მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობასა და იაპონელ ხალხს ასეთი გულითადი მიღებისთვის.

იაპონური კულტურის პატივისცემა, კიდევ უფრო გამიღრმავა ამ ვიზიტმა.

მოხარული ვართ, რომ დღეს ვსტუმრობით იმპერატორს და მის მეუღლეს და მადლობას ვუხდი მათ გულთბილი მიღებისთვის.

გვქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრები იაპონიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან;

ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს იაპონელ მეგობრებს იმ ნაბიჯების დაფასებისთვის, რომლებიც გადავდგით რეგიონში დემოკრატიის განვითარებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის.

მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობას იმისათვის, რომ განაგრძობს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის მხარდაჭერას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების აუცილებლობის ჩათვლით.

ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ იაპონიის შემდგომ ნაბიჯებს აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა საერთაშორისო თვალსაზრისით, რადგან იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი დემოკრატიაა, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა კი უფრო მტკიცედ უნდა აიმაღლონ ხმა, მათ შორის გაეროს ფორმატში.

მადლიერი ვართ იაპონიის მთავრობის იმისთვის, რომ მხარს გვიჭერს ყველაზე პრობლემურ საკითხში - ოკუპირებული ტერიტორიების  მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებაშიც ანექსიის მცდელობას ვხედავთ.

ასევე მადლობას ვუხდით იაპონურ მხარეს იმისთვის, რომ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა საქართველოს სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით, ვაფასებთ იმას, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად იაპონურმა მხარემ გამონახა დრო ემსჯელა ამ საკითხის თაობაზე.  

მადლობას ვუხდით იაპონიის მთავრობას, ჩვენი ქვეყნის განვითარების პროექტების მხარდაჭერის გაგრძელებისათვის.

მოხარული ვართ, რომ ახლახან, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც მჯერა, რომ არის ახალი ნაბიჯი საქართველო-იაპონიის ურთიერთობაში და მშვიდობას, კეთილდღეობას და უკეთეს გარემოს მოუტანს რეგიონსა და, ზოგადად,  მთელ მსოფლიოს.  

 

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო იაპონიის მეგობარი ქვეყანაა, რომელიც იზიარებს ჩვენს საერთო ფასეულობებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატიული პრინციპები და კანონის უზენაესობა.

მე და საქართველოს პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ  მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, შეგვეცვალა საქართველოს სახელწოდება, რომლითაც ქვეყანას მოვიხსენიებდით იაპონიაში. ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეისწავლოს ეს საკითხი და „გრუზია“-ს ნაცვლად, საქართველო მოვიხსენიოთ „ჯორჯია“-ად.   

რაც შეეხება ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებს, ჩვენ ვაფასებთ საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, რომელიც თანამშრომლობის მხრივ ავითარებს მარკეტინგულ მიმართულებას და კარგ შესაძლებლობას ქმნის ჩვენს ქვეყნებს შორის  ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებისთვის.

შემდეგი, რაც შეეხება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, მე მას გავაცანი ჩვენი გადაწყვეტილება, დახმარების თაობაზე, რომლის მიზანი საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებაა.

პრეზიდენტს მოვახსენე მშვიდობის დარგში მონაწილეობის პროაქტიული პოლიტიკის შესახებ და აღვნიშნე, რომ დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს საერთაშორისო დონეზე.

ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ორივე ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს ამ მიდგომებს და უფრო აქტიური როლი შეასრულოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ იაპონიის პოზიცია და დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ საკითხების მშვიდობიან მოგვარებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით.  

ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დიალოგისკენ.

რაც შეეხება გლობალურ საკითხებს, როგორიცაა ვითარება რეგიონში და გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება, ამ მხრივ, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავუზიარეთ.  

Add to Twitter Add to Facebook