მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი :

 

„მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს,  ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს დიდ მეგობარს, ბატონ ანდრის ბერზინშს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა სწორედ დღეს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე კიდევ ერთხელ მწვავედ დადგა ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ გადადგა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელსაც, ფაქტობრივად, ეს ოკუპაცია ანექსიისკენ მიჰყავს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბალტიის ასამბლეა იყო პირველი, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ამ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება.

ჩვენი ლატვიელი კოლეგების ასეთი წარმომადგენლობითი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. აქ ჩვენ ვხედავთ მეგობრობას, მხარდაჭერას, მნიშვნელოვან აქცენტებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის მხარდაჭერას.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს კოლეგებს ლატვიიდან, იმისათვის, რომ ლატვიის პარლამენტმა ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია და საქართველოს გაუხსნა გზა ევროკავშირისაკენ.

შეხვედრისას ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ ბალტიისა და შავი ზღვის აუზის რეგიონებს შორის თანამშრომლობას. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელსაც საქართველო ავითარებს რეგიონში, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც აკავშირებს კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ პროცესის უფრო გაღრმავება და მასში ჩვენი ბალტიელი კოლეგების ჩაბმა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ლატვიის, როგორც მომავალ წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და იმ თანამშრომლობას, რომელსაც ჩვენ გავაღრმავებთ ამ მიმართულებით. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ დიდი პოტენციალის მქონე ორმხრივ ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატი ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის იყო და არის განსაკუთრებით წარმატებული, როგორც ორმხრივ, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფორმატში, მაგრამ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდეს და ამ თვალსაზრისით ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელი ეწერება ხელშეკრულებებს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან.

 

ხაზგასმით მინდა მადლობა ვუთხრა ლატვიის პრეზიდენტს და მთელ ლატვიელ ხალხს, იმ მხარდაჭერისა და ინტერესისათვის, რომელიც, თუნდაც ამ ვიზიტის ფარგლებში, ნათლად გამოვლინდა. ჩვენ გვესტუმრა დელეგაცია, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს,  და განსაკუთრებით მისასალმებელია ის, რომ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები უაღრესად აქტიურად არიან ჩაბმული ამ პროცესში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორი ბიზნესფორუმი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ძალიან წარმატებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც ფონად გასდევს ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის, დაემატება ურთიერთობის გაღრმავება ბიზნესისა და კულტურის სფეროში.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს მისი პირადი თანადგომისათვის. დღეს შეხვედრისას გავიხსენე ჩემი პირველი ვიზიტი ვილნიუსში; ბატონი ბერზინში იყო პირველი პრეზიდენტი, რომელსაც იქ შევხვდი და პირადი ურთიერთობა დღესაც გრძელდება. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი საერთაშორისო ფორუმებზე, იქნებოდა ეს ვილნიუსის, უელსისა თუ სხვა შეხვედრები.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის.“

 

ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში: 

ქალბატონებო და ბატონებო, თქვენო აღმატებულებავ,

მართლაც მოხარული ვარ, რომ ჩამოვედი თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში, საქართველოში. მინდა დიდი მადლობა გითხრათ გულთბილი სიტყვებისათვის, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენს ერებსა და ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა  ურთიერთგაგებისა და პატივისცემის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევების წინაშე დგომის გამოცდილება. ოცი წლის  წინათ ჩვენც ვისწრაფვოდით დამოუკიდებლობისაკენ და ეს ყოველთვის გვემახსოვრება. მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ჩვენს ერებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა.

ბატონ პრეზიდენტთან ჩვენი პირისპირ შეხვედრა ძალზე ინტენსიური და პროდუქტიული გახლდათ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყნებს საერთო ინტერესები აკავშირებს, ჩვენ ვმსჯელობთ რიგ საკითხებზე და ვიმსჯელებთ მომავალშიც. ჩვენი პროგრამის ფარგლებში გავმართავთ  შეხვედრებს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლებმა  უკვე გამართეს ძალზე წარმატებული შეხვედრები. ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ რამდენიმე ხელშეკრულებას. ჩვენ ასევე შევხვდებით პარლამენტის წევრებს, სახელმწიფო მინისტრებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს სურვილს - უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსთან.

რა თქმა უნდა, ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკური ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებაა. მე ვთვლი, რომ ეს ვიზიტი იქნება  ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საწინდარი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როგორც ლატვიამ, ისე საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი ევროპული კურსი და მზაობა ხელი შეუწყონ მშვიდობას ევროპაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს  წევრი ქვეყანა გავხდით, მეტი შესაძლებლობა მოგვეცა დაგვემყარებინა ურთიერთობა ტრანსატლანტიკური მიმართულებით კანადასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 

მინდა გითხრათ, რომ ვიზიტის ფარგლებში სამოცდაათზე მეტი ბიზნესმენი მახლავს სწორედ იმისათვის, რომ ახალი კონტაქტები ჩამოყალიბდეს ჩვენს მხარეებს შორის, გაღრმავდეს თანამშრომლობა და ერთობლივად მრავალი მნიშვნელოვანი ბიზნესპროექტი შევიმუშაოთ. პრეზიდენტ მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს როლის მნიშვნელობის შესახებ.  განვიხილეთ, თუ როგორ უნდა დაახლოვდნენ საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების დაახლოება სასარგებლო იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ხვალ ჩვენ განვაგრძობთ მსჯელობას ამ საკითხებზე, ასევე ვიმსჯელებთ განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მნიშვნელობის შესახებ. ეს ჩვენს ქვეყნებს უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს გახდის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ხელს მოვაწერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას განათლების სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროს წარმომადგენლების ორმხრივი შეხვედრა.

საუბრისას ასევე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს  ევროატლანტიკურ მისწრაფებას. კიდევ ერთხელ მსურს დავადასტურო ჩვენი ცალსახა და მყარი პოზიცია - ლატვია მხარს უჭერს იმ გზას, რომელიც აირჩია საქართველომ - მის ევროატლანტიკურ კურსს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება. ჩვენ რეფორმების დიდი გზა გავიარეთ და შეგვიძლია გამოცდილება გაგიზიაროთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაინერგოს და შესრულდეს ყველა სტანდარტი და ვალდებულება.

ლატვია, როგორც ბრძანეთ, 2015 წლის პირველ ნახევარში იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. აღმოსავლეთ პარტნიორობა იქნება  უმთავრესი პრიორიტეტი  ჩვენი პრეზიდენტობის პერიოდში. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც მომავალ წელს გაიმართება რიგაში, საშუალებას მოგვცემს დავინახოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საქართველომ.

ლატვია აფასებს საქართველოს როლს ნატოსთან ურთიერთობაში, მასთან თანამშრომლობას, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება. საქართველომ დაამტკიცა, რომ ძალზე საიმედო პარტნიორია. ამის მაგალითია ქართული მისია ავღანეთში. უელსში, ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დიდ შესაძლებლობას აძლევს.

ისტორიულად არსებული ტრაგიკული მაგალითები ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს.  ნებისმიერი კონფლიქტი ერთობლივად, მოლაპარაკების გზით, მშვიდობიანად უნდა მოვაგვაროთ. ლატვიას სურს კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ ცალსახად უჭერს მხარს  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მიმაჩნია, რომ რუსეთსა და აფხაზეთის რეგიონს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან უკანგადადგმული ნაბიჯია და უფრო ართულებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ეჭვქვეშ აყენებს რეგიონის სტაბილურობის საკითხს. ვფიქრობ, რომ მხარეებმა თავი უნდა აარიდონ დესტრუქციულობას.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გულისხმიერებისა და კეთილი მასპინძლობისათვის.

 

Add to Twitter Add to Facebook