მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტთან შეხვედრისას იაპონურმა კომპანიებმა საქართველოში ინვესტიციების ჩადების სურვილი გამოთქვეს

პრეზიდენტთან შეხვედრისას იაპონურმა კომპანიებმა საქართველოში ინვესტიციების ჩადების სურვილი გამოთქვეს

ტოკიოში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი დღეს კომპანია Keizai Doyukai-ს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ქვეყნის ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები იყო. მხარეებმა დაინტერესება ენერგეტიკის, ტურიზმის, სპორტის, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სფეროების მიმართ გამოხატეს და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრისას აღინიშნა ის წარმატებებიც, რომლებსაც საქართველომ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მხრივ მიაღწია. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებასაც, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში ქვეყნისა და მისი პარტნიორებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარი იხსნება. როგორც იაპონური ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეს კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ იაპონური კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციისთვის ახალი ბაზრები გაიხსნას. შეხვედრას ქართული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი ქართველი ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.

„რამდენიმე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საქართველოში ინვესტიციების ჩადების სურვილი. Keizai Doyukai-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას აქტუალური იყო ენერგეტიკის, ტურიზმის, სპორტის, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის საკითხები. საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ ქართული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საშუალება მისცა B2B შეხვედრები გაემართათ იაპონურ კომპანიებთან. რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებმა კონკრეტული ბიზნესმოლაპარაკებაც გამართეს. ვფიქრობ, პრეზიდენტის შეხვედრები ინვესტორებთან და ქვეყნის საინვესტიციო მზაობის უმაღლეს დონეზე ხაზგასმა, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობებს გააჩენს“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ შეხვედრებს ინფორმაციული ხასიათი აქვს, თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე კი იაპონური მხარის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი. იაპონელი მეწარმეების განცხადებით, ქვეყნისთვის, რომელიც ექსპორტზე არის ორიენტირებული, საქართველოში ინვესტიციების ჩადება ახალი შესაძლებლობაა, რადგან საქართველო, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბაზრების დამაკავშირებელი ცენტრია, გახსნილი საბაზრო საზღვრებით.

Add to Twitter Add to Facebook