მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდ

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების შესახებ

N 06/03/01        2014  წლის     6  მარტი     ქ. თბილისი

 

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, 2014 წლის 6 მარტიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;

ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) არანაკლებ 10 წლის (აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

თ) სარეკომენდაციო წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, 2014 წლის 5 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შექმნას საკონკურსო კომისია და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საჭირო ღონისძიებები.

                                                                                                                                                                                       გიორგი მარგველაშვილი

Add to Twitter Add to Facebook