მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვა

ვულოცავ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყრილობის ჩატარებას და ახალი ხელმძღვანელობის არჩევას.

„ქართულმა ოცნებამ“ დიდი როლი შეასრულა ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლასა და შემდგომ, ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესებზე მიმართული, ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაში.

მჯერა, რომ პარტიის ახალი ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნება“ გააღრმავებს და გააძლიერებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა დაუდო სათავე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, მის ყველა წევრს იმ დიდი თანადგომისთვის, რომელსაც საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიწევდნენ. ვუსურვებ მათ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს დემოკრატიის განმტკიცებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში.

ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. ურთულეს პერიოდში საზოგადოების გაერთიანებითა და ქვეყნის  განვითარების კურსის არსებითად შეცვლით, მან უკვე გამორჩეული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში.

ამ შემთხვევაში,  მინდა ბიძინა ივანიშვილზე ვილაპარაკო არა როგორც  საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის გამარჯვებაშიც მან გადამწყვეტი როლი შეასრულა, არამედ როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალქემ და მადლობას გადავუხადო მას ყველაფრისთვის, რასაც ჩემი სამშობლოსთვის 20 წლის  განმავლობაში აკეთებდა.

მსურს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ  ორი წლის წინ მისმა სამოქალაქო გმირობამ იმედი ჩაუსახა უიმედობით მოცულ საზოგადოებას, მოქმედების შესაძლებლობა მისცა დათრგუნულ, რეპრერისებულ სახალხო ენერგიას და, საბოლოოდ, ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა ჩვენი საზოგადოება.  

ბიძინა ივანიშვილის გადასვლა პოლიტიკიდან საზოგადოებრივ ასპარეზზე თანამედროვე პოლიტიკურ კულტურაში ახალი ფასეულობების, უმაღლესი  სტანდარტების დამკვიდრების საწინდარია. 

მე ამაყი ვარ, რომ სწორედ ქართველმა მისცა მსოფლიოს მაგალითი სამშობლოს ასეთი  მსახურებისა.  

ვუსურვებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჯანმრთელობასა და წარმატებებს.

Add to Twitter Add to Facebook