. მისი ბაბუა 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მინისტრი იყო.

ის სწავლობდა პოლიტოლოგიას საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2003 წელს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩი გახდა, ხოლო 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.

2018 წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.