მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ!

მსურს გულითადად მივესალმო ჩვენს ახლო მეგობარს, სომხეთის პრეზიდენტს აქ, თბილისში.

მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე თვეში ვესტუმრე ერევანს, სადაც უაღრესად თბილი შეხვედრა გაიმართა.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ახლო მეზობლისა და მეგობრის სომხეთის პრეზიდენტი პირველივე წელს თბილისს საპასუხო ვიზიტით ეწვია.

ეს არის ჩვენს ერებსა და ქვეყნებს შორის ახლო თანამშრომლობის ხაზგასმა.

ჩვენ ასევე შევხვედრივართ ერთმანეთს საერთაშორისო ფორუმებზე და მუდმივად გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა, მაგრამ დღეს, ახალი ნაბიჯების გადადგმის წინ, ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც იცით, 27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების  ხელშეკრულებას, ხოლო ჩვენი მეზობლები სულ მალე გაწევრდებიან ევრაზიის საბაჟო კავშირში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნების მომავლისთვის მხოლოდ პოზიტიური შედეგი ექნება.

საქართველოსა და სომხეთის სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით, გვაქვს პოზიტიური, ზრდის დინამიკა, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო მეტი იმპულსი მიეცემა.

მე და სომხეთის პრეზიდენტს ყველა ამ და სხვა - კულტურის, მეცნიერების, განათლების სფეროების მიმართულებით გვაქვს ერთნაირი ხედვა.

ჩვენ ერთნაირად ვხედავთ მომავალს, რომელიც ურთიერთობისა და თანამშრომლობის მხოლოდ გაღრმავების პერსპექტივა აქვს.

ჩვენ დღეს საღამოს დავესწრებით საიათნოვას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს, რომელიც, გარკვეულწილად, ასახავს კიდეც ჩვენს ურთიერთობას.

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში და ხაზგასმით აღვნიშნო ჩვენი ურთიერთობის პოზიტიური დინამიკით განვითარების ფაქტი.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩამობრძანებისთვის, ბატონო პრეზიდენტო!

 

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ გულთბილი სიტყვებისთვის.

მოხარული ვარ, რომ ჩემი ქართველი კოლეგა-მეგობრისგან მოწვევა მივიღე და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთგაგებისადმი.

ჩვენ მართლაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოში ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც გვქონდა ძალზე კონსტრუქციული საუბრები და განვიხილეთ ორივე მხარისათვის მთელი რიგი საინტერესო საკითხები.

ეს საკითხები მეტად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ იმ გეგმების ხორცშესხმას, რომლებიც ქართულ-სომხური პარტნიორობის შემდგომი კონსოლიდაცისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით დავსახეთ.

ეს გახლავთ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტი და ერთ-ერთი პრიორიტეტი.

ის სტაბილურობა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საკმაოდ მოწყვლადია, მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული იმ ძალისხმევით, რომელსაც მიმართავს სომხეთი და საქართველო.

ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ერთმანეთის გადაწყვეტილებას და ვაცნობიერებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთის პრიორიტეტებს.

მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს სტაბილურობა მთელ რეგიონში და ამ თვალსაზრისით საქართველოს ძალისხმევას მხოლოდ მივესალმებით.

თუ საქართველო და სომხეთი ძლიერია ცალ-ცალკე, ერთად ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი გარანტია სტაბილურობისთვის.

უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა - ვაჭრობა, კომერციული ურთიერთობა, რომელმაც უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები და შეიძინა კონკრეტული განზომილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები და ბევრი სხვა.

გასულ წელს და წელსაც ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ და აღვნიშნეთ ის ზრდა, რომელიც მეტად ხელშესახებია ვაჭრობის თვალსაზრისით.

დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ზრდისთვის ბევრად უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს.

ჩვენ ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას.

დაფუძნდა და მუშაობს არაერთი კომისია და შევთანხმდით, რომ შემდგომი შეხვედრები კიდევ უფრო აქტიურად გაიმართოს და უფრო მეტად იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს საშუალებას მოგვცემს, განვიხილოთ უკვე მიღწეული შეთანხმების შესრულების პროცესი და ვისაუბროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ბუნებრივია, შევეხეთ სომხეთის მონაწილეობას ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის პროცესში.

ჩვენს ქართველ კოლეგებს წარმოვუდგინეთ ის სამუშაო, რომელიც სომხეთის მიერ ამ მიმართულებით უკვე განხორციელდა  და ვისაუბრეთ ჩვენი მომავალი პროექტების შესახებ.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას ეკონომიკის მიმართულებით.  

27 ივნისს საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, გააფორმებს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და გახდება ამ სივრცის განუყოფელი ნაწილი. ღრმად მწამს, რომ გაჩნდება კიდევ ერთი შესაძლებლობა, მათ შორის, ჩვენი მეწარმეებისათვის და გაიზრდება ინვესტიციები ჩვენს ქვეყნებს შორის.

მეორე მხრივ, სომხეთის წევრობა ევრაზიის საბაჟო კავშირში, გარკვეულწილად, პერსპექტივა იქნება იმ ქართველი მეწარმეებისათვის, რომელთაც სურთ ინვესტიციები ჩადება სომხეთში და მათთვის, ვისაც სურს ახალი ბაზარი მოიპოვოს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასა და მთლიანად რეგიონში.

ამას გარდა, ვისაუბრეთ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე, რათა შემუშავდეს კონსტრუქციული მიდგომა განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებთან დაკავშირებით.

თითოეული ქვეყნისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და საქართველოს პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით გადაიჭრას.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ჰუმანიტარულ სფეროში.

ჩვენი თანამშრომლობა ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარულ სფეროში. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ამ რეგიონში ვცხოვრობთ და უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ვაძლიერებდით, მხარს ვუჭერდით და ვამდიდრებდით ერთმანეთს კულტურული თვალსაზრისით.

თქვენ გაამდიდრეთ სომხური კულტურა, ჩვენ კი, გარკვეულწილად - ქართული კულტურა.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს საიათნოვას იუბილესთან დაკავშირებული კონცერტის ორგანიზებისთვის. ხელოვნება ჩვენი ქვეყნების ორმხრივი გამდიდრების ნათელი მაგალითია.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მიღებისათვის. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მოძმე საქართველოში.

გმადლობთ.

Add to Twitter Add to Facebook