მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე

ბატონო  მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო!

ბათუმში უკვე  ტრადიციად იქცა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გამართვა.

ეს გახლავთ ძალიან დროული ღონისძიება, რადგან საქართველო, რეგიონი და გლობალურად რომ ვიმსჯელოთ, მთელი მსოფლიო, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ვაწყდებით სერიოზულ გამოწვევებს.

ამ გამოწვევებს ესაჭიროება დროული, ოპერატიული და გააზრებული პასუხი. 

როგორ აღვიქვამთ პროცესებს ჩვენ და რა არის ქართული მხრის პასუხი?

ჩვენს ქვეყანაში  სამი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა, რომლებმაც დაამტკიცა, რომ საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა და სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.

ეს გახლავთ გზა, ეს გახლავთ მიმართულება, რომელიც განსაზღვრავს სტაბილურობას  ქვეყნის შიგნით და, ამავე დროს, არის გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, რომელიც დემოკრატიას მიიჩნევს  ყველაზე უფრო სტაბილურ გზად საზოგადოების ორგანიზებისთვის.

ამ თვალსაზრისით, დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესი საქართველოში დასკვნით ეტაპამდე მივიდა. საქართველოს ყველა მოქალაქე მიიჩნევს, რომ სისტემა დამოკიდებულია საზოგადოების თითოეულ წევრზე.

ჩვენ ძალზე აქტიურად ვართ ჩართული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში.

რეფორმებს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა, ჩვენმა პარტნიორებმა  ძალიან მაღალი შეფასება მისცეს.

საქართველოს სამხედრო მოსამსახურეთა პარტნიორობამ მოგვცა იმის თქმის შესაძლელობა, რომ 11 ათასი ქართველი სამხედრო მოსამსახურე სრულად შეესაბამება იმ სივრცის სტანდარტებს, რომლის ნაწილიც გვსურს გავხდეთ.

ჩვენი მონაწილეობა საერთაშორსიო მისიებში, მონაწილეობა ISAF-ის მისიაში, ჩაბმულობა ევროკავშირის ოპერაციებში აფრიკის კონტინენტზე ადასტურებს ჩვენს შემართებას, ჩვენს პასუხისმგებლობას გლობალური უსაფრთხოების მიმართ.

მისი ფორმირება მსოფლიო მაშტაბით ხდება და ჩვენს რეგიონსაც უნდა მოიცავდეს.

ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ნაწილი გახლავთ მჭიდრო თანამშრომლება მეზობლებთან.

ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მეზობლებთან ქვეყნის კეთილდღეობისა და ჩვენი მრავალეთნიკური ერის უკეთესი მომავლისათვის. მეზობელ აზერბაიჯანთან ძალიან მტკიცე ვალდებულებას ჩავუყარეთ საფუძველი, რათა უზრუნველვყოთ ენერგოუსაფრთხოების გზა ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპაში.

ჩვენ გვჯერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი გახლავთ ის, რომ ვეძებთ მეგობრებს და არა მტრებს.

რამენიმე წუთის წინ ჩვენ ტაშით აღვიშნეთ მხარდაჭერა ჩვენი დელეგაციის მიმართ, რომელიც რამდენიმე საათში ევროკავშირთან ისტორიულ ხელშეკრულებას - ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ეს უნდა იყოს კეთილდღეობის მომტანი ქართული საზოგადოებისთვის, გააძლიერებს და სტაბილურს გახდის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შექმნის უფრო პასუხისმგებელ და საჭიროებებზე ორიენტირებულ მთავრობას, გაზრდის ტურისტულ მიმართულებას, ეკოლოგიურს, გააძლიერებს საგანმანათლებლო სისტემებს და შესაბამისობაში მოიყვანს ევროპულ ხარისხთან.

ამ თვალსაზრისით, მე მტკიცედ მწამს, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც რამდენიმე საათში მოეწერება ხელი,  მხოლოდ დასაწყისი იქნება იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მთელი ერი მტკიცედ აცხადებდა - ასოცირების ხელშეკრულება არის ახალი ნაბიჯი ევროკავშირის სრულ წევრობამდე. ჩვენ გამოვიყენებთ ამ სარგებელს და ფორმებს, როგორც განაცხადს ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრებლად.

როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის დამდეგს უზარმაზარი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით უკრაინაში.

ნება მომეცით, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც დღეს ოკუპირებულია.

ამავდროულად, მოდით, ყველამ მცირედი პასუხისმგებლობა მაინც გავიზიაროთ უკრაინაში წელს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - იმის გამო, რომ 2008 წლის ომი ექვსი წლის განმავლობაში საბოლოოდ არ შეფასებულა, ყირიმის ოკუპაციის შესახებ გადაწყვეტილება ასე სწრაფად და მტკიცედ მიიღეს.

შემიძლია განვაცხადო, რომ 2008 წელს მიღწეული ზოგიერთი ძირითადი შეთანხმება, დღესაც არ შესრულებულა ყველა ჩვენგანის, საერთაშორისო საზოგადოების მიერ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სტატუსი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული თუნდაც იმ ხელშეკრულებათა ფარგლებში, რომლებიც მიღებულ იქნა 2008 წლის აგვისტოში.

აქედან გამომდინარე, ყირიმში მომხდარზე პასუხისმგებლობის წილი ჩვენც მიგვიძღვის.

ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ უკრაინის პრობლემების გადაწყვეტის საქმეში ჩვენ ვიქნებით ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ისევე როგორც, რა თქმა უნდა, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად.

ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ეს საკითხები უნდა გადაწყდეს და არასოდეს არ უნდა ამოვიღოთ დღის წესრიგის ძირითადი თემებიდან.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კონკრეტულ,  ეფექტიან  რეაგირებას ახდენს. საქართველოც არის ამ საზოგადოების ნაწილი. ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ყველა იმ ღონისძიებაში, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ახორციელებს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.

უკრაინის კრიზისი ეხმაურება ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს. საქართველოს ე.წ. საზღვარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონფლიქტურ ტერიტორიასთან 11 კილომეტრით გადმოწიეს ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში.

ეს მოხდა 2014 წლის ოლიმპიადის წინ.

ჩვენ გვეგონა, რომ ამ ზომებს გააუქმდნენ და სასაზღვრო ზოლი ძველ ნიშნულს დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

ჩვენ კვლავაც ვრჩებით იმ ხელოვნური საზღვრებისა და მავთულხლართების გავლების მოწმე,  რომელთაც, რა თქმა უნდა, არ აქვს არავითარი სამხედრო დანიშნულება - მათი გავლების მიზანი ერთია - დააშოროს ერთმანეთს ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობს ერთად, აქვთ საერთო ოჯახები, საერთო ინტერესები და საჭიროებანი, და პროცესის დეესკალაციისა და საზოგადოებათა უფრო დაახლოებისათვის მეტი შესაძლებლობების შექმნის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ მავთულხლართებს, მოსახლეობის გატაცებას.

ამავდროულად, ამავე კონტექსტში ძალიან მტკიცედ გაცხადდა, რომ არ იქნება ჩვენს წინ არსებული პრობლემების სამხედრო გზით გადაწყვეტის არავითარი მცდელობა.

რეალურად, როდესაც ჩვენ ვეძებთ ამ პრობლემების გადაწყვეტის გზას, ჩვენ ვეყრდობით ჩვენს უცხოელ მეგობრებს, საერთაშორისო პარტნიორებს, იმ ხელშეკრულებას, რომელსაც რამდენიმე საათში მოეწერება ხელი.

ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს გავუზიარებთ იმ სარგებელსა და დადებით მხარეებს, რომელსაც მოგვიტანს ასოცირების ხელშეკრულება, ასევე ის, რომ გავხდებით ევროპის ნაწილი.

სტაბილური დემოკრატიისგან მიღებულ სარგებელს გავუზიარებთ პოლიტიკურ, ეთნიკურ და სოციალურ ჯგუფებს საქართველოში და ეს უზრუნველყოფს სტაბილურ, ევროპულ, ერთიან სახელმწიფოს, სადაც გათვალისწინებულია ყველა ჯგუფის ინტერესი და ყველას ერთნაირად სცემენ პატივს.

ამავე დროს, ჩვენ ვაშენებთ უსაფრთხო ქვეყანას, სტაბილურ საზოგადოებას.

რეალურად, ჩვენ ვქმნით დიდ შესაძლებლობას ყველა ჩვენი მეზობლისათვის და მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ, ნატოსაკენ, არ არის გზა, რომელიც უპირისპირდება ვინმეს რეგიონში. პირიქით, ჩვენი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში, ნიშნავს უფრო სტაბილურ, ეკონომიკურად განვითარებულ, სიცოცხლისუნარიან, აყვავებულ მეზობელს.

ეს არის არგუმენტი და გზავნილი ყველასათვის რეგიონში - სტაბილური საქართველო, რომლის ტერიტორიებიც ერთიანია, მეზობლების მიმართ აქვს მხოლოდ მშვიდობიანი ვალდებულებები და გეგმები, არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. ამ გზით [ნატო-ს საშუალებით] ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებას.

სწორედ ამიტომ, თუ შევაჯამებთ ბოლო წლების ძალისხმევას, თუ შევაჯამებთ დემოკრატიულ რეფორმებსა და ჩვენს მეტად სტაბილურ, მტკიცე, მაგრამ მშვიდ საგარეო პოლიტიკას, თუ შევაჯამებთ სამხედრო სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ჩვენს წვლილს გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე დემოკრატიისა და თავისუფლების ფასეულობების მხრივ, გვჯერა, რომ უელსში გვექნება ძალზე ადეკვატური პასუხი საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით - რამდენიმეწლიანი სტატუს-კვოს შემდეგ, ჩვენ ველოდებით ძალიან ნათელ, კონკრეტულ და შესაბამის პასუხს ჩვენი დემოკრატიული მიღწევების პასუხად.

მსოფლიო დემოკრატია უნდა იყოს დაცული და დემოკრატიებმა უნდა დაიცვან ერთმანეთი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

საერთო ფასეულობები დაცული უნდა იყოს ხალხის, პოლიტიკოსებისა თუ საზოგადოებების, მთავრობებისა და მოკავშირეების მიერ.

მჯერა, რომ ჩვენ დავამტკიცეთ, რამდენად ერთგული ვართ ჩვენი საერთო ფასეულობების მიმართ.

მჯერა, რომ ჩვენი მეგობრები მსოფლიოს გარშემო შესაბამისად შეაფასებენ ჩვენს წვლილს.

გმადლობთ და გისურვებთ ნაყოფიერ სამუშაო დღეებს. 

Add to Twitter Add to Facebook