მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ლიდერებმა შეხვედრისას განხილული საკითხები შეაჯამეს და ყურადღება თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილეს.

„საუბრისას, უპირველესად, მადლიერება გამოვხატეთ იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენსა და ფრანგულ მხარეს შორის სულ უფრო ღრმავდება. ეს არის თანამშრომლობა საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ის შეთანხმებები, რომლებსაც მივაღწიეთ ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან შეხვედრისას, მიაღწიეს  შეთანხმებას ქართულ-ფრანგული ურთიერთობის გაღრმავების შესახებ. მისი თქმით, ამ ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყნის თანამშრომლობა ახალ იმპულსს შეიძენს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს და ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებული წესით ხელმოწერის მნიშვნელობას.

„ასოცირების ხელშეკრულება ახალ შესაძლებლობას უქმნის როგორც ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას, ისე ბიზნესპროექტებსა და ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას. ყურადღება გავამახვილეთ „თბილისის სამიტი 2014“ მნიშვნელობაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ  გაიმართა. საუბრისას შევეხეთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპისთვის. განვიხილეთ  ენერგოუსაფრთხოების პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის ლიდერმა ყურადღება მიმდინარე  ეკონომიკურ პროექტებზე გაამახვილა  და აღნიშნა რეგიონში საქართველოს როლი ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.  

„ბატონმა პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, და მე მას დავარქმევდი სამი ზღვის – კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის პროექტს, რომელიც იმსახურებს ყურადღებას და, შესაბამისად, გაგრძელებას.  ამ მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამ პროექტის რეალიზება შესაძლებლობას მოგვცემს გავაერთიანოთ ის რეგიონები, რომლებიც დღეს ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის სფეროში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გამოსვლისას ფრანსუა ოლანდმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

„რამდენიმე თვის წინათ შესაძლებლობა მომეცა პირადად გავსაუბრებოდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსის სამიტზე შევხვდი,  პრემიერ-მინისტრს კი - ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ჰააგაში. მე გავიმეორებ იმას, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვახსენე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღესდღეობით არ არის დაცული და აღდგენილი, სამწუხაროდ, ეს პრობლემა კვლავ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, 2008 წლის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლომდე მაინც არ სრულდება", - განაცხადა საფრანგეთის პირველმა პირმა.  

თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ფრანსუა ოლანდს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლიერებთ აღვნიშნო, რომ საფრანგეთი კვლავაც მკვეთრად გამოხატავს საკუთარ პოზიციას საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით. პრობლემები ჩვენთვის გამძაფრდა 2008 წელს და ფრანგი მეგობრებისგან მაშინ სერიოზული მხარდაჭერა  ვიგრძენით. ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრიობის  შენარჩუნებაში. სამწუხაროდ, 2008 წელს მიღწეული შეთანხმებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ამუშავებული. ამ თვალსაზრისით, 2014 წელს უკრაინაში შექმნილი ვითარება არის იმ პოლიტიკის გამეორება, რომელიც 2008 წელს დაიწყო. პრივილეგირებული ინტერესების სფეროები - ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და საქართველო იყო ამ პროცესის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Add to Twitter Add to Facebook