მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი მოკავშირეების დელეგაციას და გამოვხატო სრული მხარდაჭრა იმ ერთობლივი ხედვისა და კურსის მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირე და მომავალი წევრი.

ამასთან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ზე, უპირველესად, მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ ადამიანებს - ქართველებს, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ერთად იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას.

მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.

ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტული დღის წესრიგის შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს უელსის სამიტის შემდეგ.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ ისტორიული არჩევანის შესახებ, იმ ევროპული და ევროატლანტიკური  არჩევანის შესახებ, რომელშიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება.

ამას გარდა, ვისაუბრეთ იმ ერთიანი დღის წესრიგის თაობაზე, რომელსაც საქართველო ავითარებს როგორც უელსის სამიტისა და ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებების კონტექსტში, ისე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის თვალსაზრისით.  

ბუნებრივია, საუბარი შეეხო რეგიონში სტაბილურობას, იმ სირთულეებს, რომლებსაც იწვევს დაძაბულობა და კონფლიქტი უკრაინაში; იმ სირთულეებს, რომლებიც გამოიწვია ხელშეკრულების დადებამ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.

ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონში, როგორც ქვეყანას, რომელიც ავითარებს სტაბილურობის, თანამშრომლობისა და, გლობალურად, რეგიონის მშვიდობიანი განვითარების მხრივ.   

მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბატონ ვერშბოუს ამ ვიზიტისთვის და იმ შინაარსობრივი დღის წესრიგისთვის, რომელიც განხილული იყო საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, ასევე იმ მომავალი ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ჩვენ ერთად გადავდგამთ.

 

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ

დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, მოხარული ვარ, რომ თბილისში დავბრუნდი.

ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დგას ეს რეგიონი და მთლიანად ევროპა.

საქართველო არის ნატო-ს ძლიერი პარტნიორი.

ქართველმა ხალხმა გააკეთა ევრო-ატლანტიკური არჩევანი - ეს მისი არჩევანია და არავის არ აქვს ჩარევის უფლება.

საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ჩვენი სრულფასოვანი მოკავშირე და ეს კარგად ჩანს  ავღანეთის მაგალითზე.

ამას გარდა, საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ სვლას, რეფორმების განხორციელებას, იუსტიციისა და სასამართლო სისტემის გამოსწორებას.  

გასული წლიდან კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის.

ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც გააძლიერებს ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობას.

ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გახდის თავსებადს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს არმიებთან; ეს პაკეტი იქნება კარგი საფუძველი საქართველოსთვის, მისი მომავალი წევრობისთვის.

ნატო-ს პრინციპები ნათელია და არ შეცვლილა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომელმაც უკვე აირჩია თავისი მოკავშირეები.

2008 წელს ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი მაშინ, როდესაც სრულად დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და არც შეიცვლება - საქართველო გახდება ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რასაც საქართველო წლების განმავლობაში აცხადებს -  ქვეყანა მზად არის მშვიდობიანი გზით გადაჭრას პრობლემა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქმე უფრო რთული ხდება იმ უკანონო ხელშეკრულების გამო, რომელიც ნატო-მ უკვე დაგმო.

საქართველო არის მაგალითი რეგიონისათვის; ის არის უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ.

ეს არის ქვეყანა, რომელიც იცავს თავის სუვერენულ არჩევანს, გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი და ევროპის ნაწილი.

მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს - საქართველო ამას აკეთებს,  ნატო კი გააგრძელებს ამ პროცესში თქვენს დახმარებას.

გმადლობთ.                  

 

Add to Twitter Add to Facebook