მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილის, რიჩარდ ჩარნეცკისა და ანდრეი მამიკინსის ერთობლივი პრესკონფერენცია

გიორგი მარგველაშვილის, რიჩარდ ჩარნეცკისა და ანდრეი მამიკინსის ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

პატივცემულო კოლეგებო.

დღეს მეტად გამორჩეული და მნიშვნელოვანი დღეა ჩემი ქვეყნისთვის.

ჩვენ სულ უფრო წინ მივიწევთ ევროპული ერების ოჯახისაკენ, ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც კულტურულად, ემოციურად ადრე უკვე გადადგა ჩემი ხალხის მრავალმა თაობამ.

პოლიტიკურად, ამ ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწყო. ჩემი ქვეყნის ყველა ლიდერი - პირველი ლიდერით, ზვიად გამსახურდიას პერიოდით დაწყებული და  შევარდნაძით, სააკაშვილით გაგრძელებული, ისევე, როგორც ჩვენი მმართველობა -  ერთგული ვრჩებით იმ იდეის, რომ ეს ნაბიჯები გაგრძელდება და, საბოლოოდ, მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზნამდე - გავხდეთ ევროპული ერების ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. იყო მრავალი სირთულეც, რომელთა  გადალახვაც ჩვენს ხალხს მოუწია, მაგრამ ჩვენს მეგობრებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ევროპელ ლიდერს, რომლებმაც დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს, შექმნეს და ქმნიან სპეციალურ ფორმატებს, რომელთა საშუალებით საქართველოს და სხვა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, მიეცათ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობის საშუალება.

ახალი შეთანხმებით, საქართველო მოიპოვებს ინტეგრაციის, რეფორმების, ევროპულ სტრუქტურებში გაწევრების ახალ მექანიზმებს, თუმცა ამავე დროს ევროპა იღებს ძალიან საიმედო და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ქვეყანას რეგიონში, რომელიც იგივე ფასეულობების ერთგულია და მიზანმიმართულია, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას როგორც კავკასიის რეგიონში, ისე მის ფარგლებს მიღმა.

საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. ეს მომავალშიც გაგრძელდება იმ პერსპექტივით, რომ გავხდებით ჭეშმარიტად ევროპული ქვეყანა.

ასე რომ, აქ, სტრასბურგში მე გამოვხატავ მთელი ჩემი დელეგაციისა და ყველა  ქართველის ემოციას - ჩვენ ველოდით ამ დღეს და საქართველო მზად არის წინსვლა განაგრძოს ამ გზაზე.

დიდი მადლობა ამ დღისათვის.

 

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ ჩარნეცკი

მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო ამ განსაკუთრებულ  და საგანგებო პრესკონფერენციაზე.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა საქართველოსთვის და ასევე, განსაკუთრებულია ევროკავშირისთვის.

ასოცირების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში.

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ - ჩვენ ნამდვილად ერთად ვართ.

ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მთავარი მომხსენებელი ბატონი მამიკინსი და მადლობა გადავუხადო მას გაწეული ძალისხმევისთვის.

ვფიქრობ, დღევანდელი კენჭისყრა არ არის ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის დასასრული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის ნაბიჯი, რომლითაც ხვალიდან დავიწყებთ უფრო ეფექტიან მუშაობას ჩვენი თანამშრომლობის გზაზე.

მადლობა პირადად ბატონ პრეზიდენტ მარგველაშვილს, ასევე პრეზიდენტს (2004-13 წლებში) ბატონ სააკაშვილს და ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც მხარს უჭერს ამ იდეას.

დაბოლოს, განსაკუთრებული მადლობა ქართველ ერს!

 

ევროპარლამენტარი და მომხსენებელი საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინს

დიდი მადლობა, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო საქართველოს პრეზიდენტო. მოგესალმებით აქ ევროპულ პარლამენტში.

პატივცემულო კოლეგებო, ჟურნალისტებო, მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიული დღეა.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტი მოახდენს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ მოლაპარაკება თავისუფალ სავიზო მიმოსვლასა და  საქართველოს სრულ წევრობაზე ევროკავშირში.

რამდენადაც თქვენ იცით, ევროკავშირის ფილოსოფია გაფართოებაა, საქართველო კი ევროპული ქვეყნაა, ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია.

ძალიან დიდი მადლობა ყველა კოლეგას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემი ანგარიშის დაწერის პერიოდში.

Add to Twitter Add to Facebook