მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების სადღეგრძელოები წარმოთქმული ოფიციალურ სადილზე

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების სადღეგრძელოები წარმოთქმული ოფიციალურ სადილზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო,

ქალბატონო კომოროვსკა,

მე, მაკას და მთელ ჩვენს დელეგაციას, უპირველესად, გვსურს გამოვხატოთ ის განსაკუთრებული განცდა, რომელიც დღეს დილიდან დაგვეუფლა.

ეს არის განსაკუთრებული გრძნობა - მეგობრობის, სითბოს გამოვლენის... განსაკუთრებული გრძნობა იმისა, რომ ჩვენ აქ გვაფასებენ, ვუყვარვართ და ფიქრობენ მომავალზე ჩვენთან ერთად.

ამ გრძნობის შესახებ ჩვენ ისტორიიდან, ჩვენი ერების უახლესი ისტორიიდან ვიცოდით, მაგრამ შეიგრძნო ეს თითოეულ შეხვედრაზე, მართლაც განსაკუთრებული განცდაა.  

განსაკუთრებული იყო ის ემოცია, რომლითაც ჩვენი პოლონელი მეგობრები გვიღებდნენ.

უპირველესად, ქართველი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს  მასპინძელსა და მთელ პოლონელ ერს.

თქვენს მხარდაჭერას ჩვენ წლების განმავლობაში ვგრძნობდით. უამრავი სირთულე დავძლიეთ იმ რწმენით, რომ ევროპაში არის ქვეყანა, ევროპაში არის ერი, რომელიც იმავე ფასეულობებს იცავს და გული თავისუფლებისკენ სწრაფვის გრძნობით უძგერს.   

ჩვენ არა მხოლოდ გვესმის ერთმანეთის, არამედ პატივს ვცემთ ერთმანეთის მისწრაფებებს და ერთნაირად ვფიქრობთ მომავალზე; ეს გრძნობა კი  რთულ ვითარებაში უზომოდ გვაძლიერებს.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ პოლონეთის დამოუკიდებლობის 25-ე, ევროპის წევრობის მე- 10 და ნატოში გაწევრების მე-15 წლისთავს - ეს არის გზა, რომელსაც საქართველო აუცილებლად გაივლის.

როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ მწვერვალები გვაქვს დასაპყრობი და ვიცით, რომ ეს ძალზე სასიამოვნო გრძნობაა.

ამ მწვერვალებს ჩვენ აუცილებლად დავიპყრობთ და უზრუნველვყოფთ საქართველოს უსაფრთხო მომავალს იმავე გზის გავლით, რომელიც თქვენ უკვე გაიარეთ.

მჯერა, რომ ამ მწვერვალებს სწორედ თქვენთან ერთად დავიპყრობთ, რადგან დღეს გამართული თითოეული შეხვედრისას, ჩვენ ვიყავით პარტნიორები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ, დაეხმარონ ერთმანეთსა და სხვებს სწორი გზით სვლაში.

ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ამ შესანიშნავი დღისთვის და ფასდაუდებელი გამოცდილებისთვის.

ნება მიბოძეთ, მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ შესაძლებლობა მომეცით ევროპის ქვეყნებიდან პირველად სწორედ ვარშავას ვწვეოდი.

ჩემი ყველა პარტნიორისა და კოლეგის სახელით მინდა საქართველოდან გულთბილი სალამი გადმოგცეთ.

ვიცი, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, ვიცი რომ გვყავს მამაცი, გაბედული, გონიერი და თბილი მეგობრები ევროპაში.

მჯერა, რომ ეს გზა იქნება წარმატებული.

მინდა შემოგთავაზოთ საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობის სადღეგრძელო, რომელიც, ღრმად მწამს, წაადგება ევროპას და მთელ მსოფლიოს.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი კომოროვსკების ოჯახს.  

 

Add to Twitter Add to Facebook