მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციულ შენობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები და საგანგებოდ მოწვეული პირები მონაწილეობდნენ. საბჭომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების - „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ - გაფორმებასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილა და საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებების კოორდინაციაზე იმსჯელა.

სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„ჩვენ შევხვდით ძალიან მტკივნეულ და ურთულეს თემასთან დაკავშირებით, რომელიც  შეეხება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ოსეთში. განხილვის თემა იყო ის, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც შექმნილია აფხაზეთის საკითხზე. განვიხილეთ, გავაანალიზეთ მიმდინარე ქმედებები, ის, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ასევე ის ნაბიჯები, რასაც კოორდინირებულად გადადგამს მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი", - განაცხადა  საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სხდომის მსვლელობისას კოორდინირებულად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.  

"კარგი საუბარი გამოგვივიდა, კარგი მსჯელობა გვქონდა. ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ დღეს გამოვაჩინეთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა და დღეს მოხდა ამის ნათელი დემონსტრირება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია, უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები და საგანგებოდ მოწვეული პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე იმყოფებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; ასევე პარლამენტის დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი, თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე.

 

Add to Twitter Add to Facebook