მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ კამპანიას „დედამიწის საათი“

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გლობალურ კამპანიას „დედამიწის საათი“

დღეს პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამოირთო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს გლობალურ გარემოსდაცვით აქციას "დედამიწის საათი", რომელიც უკვე ტრადიციულად, ყოველი წლის მარტის დამლევს იმართება.
2014 წელს აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას 154 ქვეყანა იღებს. „დედამიწის საათს“  საქართველო 2009 წლიდან, უკვე მეექვსედ  შეუერთდა.  
დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს  ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. კამპანიის მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობისა და ენერგოეფექტიანობის თემებზე ცნობიერების ამაღლება. კამპანიის დროს ირთვება ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლებისა და შენობების განათება, როგორიცაა ეიფელის კოშკი პარიზში, სიდნეის საოპერო თეატრი, სან-ფრანცისკოს „გოლდენ გეით“ ხიდი, პეტრონასის კოშკები კუალა ლუმპურში, რომის კოლიზეუმი, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ.  
პრეზიდენტის სასახლის გარდა, თბილისში გამოირთო ნარიყალას ციხე–სიმაგრის, მშვიდობის ხიდის, თავისუფლების მოედანზე წმ. გიორგის ძეგლის, შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის,  მუნიციპალური და სამთავრობო შენობებისა და გაეროს სახლის განათება. ასევე გარე განათება ჩაქრა რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე.  
ჩვენს ქვეყანაში ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
 
Add to Twitter Add to Facebook