მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   სხვა „ფრანგი“ პრეზიდენტი

სხვა „ფრანგი“ პრეზიდენტი

ბედისწერა: ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტია. რევანში საკუთარი  ოჯახის წარსულზე. ფრანგული ჟურნალის Le Point სპეციალური კორესპონდენტის ოლივიე პერუს სტატია
 
იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ეწვიოთ, ჯერ ძველი თბილისის ქუჩებში უნდა ჩაიკარგოთ თავისუფლების მოედანთან. ეს ის მოედანია, სადაც ასი წლის წინ ლენინისა და სტალინის მიმდევარმა ბოლშევიკებმა თავისი რევოლუციური საქმიანობის დასაფინანსებლად ბანკი გაძარცვეს; მოედანი, სადაც 2005 წელს ჯორჯ ბუშის სიტყვით გამოსვლისას მისი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. სწორედ მრავალგვარი ჩურჩხელებით (სოსისის ფორმის ტკბილეული დამზადებული ყურძნისა და ნიგვზისგან) აჭრელებულ ამ ქუჩებში, საკმაოდ შორს საპრეზიდენტო სასახლიდან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სადაც პრეზიდენტი როგორც სამსახურში, ისე მიდის ყოველდღე, შეარჩია სალომე ზურაბიშვილმა სახლი. იქ ის გომბორასთან ერთად ცხოვრობს. გომბორა პატარა ძაღლია, რომელიც მან გზის პირას იპოვა საპრეზიდენტო კამპანიის დროს. „საკმაოდ  მტკიცე წინააღმდეგობის გაწევა მომიხდა უსაფრთხოების სამსახურისთვის, აქ რომ დავრჩენილიყავი“,- გვეუბნება ის თავისი სახლის მისაღებში. „სასახლეში არცხოვრება ჩემთვის გარკვეულად ქართველებთან უფრო ახლოს ყოფნის გზაა. თანაც, რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტი ვარ თუ არა, აქ ჩემს სახლში ვგრძნობ თავს“.
თავის სახლში? 1952 წელს საფრანგეთში დაბადებული და ფრანგული დიპლომატიის ქარცეცხლში გამობრძმედილი სალომე ზურაბიშვილი კავკასიის რეგიონში პირველი ქალი  სახელმწიფოს მეთაურია.  ეს ერთგვარი რევანშია მისი ოჯახის წარსულზე. 66 წლის ასაკში მან ბოლოს და ბოლოს მოახერხა დაეპყრო მთებითა და ვენახებით გარემოცული ეს სამეფო, საიდანაც მის ბებიასა და ბაბუას 98 წლის წინ აიძულეს გაქცევა.
        1921 წელი. რევოლუციიდან ოთხი წლის შემდეგ ვინმე იოსებ სტალინის, წარმოშობით ქართველის, მითითებით ბოლშევიკები თბილისზე ილაშქრებენ. ივანე და ნინო ზურაბიშვილები, ისევე, როგორც  ადგილობრივი ელიტის კიდევ 2000 ოჯახი, თურქეთისკენ გარბიან ფრანგული გემით. „1924 წელს საფრანგეთმა ცნო რუსეთის ახალი ხელისუფლება, მაგრამ არა საქართველოსი, სადაც სულ უფრო და უფრო ხშირი იყო აჯანყებები - გვიამბობს სალომე ზურაბიშვილი. მაშინ პარიზი გახდა საბჭოეთისადმი ქართველთა წინააღმდეგობის კერა“. მამამისი, ლევანი 14 წლის იყო, როდესაც პარიზში აღმოჩნდა. საფრანგეთში ქართველთა ასოციაციის მომავალი თავმჯდომარე, ის მალე გახდა ემიგრაციაში მყოფი სათვისტომოს ერთ-ერთი გამორჩეული წევრი. სახლში ახალგაზრდა სალომე ქართულად ლაპარაკობდა. სუფრასთან კი წითელ დროშას წყევლიდნენ.

18118443lpw-18125021-libre-jpg_5964265.jpg 

უცნაური ხელშეკრულება. სალომე, რომელსაც საქართველო ნანახი არ აქვს, ბრწყინვალე კარიერას იწყებს: პოლიტიკური მეცნიერებები, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კონკურსი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც იმარჯვებს, შემდეგ მისიები ნიუ იორკში, რომში, ნჯამენაში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში. საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ცუდი თვალით უყურებენ ამ პარიზელ დიპლომატს, ემიგრირებული ოპოზიციონერების ქალიშვილს და აგრძნობინებენ თავიანთ ფრანგ კოლეგებს, რომ მისი თბილისში გამოჩენა სასურველი არ არის. „ეს რთული პერიოდი იყო, მკლავდა ჩემი მშობლების ქვეყნის, ჩემი ქვეყნის ნახვის სურვილი, ქვეყნის, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით წამართვეს“, იხსენებს ქალბატონი სალომე. სამშობლოში პირველად ჩასვლას მხოლოდ 1986 წელს ახერხებს გორბაჩოვის ინიციატივით გამართული გაეროს კონფერენციის დროს.
ეს იყო ორი დღე, მას არ ჰქონდა თბილისიდან 30 კმ–ზე მეტით გასვლის უფლება. დედაქალაქის ქუჩებში ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ. გამგზავრებისას აეროპორტში ცრემლებს იწმენდს და პირობას აძლევს საკუთარ თავს, რომ მეორე დღესვე მოითხოვს ვიზას, რათა მომდევნო ზაფხულს საქართველოში შვილები და  დედა ჩამოიყვანოს.
        2003 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თორმეტი წლის შემდეგ, ის უკვე ბრუნდება საქართველოში, მაგრამ არა როგორც ტურისტი, არამედ როგორც საფრანგეთის ელჩი. მან ეს ჯერ არ იცის, მაგრამ ეს ცოტა უცნაური, განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება იქნება: იმავე წელს საქართველოში არეულობა იწყება. ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოდის. მეზობელ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება, უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება ევროკავშირთან... ენერგიული  პროამერიკელი რეფორმატორი საგარეო საქმეთა მინისტრს ეძებს.  მაგრამ პრობლემას აწყდება: მისი ფავორიტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგია და არცთუ უმნიშვნელო თანამდებობა უკავია. პრეზიდენტ შირაკის კაბინეტში სააკაშვილი პირისპირ მოლაპარაკებას აწარმოებს საფრანგეთის პირველ პირთან. ქალბატონი, რომელსაც საუბარი ეხება, მოთმინებით იცდის კარს მიღმა და არაფერი იცის ამ გარიგების თაობაზე. პრეზიდენტი შირაკი უხმობს მას: „მე დავთანხმდი მიხეილის წინადადებას, თქვენი თანხმობაღა გვაკლია, ეუბნება შირაკი თავის აღელვებულ დიპლომატს. მაგრამ ეს სესხია. იცოდეთ, რომ  ეს ადგილი საფრანგეთში ისევ თქვენი იქნება“.
        ამ თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე საათებიდან ზურაბიშვილი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებებით. მაგრამ თაფლობის თვე ქართველებსა და სააკაშვილს შორის დიდხანს არ გრძელდება. მართალია, სააკაშვილმა მოსპო კორუფცია პოლიციაში, მაგრამ ააყვავა ის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. „პრემიერ მინისტრის გარდაცვალების შემდეგ, რისი გარემოებებიც ჩვენ სამწუხაროდ მაინც ვერ გავარკვიეთ, სააკაშვილის ხელისუფლება ერთპიროვნული გახდა“, აღწერს ქალბატონი, რომელიც ნელ–ნელა ჩამოაცილეს ხელისუფლების პირველ წრეებს, 2005 წელს კი საბოლოოდ დაითხოვეს. ის მოგვითხრობს: „მე ორი არჩევანი მქონდა: დავბრუნებულიყავი საფრანგეთში, როგორც შირაკმა შემომთავაზა, ან დავრჩენილიყავი. იმ დღეს, როცა მე გადამაყენეს, ათასობით მანიფესტანტი შეიკრიბა ჩემს მხარდასაჭერად. მე აღარ შემეძლო გამგზავრება,  მქონდა შეგრძნება, რომ კიდევ ბევრი რამ მქონდა აქ გასაკეთებელი“. ისტორიის ირონიით 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურა ოპოზიციონერთა სიაში ბლოკირებულ იქნა იმ კანონის გამო, რომელიც ავალდებულებდა ყველა დეპუტატს  ქვეყნის ტერიტორიაზე ათი წლის მანძილზე ცხოვრების დადასტურებას. ეს ერთგვარი სილის გაწვნა იყო, რომელმაც მას თავისი გაძევებული ოჯახის წარსული მოაგონა.
ზურაბიშვილს ათი წელი დასჭირდა 2018 წლის რევანშისათვის. სახელმწიფოს მეხუთე მეთაური და პირველი ქალი ამ პოსტზე 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ უკანასკნელი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც მოსახლეობა პირდაპირი, საყოველთაო არჩევნებით აირჩევს. ამ კონსტიტუციით შეიკვეცა ასევე პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ზურაბიშვილის მოწინააღმდეგეები უმდიდრესი და წინააღმდეგობრივი რუსი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაზე მიუთითებენ. ერთ–ერთი დამკვირვებელი ეთანხმება ამ მოსაზრებას და გვიამბობს: „კამპანიის მიმდინარეობისას მას შემდეგ, რაც მოუწოდა ხალხს სალომეს მხარდაჭერისკენ, ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დაუფარავდა გადაუხდელ ვალებს 600 000 ქართველს. მან ზურაბიშვილს საუკეთესო საჩუქარი მიართვა: 500 მილიონი დოლარი. სწორედ ამის წყალობით მოახერხა მან დაწინაურება მეორე ტურში“.
ზურაბიშვილი მხრებს იჩეჩავს. უკვე პრეზიდენტის რანგში მისი მზერა ევროპისკენაა მიმართული. ამ ხედვას იზიარებენ მისი მოკავშირეები  პარლამენტში უმრავლესობის მქონე პარტია „ქართული ოცნებიდან“ . ირაკლი მეზურნიშვილი, ახალგაზრდა დეპუტატი, რომელმაც მოღვაწეობა ზურაბიშვილის გვერდით დაიწყო 2016 წელს, იხსენებს: „სიღარიბე ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.  წლების მანძილზე გაბატონებული კორუფციის შემდეგ ხალხში დიდია ასევე დემოკრატიული ცვლილებების მოლოდინი. წინ წასვლის, რეფორმების გატარების ერთადერთი გზა ჩვენთვის ევროპაა იმიტომ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ, რაც არ უნდა იყოს!“  პრეზიდენტი დასძენს: „ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის უმთავრეს ღირებულებებს. საქართველოს, რომელსაც გარს  აკრავს რუსეთი, თურქეთი და ირანი, სხვა პერსპექტივა არ გააჩნია. ეს არის ერთდროულად განვითარებისა და უსაფრთხოების პერსპექტივა“. ამ კრედოში დარწმუნებული ის, რა თქმა უნდა, პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.  ჟან–კლოდ იუნკერი, დონალდ ტუსკი, ანტონიო ტაიანი, ფედერიკა მოგერინი, მიშელ ბარნიე, თითოეულმა მათგანმა მოისურვა მასთან შეხვედრა. „ძალიან იშვიათად უმართავენ ამგვარ მიღებას ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მეთაურს“, უკვირს ერთ–ერთ ფრანგ დიპლომატს. 18 თებერვალს კი პრეზიდენტი პარიზში გაემგზავრება, რათა შეხვდეს  ემანუელ მაკრონს, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს, და  ჟან–ივ ლე დრიანს, მისი ყოფილი სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს.
პრაგმატიზმი. თავისი ევროპული შეხედულებების მიუხედავად  ქალბატონი პრეზიდენტი არ ცდილობს გოლიათ რუსეთთან წაკიდებას. საპრეზიდენტო კამპანიის დროს მან გარკვეულწილად შოკშიც კი ჩააგდო საზოგადოება, განაცხადა რა, რომ მის ქვეყანასაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოში  რუსეთთან ომის დაწყებაში, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. „ომის დაწყებას ბიძგი სააკაშვილის პროვოკაციებმა მისცა. შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება“, აზუსტებს ზურაბიშვილი. ეს არის პრაგმატიზმი მოსკოვთან ურთიერთობებში, რასაც ნიკოლა სარკოზიც იწონებს, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციასაც დაესწრო. „საქართველომ უნდა მოახერხოს კავშირების ხელახლა გაბმა რუსეთთან. სხვაგვარად როგორ უნდა მოიქცეს 4 მლნ მაცხოვრებლიანი ქვეყანა ათჯერ მასზე დიდ მეზობელთან?“, კითხულობს საფრანგეთის  ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 2008 წლის ზაფხულის ბოლოს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების ინიციატორი იყო.  სარკოზიმ ვერ შეძლო, რომ არ ესარგებლა ამ განსაკუთრებული შესაძლებლობით და როგორც გამოცდილმა დიპლომატმა რამდენიმე რჩევაც დაუტოვა ქალბატონ პრეზიდენტს:  „ნუ გახდებით შიდა პოლიტიკის მსხვერპლი და უყოყმანოდ აიღეთ მაგალითი თქვენი წინამორბედებისგან, ფრანგები იქნებიან ეს თუ ქართველები“. 


L’autre présidente « française »