მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა და ანდრის ბერზინშმა ბათუმში ბიზნესფორუმი გახსნეს

გიორგი მარგველაშვილმა და ანდრის ბერზინშმა ბათუმში ბიზნესფორუმი გახსნეს

საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ბათუმში ბიზნესფორუმი გახსნეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე გაამახვილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგას და მის თანმხლებ დელეგაციას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ფორუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ  ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. სახელმწიფოს მეთაურის  განცხადებით, საქართველო რეგიონში ლიდერია ბიზნესგარემოს თვალსაზრისით, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის უცხოური ინვესტორებისთვის.

„საქართველო დღეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქვეყანაა საინვესტიციო კლიმატის მხრივ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში. ასევე ლიდერია სავაჭრო პოტენციალის თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას  ქართული და ლატვიური ბიზნესწრეების 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში ბიზნესმენთა სამუშაო შეხვედრებიც გაიმართა.

დღესვე იურმალასა და ბათუმის მერებმა ორი ქალაქის დამეგობრების მემორანდუმი გააფორმეს.

Add to Twitter Add to Facebook