მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

გმადლობთ ბატონო პრეზიდენტო!

ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, პოლონეთში ყოფნა.

ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ვარ  პრეზიდენტ კომოროვსკის, პოლონელი ხალხის ლიდერის სტუმარი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა მადლობა გადავუხადოთ პოლონელ ხალხს წლების განმავლობაში მუდმივი, სტაბილური, მტკიცე, პრინციპული და კეთილგანწყობილი პარტნიორობისთვის.

ისწრაფვის რა ევროპისკენ, საქართველომ იცის, რომ მას ჰყავს ძალიან მტკიცე მეგობარი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს რთულ ვითარებასა თუ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გვაქვს  განსაკუთრებულად წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობა.

ჩვენი მისწრაფება ევროპისკენ მტკიცეა, ისევე, როგორც მტკიცეა ჩვენი მისწრაფება ნატოსკენ და მტკიცენი ვართ ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისითაც, ყოველივე ეს კი არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.  

მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო თქვენს დიდებულ ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი, ასევე ევროკავშირში გაწევრების მე-10  და ნატოს წევრობის მე-15 წლისთავი. ჩვენც იგივე მიზანი გვამოძრავებს და მთელი ამ წლების განმავლობაში პოლონელი ხალხი არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერით თვალსაზრისით, არამედ გამოცდილების გაზიარების მხრივაც გვეხმარებოდა.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით კვლავ გრძელდება, რაც კარგად აისახა ადგილობრივი მმართველობის კანონმდებლობაზე და განხორციელდება მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მზად ვართ გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და პოლონეთს შორის ბიზნესისა და ფინანსური თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.

კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი დღისათვის, არაჩვეულებრივი ემოციებისა და საუცხოო ვიზიტისთვის.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ პოლონური გუნდის მიერ შესრულებული  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და დახვეწილი იყო, რაც კი აქამდე მომისმენია.

ჩვენთვის უზომოდ სასიამოვნოა აქ ყოფნა და მოუთმენლად ველით არსებული ურთიერთობის განმტკიცებას, თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ერთობლივ, ეფექტიან  მუშაობასა და წინსვლას დასახული მიზნისკენ - ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას.

გმადლობთ.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი

მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო - მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველი ევროპული ვიზიტით სწორედ პოლონეთში იმყოფება; რაც გამოხატავს პოლონეთთან თანამშრომლობის ნებას და იმას, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი იაროს გზით, რომელიც მიიყვანს დასავლურ სისტემასთან, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პროექტებთან.

პოლონეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს, მონაწილეობა მიიღოს როგორც ევროპულ, ისე ნატოს პროექტებში. ბატონ პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ კვლავაც განვაგრძობთ მხარდაჭერას ამ მიმართულებით.

დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მიზანი, რომელსაც პოლონეთი მხარს უჭერს, არის ამბიცია, უმოკლეს დროში მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის კრიზისისა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის ფონზე.  

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი თვალსაზრისი  აბსოლუტურად ემთხვევა და გვჯერა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დასავლეთის მხრივ საუკეთესო რეაგირებაა რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილ ვითარებაზე. უკრაინაც ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის კანდიდატია. ეს გამოხატავს დასავლეთისა და პოლონეთის მტკიცე გადაწყვეტილებას.  

ამას გარდა, ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას.

Add to Twitter Add to Facebook