მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა „ქართული ფრესკა- აღდგომა“ გაიხსნა

პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა „ქართული ფრესკა- აღდგომა“ გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა „ქართული ფრესკა-აღდგომა“ გახსნა. გიორგი მარგველაშვილმა გამოფენა საქართველოს კათოლიკოს პარტიარქთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა. ქვეყნის პირველი პირი მის უწმინდესობასთან ერთად პატრიარქის აღსაყდრების ამსახველ ფილმის ჩვენებასაც დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებით, ფირიდან ციფრულ ფორმატში   გადაიტანეს.     

„გამოფენა ეძღვნება რელიგიურ თემას. თქვენ აქ ხედავთ როგორც თანამედროვე ფერწერას რელიგიურ თემაზე, ისე უნიკალური ფრესკების ასლებს. საინტერესოა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის იდეით ჩვენ ამ ასლებს გადავცემთ ახალგაზრდულ ცენტრს. ასევე ჩვენ მოვაწყეთ კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ 1977 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება, რომელიც ჩვენი ინიციატივით, ფირიდან ციფრულ ფორმატზე გადაიტანეს. ამ ფილმსაც საპატრიარქოს გადავცემთ და იმედი მაქვს, მაყურებელიც იხილავს მას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ქვეყნის პირველ პირს წმინდა გიორგის ხატი აჩუქა, საქართველოს პრეზიდენტმა კი, პატრიარქს უნიკალური ჯიშის არყის ხე უსახსოვრა.

გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი  ქართული კედლის მხატვრობის 50-მდე ნამუშევარი და ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. ფერწერული ტილოების ავტორები ირაკლი ფარჯიანი და მერაბ აბრამიშვილი არიან.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და საზოგადო და კულტურის მოღვაწეები. გამოფენა ამაღლების დღესასწაულზე დაიხურება.

28-29 მაისს ექსპოზიციის ნახვა 12-დან 20 საათამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

Add to Twitter Add to Facebook