მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრეზიდნეტმა გიორგი მარგველაშვილმა და იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ დღეს შეხვედრა გამართეს, რომელზეც მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. 23-პუნქტიანი ერთობლივი დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, დემოკრატიისა და მშვიდობის მხარდაჭერასა და ორ ქვეყანას შორის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ თანამშრომლობას  ითვალისწინებს. მემორანდუმში ორი ქვეთავი  აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებს ეთმობა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით, ჩანაწერი მე-18 და მე-19 თავებში გაკეთდა.

"ორივე მხარე იზიარებს შეხედულებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში [სამხრეთ ოსეთში] კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვით, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ასევე ხაზგასმით აღნიშნავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და ეფუძნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ქართული მხარე გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას რუსეთის განზრახვის გამო, დადოს "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან – აფხაზეთის რეჟიმთან. ორივე მხარე ეწინააღმდეგება მრავალმხრივ მცდელობას შეიცვალოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია მემორანდუმის მე-18 პუნტში.

რაც შეეხება დოკუმენტის მე-19 პუნქტს, ორივე მხარე აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უფლებების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

"განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი უფლება, დაუბრუნდნენ მშობლიურ ადგილებს გაეროს რეზოლუციის შესაბამისად", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იაპონური მხარე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში და იზიარებს ქართული მხარის შეშფოთებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამეკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების გეგმასთან დაკავშირებით.

მემორანდუმში ასევე მოხვდა უკრაინის თემა. ორივე მხარე ამახვილებს ყურადღებას  კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მნიშვნელობის თაობაზე და ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

შეხვედრისა და მემორანდუმის გაფორმების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს. 

Add to Twitter Add to Facebook