მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დახმარებას გამოუყოფს

7 ივნისს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 5 მილიონიან დახმარებას გამოუყოფს. http://www.whitehouse.gov/the-press-office/2014/06/07/fact-sheet-us-assistance-georgia

ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ასევე მის ძალისხმევას გააძლიეროს უსაფრთხოება და დაძლიოს საგარეო წნეხი. ამ მიზნების მხარდასაჭერად, ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 ივნისს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი  მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესთან მიმდინარეობს კონსულტაცია  საქართველოსთვის დამატებით ხუთი მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე. ეს დახმარება მოხმარდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ე.წ. საზღვრის გავლების (ბორდერიზაციის) შედეგად დაზარალებული პირებს,  რეგიონში დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომის გაზრდას, ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობას და ასევე დაეხმარება საქართველოს მთავრობას, განახორციელოს მთავარი რეფორმები სასამართლო სექტორის გაძლიერებისათვის. ეს მოყვება 1,5 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას, რომლის შესახებაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 2014 წლის 26 თებერვალს აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრაზე ადმინისტრაციული საზღვრისპირა რეგიონების დასახმარებლად გამოყოფის თაობაზეც გამოაცხადა. თუკი ამას ბიუჯეტით მანამდე გამოყოფილ თანხას დავუმატებთ, წელს აშშ საქართველოს დაახლოებით 65 მილიონის დახმარებას უწევს.

აშშ-ს 5 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი:

·         დაეხმარება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ პირებს, დაახლოებით, 40 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს სასმელი წყლის სისტემის, სარწყავი არხების, სადრენაჟო სისტემისა და სოფლის გზების რეაბილიტაციას და რომლითაც 4 ათასამდე ოჯახი ნახავს სარგებელს;

·         ხელს შეუწყობს შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენას ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრები დაახლოებით 2,000 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის პროფესიული გადამზადების, ფინანსებისადმი წვდომისა და მიკროსამრეწველო დახმარების ურუნველყოფის გზით;

·         გაზრდის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისათვის ობიექტური ინფორმაციისადმი წვდომას;

·         დაეხმარება იუსტიციის სამინისტროს ჩამოაყალიბოს ინსპექცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აწარმოოს მონიტორინგი საქართველოს ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელებისა და სათანადოდ შესრულების, ევროკავშირთან საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების აღსრულებაზე; და

·         მხარს დაუჭერს ეროვნული ერთიანობის ხელშეწყობის ისეთ მცდელობებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, განათლება და ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ახალგაზრდული საქმიანობები.

აღნიშნული მიზნები არის აშშ-ს დახმარების გრძელვადიანი პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამიზნულია სისტემური რეფორმების მხარდაჭერისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების ჩამოყალიბებისათვის მთელ რიგ სექტორებში:

·         ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფს დახმარებას, რომელიც გააძლიერებს კანონის უზენაესობას სასამართლო სექტორის შესაძლებლობების ზრდითა და იურიდიული განათლებისა და წარმომადგენლობის გაუმჯობესების გზით;

·         აშშ-ს დახმარება ხელს უწყობს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განვითარებას საჯარო სააგენტოებისათვის გამჭვირვალე და ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესების განხორციელების დახმარების გზით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის, მოქალაქეებისათვის ინფორმაციის წვდომის ზრდისა და დემოკრატიული პოლიტიკური კონკურენციის მხარდაჭერის გზით.

·         აშშ-ს დახმარება ხელს შეუწყობს მყარ ეკონომიკურ ზრდას საწარმოებისათვის მათი ბიზნესის გაფართოების, ბაზრის დივერსიფიკაციის, ქალებისათვის კრედიტებისადმი წვდომის, და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელებისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის დახმარების გაწევის გზით; და

·         აშშ ეხმარება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საფუძველი ჩაეყაროს კონფლიქტების მდგრად გადაწყვეტას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

Add to Twitter Add to Facebook