მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების  ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებს, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმებას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ჟოზე მანუელ ბაროზოს ვიზიტს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ახლოვდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა.

გიორგი მარგველაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა  და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც იმსჯელეს.  მათ ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ამ რეგიონებში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს.  

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა  შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო კვლავაც განაგრძობს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და იმედი გამოთქვა, რომ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სათანადოდ აისახება  ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. გიორგი მარგველაშვილმა  ჟოზე მანუელ ბაროზოს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერისთვის, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხრივ, ისე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.

შეხვედრის დასრულებისთანავე გიორგი მარგველაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

Add to Twitter Add to Facebook