მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა

მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების თაობაზე ბრიფინგი გამართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის  შესაბამისად, პრეზიდენტი, როგორც ხელისუფლებას შტოებს შორის ბალანსის დამცველი, პარლამენტს წარუდგენს იმ კანდიდატურებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი შეარჩევს; საკანონმდებლო ორგანო კი, იმსჯელებს გამოუცხადოს თუ არა ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას.

„დღეს მე აუცილებლად მივიჩნიე საზოგადოებისთვის განმემარტა ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ შეიქმნა - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეცვალა 7 მინისტრი. ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე,  საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია და მისთვის უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც იცვლება მინისტრთა ერთი მესამედი ან მეტი (ჩვენ შემთხვევაში 7 მინისტრი)  ჩნდება კითხვა - შენარჩუნებულია თუ არა ნდობა. საქართველოს პრეზიდენტი საკითხს - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ - უყენებს საქართველოს პარლამენტს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით, როგორც კი დასახელდება შვიდი ახალი მინისტრის კანდიდატურა, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რომელიც იმსჯელებს გამოუცხადოს თუ არა ნდობა ახალ მთავრობას. იმ ტიპის კონსტიტუციის პირობებში, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს, ეს ნორმალური პროცესია.  შესაბამისად, ჯერ მიმდინარეობს ახალი მთავრობის ფორმირება, ხოლო შემდეგ ახალ  მთავრობას წარვუდგენ პარლამენტს“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო და ნატო-ს სამიტთან დაკავშირებული საკითხები განეხილა, სამთავრობო ცვლილებების გამო,  მთავრობის ახალი შემადგელობის დამტკიცების შემდეგ გაიმართება.

„თქვენ იცით, რომ დაგეგმილი გვქონდა უშიშროების საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი მინისტრები არ შეიცვლებიან. ამის მიუხედავად, ვიცი რა, რომ პარლამენტი განიხილავს 20-ვე მინისტრის კანდიდატურას, ბუნებრივია, ჩვენ არ შევქმნით სირთულეს და უშიშროების საბჭოს სხდომას დავნიშნავთ ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

Add to Twitter Add to Facebook