მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა

ვილნიუსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და მარტინ შულცმა შეხვედრისას  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტს არაღიარების პოლიტიკისა და სხვადასხვა სფეროში გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის.  

მხარეებმა  საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შესახებ  იმსჯელეს და ყურადღება ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. გიორგი მარგველაშვილმა და ევროპარლამენტის  პრეზიდენტმა  ის პრესპექტივებიც განიხილეს, რაც საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით აქვთ. მარტინ შულცმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ევროპული არჩევანი და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს  საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მათი შეხვედრა ისევ შედგება.
დღესვე დაგეგმილია  საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, ,რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი სამიტის ოფიციალურ ნაწილს დაესწრება. 

Add to Twitter Add to Facebook