მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   ყატარსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძლიერდება

ყატარსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძლიერდება


 
22d1e72b4b16380ba6b929c00660061a97b3aa87.jpg

მეცნიერებათა დოქტორი ხალიდ ალ-შაფი  |  მთავარი რედაქტორი
 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „Peninsula”-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სიღრმისეულად ისაუბრა ყატარსა და საქართველოს შორის მზარდ კავშირზე და მისი პროგნოზირებით, ახლო მომავალში ეს კავშირები მრავალი მიმართულებით კიდევ გაიზრდება.

 
ყატარსა და საქართველოს მყარი ურთიერთობა აქვთ და ორმხრივი თანამშრომლობა ფარავს მრავალ სფეროს, როგორიცაა ვაჭრობა, განათლება, ტურიზმი, კულტურა და ა.შ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „Peninsula”-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლესაც მთავარი რედაქტორი უძღვებოდა, სიღრმისეულად ისაუბრა ყატარსა და საქართველოს შორის მზარდ კავშირზე და მისი პროგნოზირებით, ახლო მომავალში ეს კავშირები მრავალი მიმართულებით კიდევ გაიზრდება.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ახლო მომავალში ორმხრივ ურთიერთობებში ხარისხობრივი ცვლილების შესახებ, ისევე როგორც ყატარსა და საქართველოს შორის ხელმოსაწერ შეთანხმებებზე. საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ინვესტიციები, ვაჭრობა, განათლება, კულტურა, ინოვაციები და ტექნოლოგიები ის მთავარი მიმართულებებია, რომლებშიც ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და ინტერაქცია  ზრდის პერსპექტივით გამოირჩევა.


სალომე ზურაბიშვილი, დაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში, საფრანგეთში. მან დიპლომატიური და პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1974 წელს. 1974-2004 წლებში მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში, რამდენიმე საელჩოში (იტალია, აშშ, ჩადი) და იყო საფრანგეთის წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ნატო, დასავლეთ ევროპული კავშირი, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია).

2006 წლის 11 მარტს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“.
2018 წელს სალომე ზურაბიშვილი ქართველმა ხალხმა აირჩია პირველ ქალ პრეზიდენტად, რომელიც ამ თანამდებობაზე 2024 წლამდე იმსახურებს.

„წლების განმავლობაში, ყატარსა და საქართველოს შორის მრავალ სფეროში, როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა, განათლება, ვაჭრობა, ტურიზმი და ხალხთაშორის კონტაქტები თანამშრომლობა ძლიერდებოდა. ყატარი-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად განვითარდა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ სხვადასხვა სფეროში ათზე მეტ შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი (ყატარსა და საქართველოს შორის) და კიდევ უფრო მეტი ამ ეტაპზე განიხილება ან უახლოეს მომავალში მზად არის ხელმოსაწერად. „ჩვენი ქვეყნების მთავრობებმა დაასრულეს მოლაპარაკებები და ორ ძალიან მნიშვნელოვან ხელისუფლებათაშორის შეთანხმებას მოეწერება ხელი - ერთი, ინვესტიციების ერთობლივ დაცვაზე და მეორე - ტექნიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ამ დოკუმენტების ხელმოწერა ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.“

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინვესტიციები, ვაჭრობა, განათლება, კულტურა, ინოვაციები და ტექნოლოგიები ის მთავარი მიმართულებებია, რომლებშიც ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და ინტერაქცია  ზრდის პერსპექტივით გამოირჩევა.

2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრისას, რომელიც ყატარში ჩატარდება, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყატარში გაიმართება - პირველად ახლო აღმოსავლეთში და საქართველოსთან ასე ახლოს - გვაძლევს დამატებით სტიმულსა და შესაძლებლობებს, რათა  ტურისტული თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში, საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოაქცევს უფრო ფართო რეგიონს.“

დღეს ყატარი და საქართველო მრავალ სფეროში კარგი ურთიერთობით გამოირჩევიან, კონკრეტულად 2012 წელს დოჰაში საქართველოს საელჩოს გახსნის შემდეგ, არსებობს მოლოდინი, რომ მომავალ თვეებსა თუ წლებში ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ხარისხობრივი ცვლილება მოხდება?

1993 წლის მარტში დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებიდან მოყოლებული, საქართველო და ყატარი ორმხრივი კავშირის მიმართულებით ძალიან პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებენ. წლების განმავლობაში თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის მრავალ სფეროში გაიზარდა, როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა, განათლება, ვაჭრობა, ტურიზმი და ხალხთაშორისი კონტაქტები. ყატარი-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად განვითარდა. ორივე მხარის მხრიდან რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაც განხორციელდა.
სხვადასხვა სფეროში ათზე მეტ შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს უკვე მოეწერა ხელი და კიდევ უფრო მეტი ახლა განიხილება ან ახლო მომავალში მოეწერება ხელი. საქართველო ყატარში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული მიმართულება გახდა. სამი ყოველდღიური ფრენა ხორციელდება ყატარის ავიახაზების მიერ, რომელსაც ყოველ დღე ყატარიდან საქართველოში ასობით სტუმარი ჩაყავს. საქართველო და ყატარი ერთმანეთს როგორც ეკონომიკურ პარტნიორებს უფრო და უფრო იცნობენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო მოცულობა გაიზარდა. საქართველოს ყატარში ექსპორტზე გააქვს სოფლისმეურნეობის პროდუქტები, ხოლო თქვენი ქვეყნიდან ხდება ნავთობ-ქიმიური ინდუსტრიის პროდუქციის იმპორტი.
ყატარის რიგი საინვესტიციო პროექტები საქართველოსათვის მზად არის. საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და უმსხვილეს ბაზრებთან (ევროკავშირი, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა)  ახლახანს მიღწეული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ჩვენს ურთიერთობებში ხარისხობრივი ცვლისათვის კარგი პოტენციალია.

არის რაიმე წინაღობა ან სირთულე, რაც თქვენი აზრით, ხელს უშლის მეტი ნაბიჯის გადადგმას ან რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ორ სახელმწიფოს შორის მეტი თანამშრომლობა განხორციელდეს?

მე არ ვხედავ რაიმე წინაღობასა თუ სირთულეს, რაც ორმხირივი ურთიერთობების კუთხით ხელს შეუშლის მეტი შედეგის მიღწევას. ისტორიულად ახლო ურთიერთობა საქართველოსა და არაბულ სამყაროს შორის, კულტურული კავშირები და ხალხთაშორისი კონტაქტები არის ურთიერთობების მეტად გაღრმავების კარგი წინაპირობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოსა და ყატარის სახელმწიფოს შორის 1993 წელს დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბებით, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების დასაწყებად შეიქმნა ასპარეზი. 
2012 წელს საელჩოს გახსნა არის პოლიტიკური ნების ნიშანი, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ურთიერთობები. სპარსეთის ყურის რეგიონში, ყატარი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც საქართველოში საელჩო გახსნა. ყატარი ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.
ჩვენი რეგიონების გეოგრაფიული სიახლოვე ბუნებრივად უწყობს ხელს ჩვენს ურთიერთობებში მრავალი ასპექტის განვითარებასა და გაღრმავებას. მე მოვიწვიე ამირა მისი აღმატებულება შეიხი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი, რათა ეწვიოს საქართველოს. ვიმედოვნებ, მისი უდიდებულესობა შეძლებს, გვეწვიოს 2020 წლის დასაწყისში და შესაძლებლობა გვექნება განვიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობები.

როგორც გვესმის, საქართველო და ყატარი გეგმავენ ინვესტირების წახალისება და ეკონომიკური, ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ორი შეთანხმების გაფორმებას. როდის მოხდება ამ ხელშეკრულებების გაფორმება?
 
დიახ, მართალი ხართ. ჩვენი ქვეყნების მთავრობებმა მოლაპარაკებები დაასრულეს და მალე, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდება: ერთი - ინვესტიციების ორმხრივად დაცულობაზე, მეორე კი ტექნიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ამ დოკუმენტების ხელმოწერა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას. ეს ხელშეკრულებები უახლოეს მომავალში უნდა  გაფორმდეს, მისი აღმატებულება ამირას ვიზიტის ფარგლებში. 
 
თანამშრომლობის რა ძირითადი სფეროებისაქართველოსა და ყატარს შორის, რომლის უახლოეს მომავალში მეტად გაღრმავებასაც უნდა ველოდოთ?
 
ინვესტიციები, ვაჭრობა, განათლება და კულტურა, ინოვაციები და ტექნოლოგიები - ეს ის ძირითადი სფეროებია, რომლებშიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და ურთიერთგაცვლის ზრდას ველით. ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ლიდერია. საქართველომ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე გარემო ინვესტიციებისათვის: ეფექტური საზოგადოებრივი მომსახურება, კორუფციისგან თავისუფალი მთავრობა, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემო, რაც ასევე  საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებში აისახა.
 
მაგალითად, მსოფლიო ბანკმა “Doing Business 2020” - ში (ბიზნესის კეთება 2020) საქართველოს, 190 ქვეყნიდან, ბიზნესის კეთების სიმარტივეში მეექვსე ადგილი მიანიჭა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „ყველაზე დაბალი გადასახადის განაკვეთი 2018“ - ში, საქართველო მერვე პოზიციას იკავებს. „Heritage Foundation“ - მა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 180 ქვეყნიდან, მეთექვსმეტე ადგილი მიანიჭა.  საქართველომ თავი დაიმკვიდრა როგორც სანდო პარტნიორმა და ფართო რეგიონალურ დონეზე წარმოადგენს სტაბილურობის გარანტსა და დიალოგს ევროპასა და აზიას შორის, რომელსაც მეტი ინვესტორების მოზიდვა და მეტი ნდობის შექმნა შეუძლია.
 
2010 წელს, საქართველომ და ყატარმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ათავისუფლებდა ორი ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესასვლელი ვიზებისგან. მოგვიანებით ეს შეთანხმება გაფართოვდა, ყატარის მოქალაქეებისათვის ჩამოსვლისთანავე ვიზის მიღებით. რა გავლენა იქონია ამან საქართველოში ტურიზმის გაზრდის მიზნით სტუმრების მოზიდვაში?
 
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყატარის მოქალაქეები გათავისუფლებულნი არიან საქართველოს სავიზო მოთხოვნებისაგან და მათ შეუძლიათ საქართველოში ერთ წლამდე ვადით უვიზოდ მიმოსვლა. მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ყატარში ცხოვრობენ და ყატარის პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ფლობენ, ასევე თავისუფლდებიან ქართული ვიზის საჭიროებისაგან. შესაბამისად, მათ შეუძლიათ პირდაპირ მგზავრობა.
 
დღევანდელ დღეს, საქართველოში ტურიზმი ყვავის. გასულ წელს, საერთაშორისო სტუმრების რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა. წელს კი, ჩვენ კიდევ უფრო მეტ სტუმარს ველით. ბევრი მიზეზია რის გამოც ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოს ირჩევს - უნიკალური კულტურა, შესანიშნავი ბუნება, მთები, ადგილობრივი სამზარეულო, ზღვისპირეთი, სათხილამურო კურორტები და სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობა.


რას იტყვით ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და კულტურულ თანამშრომლობაზე? კულტურული ღონისძიებების დანერგვისა და კულტურული გაცვლის წახალისების მიზნით 2014 წელს, დოჰასა და თბილისს შორის ხელი მოეწერა დაძმობილების ხელშეკრულებას?
 
დიდ პოტენციალს ვხედავ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროების მიმართულებით თანამშრომლობაში, განსაკუთრებით კი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ყატარში მრავალი ცნობილი უნივერსიტეტის ფილიალია განთავსებული, ხოლო ქართული უნივერსიტეტები სთავაზობენ მაღალი დონის სამედიცინო განათლებას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დოჰაში განათლების მსოფლიო ინოვაციების სამიტში (WISE) მონაწილეობის მისაღებად ყატარს ნოემბერში ესტუმრება.
 
ყოველწლიურად, ქართველი სტუდენტები შეისწავლიან არაბულ ენას ყატარის უნივერსიტეტში. სტუდენტთა ასეთი გაცვლა და თანამშრომლობა ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურის თვალსაზრისით, ცნობილი ქართული, ეროვნული ბალეტი - სუხიშვილები, წელს დოჰას ორჯერ ესტუმრა, რაც მათი პირველი წარმოდგენა იყო სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს რეგიონში. ასევე ძალიან პერსპექტიული სფეროა - თანამშრომლობა ერთობლივი ფილმების წარმოების მიმართულებით.
 
როგორ შეუწყობს ხელს საქართველოში მყოფ ინვესტორებს, ქვეყნის ჩართულობა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტში  ?
 
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივას, ე.წ. ახალი აბრეშუმის გზას. ისტორიულად, ჩვენ ევროპასა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი სავაჭრო გზის ნაწილი ყოველთვის ვიყავით. საერთაშორისო ვაჭრობა, გლობალური ეკონომიკის ცენტრშია და ეკონომიკური ზრდის მთავარი მმართველი ძალაა. უძველესი სავაჭრო მარშრუტები, რომლებიც ტრანსპორტისა და კომუნიკაციის თანამედროვე სისტემებით შეიცვალა, რჩება საქონლის, კულტურის, ტექნოლოგიისა და ცოდნის გაცვლის პლატფორმად.
 
აბრეშუმის გზის ინიციატივა, თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობის მზარდი მასშტაბისა და სიჩქარის ხელშეწყობის მიზნით, მიზნად ისახავს სატრანსპორტო დერეფნების შემუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კულტურისა და ცივილიზაციების გზაჯვარედინზე სტრატეგიულად განლაგებული პატარა სახელმწიფოა, ვაჭრობისა და კავშირის ხელშეწყობისა და გამარტივების კონკრეტული პროექტებისა და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერით და მათში პოზიტიური ჩართულობით,  საქართველო სავაჭრო გზის საერთო წარმატებასა და განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. ერთიანი პოლიტიკა, შემცირებული სავაჭრო ბარიერები და გაუმჯობესებული კავშირი, ინვესტიციებისა და ზრდის თვალსაზრისით, ჩვენი რეგიონის უზარმაზარი პოტენციალის გამოყენებაში დაგვეხმარება.   
მოგეხსენებათ, 2017 წლის 5 ივნისიდან, ყატარი ოთხი არაბული ქვეყნის მიერ უსამართლოდ დაკისრებული ბლოკადის ქვეშ იმყოფება. როგორ ხედავს საქართველო პოლიტიკური განსხვავებების აღმოსაფრხვრელად სახელმწიფოზე ამ აქტის დაწესებას და ბლოკადის გამოყენებას?
 
სპარსეთის ყურის კრიზისს ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით, რადგან ეს ხდება ჩვენი რეგიონის მახლობლად და გარკვეულწილად ჩვენზეც მოქმედებს. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის  საბჭოს წევრ სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობების განვითარება, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვამყარებთ მჭიდრო კავშირებს ამ რეგიონთან. ამრიგად, ჩვენ  შეგვიძლია მხოლოდ ვიმედოვნოთ, რომ კრიზისი მოგვარდება დიალოგისა და მოლაპარაკების გზით და რომ საერთაშორისო ჩართულობა და მოლაპარაკებების ძალისხმევა წარმატებული იქნება.
 
ყატარი უმასპინძლებს ფიფას მსოფლიო თასს 2022 წელს. ღონისძიება პირველად იმართება რეგიონში. როგორ ხედავთ მოვლენათა ასეთ განვითარებას და თქვენი აზრით, იქნება თუ არა ეს უნიკალური გამოცდილება?
 
2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ყატარში ჩატარდება, პირველად ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს სიახლოვეს, ტურისტული თანამშრომლობის ხარისხობრივად გაძლიერების დამატებით სტიმულს და შესაძლებლობას გვაძლევს. 2022 წელს ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარება საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოაქცევს რეგიონს. მინდა ყატარის ხელისუფლებას ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში წარმატებები ვუსურვო.


EXCLUSIVE INTERVIEW with The Peninsula