მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ

N 30/12/01     2013  წლის     30  დეკემბერი     ქ. თბილისი

 

1.              „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 1 ნოემბრის N1489-Iს  საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47‑ე მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად, 2014 წლის 3 იანვრიდან  გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი.

2.             საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

3.             მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ საბჭოს წევრის არა უმეტეს 1 კანდიდატისა.

4.             არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

5.             საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

6.              საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) უმაღლესი იურიდიული განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სპეციალობით არანაკლებ 10 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში;

თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7.             საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატის წარდგენა შეიძლება კონკურსის გამოცხადებიდან ათი დღის განმავლობაში.

8.              საბუთები მიიღება მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

9.                 კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნას საკონკურსო კომისია და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.

                                                                                                                                                                                  გიორგი მარგველაშვილი

Add to Twitter Add to Facebook