მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა ანდრი დეშჩიცასთან გამართა შეხვედრა

გიორგი მარგველაშვილმა ანდრი დეშჩიცასთან გამართა შეხვედრა

პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტის მეორე დღე უკრაინის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრთან  შეხვედრით დაიწყო. საუბრის მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, შექმნილი ვითარება და რუსეთის გავლენის ფაქტორები იყო. საუბარი შეეხო უკრაინაში მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსაც. გიორგი მარგველაშვილმა და  ანდრი დეშჩიცამ ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„იმ ფონზე, რომ აქ ჩვენ ვზეიმობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წლისთავს და მიღწეულ წარმატებებს, შეხვედრებს ლაიტმოტივად გასდევდა უკრაინის საკითხები. გუშინ ყველა ლიდერი ერთად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის საკითხთან მიმართებით. ერთ თვეში უკრაინაში გაიმართება არჩევნები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები ეფექტიანად, დემოკრატიულად გაიმართოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  და მთელი მოსახლეობა მონაწილეობდეს მასში.  ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან დღეს ვსაუბრობდით იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველომ ამ მიმართულებით. ეს მეტად საგულისხმოა, რადგან ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრება. შეხვედრისას, ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინელ კოლეგებთან მუშაობა გაგრძელდება როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე სხვა ფორმატებითაც, რათა 25 მაისს გამართული არჩევნები იყოს აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს ამ მხარდაჭერის გამოსახატავად.  

„უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ჯარების განთავსებით და იმ მოულოდნელი წვრთნით, რომელიც რუსეთმა გუშინ დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არის საგარეო საფრთხე, რომელმაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დავიწყეთ ანტიტერორისტული ოპერაცია, რათა შევებრძოლოთ იქ  მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებსაც აქვთ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა და მოსახლეობაში შიშს იწვევენ. რა თქმა უნდა, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის მიზანია წესრიგის აღდგენა, თუმცა სამართალდამცველებს დავალებული აქვთ არ დაუშვან მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.

ჩვენ გვჭირდება ეს წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა უკრაინაში, რადგან ჩვენ უნდა ჩავატაროთ 25 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ გვჭირდება საფუძველი იმ რეფორმებისათვის, რომლებიც უკვე დაიწყო ხელისუფლებამ; ჩვენ გვსურს ქვეყნის შიგნით დიალოგი უკრაინის მომავალზე. ასეთი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ დავეთანხმეთ ჟენევის განცხადებას ერთი კვირის წინ, თუმცა ჩვენ გვაღელვებს რუსეთის პოზიცია, რომელიც არ ასრულებს ამ შეთანხმებას“, - აღნიშნა ანდრი დეშჩიცამ.

მან „გაყინული კონფლიქტების“ თემაზეც ისაუბრა და ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ იმისათვის, რომ საქართველო მტკიცედ გვიჭერს მხარს საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ სირთულეებისა და პრობლემების დასაძლევად, რომლებიც ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. კარგად ვიცნობ ვითარებას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რადგან ვიყავი ეუთოს კონფლიქტების მოგვარების აღმასრულებელი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი. გასულ წელს ამ რეგიონებში ხშირად ჩავდიოდი და ხელს ვუწყობდი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ჯგუფის მუშაობას ერგნეთში. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ საქართველოსთან, სხვა ქვეყნებთან, ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ეს გაყინული კონფლიქტები“, - განაცხადა მან.

Add to Twitter Add to Facebook